ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ „ფერსეუ სტრატეჯიმ" და სხვა გავლენიანმა ორგანიზაციებმა, ვაშინგტონში გამოაქვეყნეს 282 გვერდიანი ანგარიში კრემლის პოლიტპატიმრების შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთში დღეისათვის პოლიტპატიმრების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე 70-იან წლებში იყო. პოლიტპატიმრების სიაში არიან ასევე ქართული გვარებიც.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონასთან" საუბარში ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ ანგარიშსაც საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს.
„ეს ანგარიში არავითარ გავლენას არ მოახდენს პუტინზე, პირიქით, პუტინი ამას საკუთარი პროპაგანდისტული ქმედებების განსახორციელებლად გამოიყენებს. ბუნებრივია, პუტინს ჰყავს პოლიტპატიმრები, მაგრამ ცნობილი პოლიტპატიმრები ნაკლებად წარმოჩინდება, ის რამდენიმე ქართველი გვარი კი ჩემთვისაც უცნობია. პუტინს აქვს ეს ჩვევა - ღია კარსაც იტოვებს ხოლმე, ადამიანებს როდესაც იჭერენ, ადმინისტრაციულ ჯარიმას ადებენ და მერე უშვებენ.
„სამწუხაროდ, რუსეთში ოპოზიცია ფაქტიურად არ არსებობს და თუ არის, მათ ძალიან სუსტი პოზიციები უკავიათ. აქედან გამომდინარე, პუტინს არ აშინებს პოლიტპატიმრების რაოდენობაზე დასავლეთი რას დაუწერს. მისმა პროპაგანდისტულმა ორგანოებმა, ტვინი გამოურეცხეს რუსეთის მოსახლეობას და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი ცივი ომის რეციდივები", - აცხადებს ექსპერტი
მაისაიას თქმით, ვლადიმერ პუტინმა ასევე დაიწყო რეპრესიები პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგაც.
„რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტს მიაღებინა კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიების რაოდენობა 61-დან შეიძლება დავიდეს-25 მდე. ანუ, თუ პოლიტიკურ პარტიას არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში ან არჩევნებში ლოკალურ, ფედერალურ და რეგიონალურ დონეებზე ერთხელ მაინც შვიდი წლის განმავლობაში, პოლიტიკური პარტია ავტომატურად ამოიღება რუსეთის სამინისტროს რეესტრიდან.
„ეს ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტია არჩევნებს გამოუცხადებს ბოიკოტს, რამდენიმე ხანში ეს პარტია შეიძლება გაუქმდეს. მაგალითად, პარტია „იაბლოკომ"უარი განაცხადა მიეღო მონაწილეობა წინა არჩევნებში, ანუ ბოიკოტი გამოუცხადა. პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური პარტიის კანონიერი უფლება კონსტიტუციურად და პუტინი ამ უფლებასაც კი ართმევს პოლიტიკურ პარტიებს.
„პუტინი მიექანება იქითკენ, რომ იმაზე უფრო მეტად არღვევს დემოკრატიის ხარისხს და აკნინებს დემოკრატიას რუსეთში, რომ ფაქტიურად ის ცდილობს მისი რეჯიმი უკვდავების მოდელში მოაქციოს", - აცხადებს მაისაია.
მისივე აზრით, პუტინი სტალინის ნაბიჯებს იმეორებს და ხალხზე ფსიქოლოგიურად ძალადობს.
ერთერთი რუსი ბლოგერი დააპატიმრეს სიტყვის თვაისუფლების გამო, ფაქტიურეად პუტინმა ამის შემდეგ აკრძალა სოციალურ ქსელებში ქვეყნის პირველ პირებზე რაიმე კრიტიკული აზრის გამოთქმა. 21-ე საუკუნეში გასაგებია, რომ ვითარდება საინფორმაციო ველი, მაგრამ პუტინი არის საკმაოდ გაქნილი და გაიძვერა პოლიტიკოსი და იგი ქმნის, გარეშე მტრის ხატს, ფსიქოლოგიურად ძალადობს მოქალაქეებზე და ამბობს. რომ „მტრები ჩვენზე ძალადობენ და თავი უნდა დავიცვათ და თქვენ დაკარგავთ იმაზე მეტს, ვიდრე სიტყვის თავისუფლებაა".
„ეს არის ის ფასეულობა და ღირებულება, რომელზეც რუსული პატრიოტიზმი არის განფენილი, ეს არის ცივი ომის რიტორიკა, რომელიც არის ადამიანის უფლებების და თავისუფლების შეზღუდვა.
„სტალინიც ასე იქცეოდა, როდესაც 1932 წელს მიიღო კანონში ცვლილება პირველი პირების კრიტიკაზე ცენზურის შესახებ და შემდეგ უკვე 1937 წელს ამან მიიღო საკმაოდ ფართო პოლიტიკური რეპრესიების სახე, რის შედეგადაც ადამიანს ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა და პუტინიც ასევე აგრძელებს და იმეორებს სტალინის ნაბიჯებს", - აცხადებს ექსპერტი.
ცნობისათვის, რუსეთის ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრების სიაში ორი ქართველია მოხსენიებული - ეკატერინა ხარებავა, ინგა თუთისანი და მარინა ჯანჯღავა, რომლებიც პუტინის რეჟიმმა სახელმწიფოს ღალატის და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის მუხლებით გაასამართლა.
რუსეთში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის" მონაცემებით დღეს რუსეთში 278 პოლიტპატიმარია.