ბრაზილიის პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რომელშიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ტემერი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი Globo იუწყება.
სისხლის სამართლის საქმე ეხება პრეზიდენტის ბრძანებას ბრაზილიის პორტების მართვის ნორმების გამარტივების შესახებ. გამოძიების მტკიცებით, ტემერმა, შესაძლოა, ამ ბრძანებას ხელი ლოგისტიკური კომპანია ღოდრიმარ შ. A.-ს ინტერესებიდან გამომდინარე მოაწერა, ამის სანაცვლოდ კი გარკვეული ანაზღაურება მიიღო. გასული წლის 19 დეკემბერს ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი კორუფციასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა.
ვინაიდან მაშინ ტემერი ბრაზილიის პრეზიდენტი იყო და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მხრივ ნაწილობრივი ხელშეუხებლობა ჰქონდა, საქმე ფედერალურ უზენაეს სასამართლოს გადაეცა. სწორედ ფედერალურ უზენაეს სასამართლოს უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, წარდგება თუ არა პოლიტიკოსი სასამართლოს წინაშე. მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს ტემერი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ჟაირ ბოლსონარომ შეცვალა, რის შემდეგაც ფედერალური უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლუის რობერტუ ბაროზუმ გადაწყვიტა, რომ ტემერი არანაირი პრივილეგიით აღარ სარგებლობს და მისი საქმე ქვემო ინსტანციის სასამართლომ უნდა განიხილოს.