საოცარია, მაგრამ საქართველოში ის დრო დადგა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გადასახადების შემცირებასა და სამართლიანობაზე ზრუნავს. ამის ერთადეთრი მიზეზი 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. დამარცხებული ნაცპარტია ცდილობს როგორმე ის რეიტინგი მაინც შეინარჩუნოს, რომელიც დღითიდღე გაზაფხულის თოვლივით დნება. ამჯერად რეიტინგის შენარჩუნება ნაგავს მიება.
თბილისის მერია დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის განცალკევების რამდენიმე მოდელზე მუშაობს. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კოკი იონათამიშვილის თქმით, რადგან 1000-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა არ ამუშავდება, მერია უკვე მუშაობს რამდენიმე კონკრეტულ ალტერნატიულ მოდელზე, თუ რა სქემით შეიძლება განცალკევდეს დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადი.
„არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, 1000-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა არ იმუშავებს. როგორც ცნობილია ამ 1000-ლარიან ვაუჩერს თბილისის მოსახლეობა, სავარაუდოდ, გამოიყენებდა სწორედ კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის. თუმცა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ეს ვაუჩერი არ იმუშავებს.
შესაბამისად, მერია მუშაობს კონკრეტულ ალტერნატიულ სქემაზე, რომელიც გახდება ცნობილი უახლოეს დღეებში და რომლის განხილვაც საკრებულოს სხდომაზე თვის ბოლოს მოხდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
თუმცა, საკრებულოში უკვე განიხილება საკითხი, რომელიც დასუფთავების გადასახადის საცხოვრებელი ფართის მიხედვით დაწესებას გულისხმობს. თუ ეს იდეა დამტკიცდა, აუცილებელი გახდება თბილისის საცხოვრებელი სახლების კვადრატულობის დათვლა და დასუფთავების გადასახადის ამ მონაცემის მიხედვით განსაზღვრა.
„გადასახადის დაწესების ამ სქემას თავდაპირველად მოსახლეობას გავაცნობთ და თუ შევთანხმდებით პროექტზე, რომელიც ბიუჯეტს არ დააზარალებს და მოქალაქეებისთვისაც მისაღები იქნება, საკრებულო მზადაა მის განსახილვევლად“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
აღნიშნული წესის გადახედვის პირობა თბილისელებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემაც მისცა. მისი თქმით, მართალია, ორი გადასახადის ერთმანეთთან „მიბმის“ გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო და შესაბამისად, ამ წესის შეცვლაც მისი პრეროგატივაა, მაგრამ საკითხი გამორცხული არ არის, პარლამენტის დონეზეც დადგეს.
საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქცია კი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადების განცალკევების საკითხს დასვამს.
როგორც დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, ამ საკითხს ის საკრებულოს პირველსავე სხდომაზე წამოჭრის, რომელიც სავარაუდოდ, 10 დღეში გაიმართება. იგი ასევე საკრებულოს სხდომაზე წყლის და ტრანსპორტის ტარიფების გადახედვის საკითხსაც დასვამს.
სამუშიას თქმით, სხდომაზე ახალ დოკუმენტაციას წარმოადგენენ, რომელიც ყველა იმ დარღვევას ასახავს, რაც საქალაქო ტრანსპორტს შეეხება. სამუშია ძველი თბილისის რეაბილიტაციის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ქდმ კონკრეტული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას მოითხოვს.
სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, თბილისელები ყველაზე დიდ პრობლემად სწორედ დასუფთავების და ელექტროენერგიის ტარიფების გაერთიანებას ასახელებენ. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 66%-მა თბილისში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ამ ორი გადასახადის გაერთიანება დაასახელა.