პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრის გია ყრუაშვილის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ საქართველოს საზღვრები საკუთარ გარემოცვასთან ერთად დატოვა და, სავარაუდოდ, თავი შეერთებულ შტატებს შეაფარა.
გია ყრუაშვილის თქმით, მისმა პარტიამ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე ფინანსური პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტები მოიპოვა, რომლებიც ადასტურებენ, რომ დარღვევებია შპს „საქართველოს რკინიგზის“ საქმიანობის ყველა სფეროში და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი მილიონობით ლარს აღწევს. თანხები უკანონოდაა მიტაცებული კორუფციული ტენდერების, გადამზიდავებთან კორუფციულ გარიგებებში შესვლის, რკინიგზის ინფრასტრუქტურის მიზერულ ფასებში გასხვისების გზით.
For.ge გია ყრუაშვილს ესაუბრა.
- მართალია, ეზუგბაიას გაქცევის ფაქტს პირადად არ შევსწრებივარ და მე არ გამიცილებია, მაგრამ საქართველოდან რომ წავიდა და ბაქოში გადავიდა, ამის შესახებ ნამდვილად ვიცი. მე თვითონ რკინიგზელი ვარ და საბუთად თუ ჩავთვლით ირმა სტეფნაძე რაზეც საუბრობს, ეს დამაჯერებელი არ არის. ჯერ ერთი, ირმა სტეფნაძე რკინიგზის პრესსამსახურის წარმომადგენელი არ არის. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ ირმა სტეფნაძე ირაკლი ეზუგბაიამ ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ დირექტორის მოადგილედ გადაიყვანა. სადღაც 7 ათასი ლარი აქვს ხელფასი, რომ აღარაფერი ვთქვათ, ფინანსურ პოლიციაში მუშაობისას მის მიერ რვა თვის განმავლობაში 800 ათასი ლარის აღებაზე რკინიგზიდან. მის სხვა საგმირო საქმეებს კიდევ ცალკე მოვყვები. ეს არის ასმილიონიანი აქტი, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს რკინიგზაში 2007-2008 წლებში დადო, სადაც უზარმაზარი თანხებია ათვისებული ეზუგბაიას მიერ. შემდგომში უკვე კეზერაშვილმა და არველაძემ ეზუგბაია მიხეილ სააკაშვილს შეახვედრეს, მას დაუდეს „სტავკა“ და ისიც მუშაობდა არა „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელად, არამედ ნოტარიუსად, რათა ფული ერთი ადგილიდან მეორეზე მიეტანა. გაჩანაგებულია „საქართველოს რკინიგზა“.
2011 წლის 21 მაისს გენერალურ პროკურატურაში 25 შუალედური აქტი შევიტანე. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის კარის მეზობელი იყო ერთ-ერთი გამომძიებელი, ბატონი თენგიზ წიკლაური, რომელიც ხელმძღვანელობდა ფინანსურ პოლიციას „საქართველოს რკინიგზაში“, მაგრამ სააკაშვილის პერიოდში ამ საქმის გამოძიებას არ ვფიქრობდი. უამრავი შენობა-ნაგებობაა გასხვისებული და ძალიან ბევრი სისულელეები აქვთ გაკეთებული. ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ მივმართე ირაკლი ეზუგბაიას, გაეთვალისწინებინა ივანიშვილის გონივრული რჩევა, ნუღარ გადაღლიდა სასამართლოებს და საკუთარი ნებით დაებრუნებინა გატაცებული თანხები, ქონება კი „საქართველოს რკინიგზისთვის“ დაებრუნებინა. გარდა ამისა, თანამდებობებზე უნდა აღედგინა ის პროფესიონალები, რომლებიც სამსახურიდან გაყარა. ფაქტია, რომ მან „საქართველოს რკინიგზა“ დააკომპლექტა ყოფილი პროკურორებით, თავისი დეიდაშვილ-მამიდაშვილებით.
1985 წლიდან ამ უწყებაში ვმუშაობ და ეს ხალხი ეზუგბაიამ მოიყვანა, ფინანსური დირექტორი, მისი მოადგილეები, საკუთარი დეიდაშვილი ჯინჯოლია და „თელასიდან“ წამოსული ინკასატორები. ამათ გააჩანაგეს ეს სისტემა. მათი 80% არაპროფესიონალია, ყველა დირექტორი არაპროფესიონალია, ისინი მარტო ფულის კეთებაზე არიან გადასულნი. მთლიანად რკინიგზა ავარიულ მდგომარეობაშია, ჯერ მარტო წიფა-მოლითის მონაკვეთი რა მდგომარეობაშია, უამრავი ავარია ხდება გზაზე. შევიდეთ დეპოში და ვნახოთ, რა დღეშია მოძრავი შემადგენლობები.
ორი დღის წინ, ღამით, ეზუგბაიამ თავისი მანქანა, რომლიც მას ემსახურებოდა, ბაქოში წაიყვანა და იქიდან გადაფრინდა აშშ-ში. ამერიკაში თუ გადის ამდენი მკვლელი და ქვეყნის დამაქცევარი, მაშინ რაღა დემოკრატიაზეა საუბარი?! დამნაშავეები თუ აღარ დარჩნენ, მე მგონი, მე დავრჩები აქ და მხოლოდ ჩემზე აღძრავენ სარჩელს და დამიჭერენ.
ფიქრობთ, ეზუგბაია დაბრუნებას არ აპირებს და არც „შვებულებაშია“ წასული?
- არავითარ შემთხვევაში, არ დაბრუნდება. ეს არის აფერისტი სტეფნაძის ნაბოდვარი. მაგის საგმირო საქმეებს სადმე ეთერში ვიტყვი, რადგან ერთხელ „დროებაში“ გავაკეთეთ სიუჟეტი მე და ქალბატონმა ნათია მიქიაშვილმა, სტეფნაძემ კი გიორგი თარგამაძე „დაკერა“ და 300 ათასი დოლარის სანაცვლოდ მოურიგდა, რომ სიუჟეტი არ გასულიყო. ეს კასეტა მაქვს და ეს არის ქალი, რომელიც არაერთ ცოდვაშია გარეული. გულწრფელად მწყდება გული, მისი ძმა კარგი ვაჟკაცი ბიჭი იყო, ახლა ძალიან ცუდად არის. სტეფნაძე ამბობს, 17-ში ყაზახეთში კონფერენციაა და ეზუგბაია ამის გამო წავიდაო. დღეს არის 10 ოქტომბერი, გამოდის, ეზუგბაია 17 ოქტომბრამდე, შვიდი დღით ადრე წავიდა? ეს ქალი პროფესიონალი აფერისტია, რომელმაც ერთი კვირა გაწელა. იფიქრა, რომ ამ ერთ კვირაში ეზუგბაია ყველას დაავიწყდებოდა. სად მიდის, ოყნა უნდა გაუკეთონ, თუ რისთვის მიდის? შვიდი დღით ადრე ამხელა ორგანიზაციას რატომ ტოვებს? თავის დროზე აქტების შედეგად ფინანსურმა პოლიციამ დაიჭირა რკინიგზის ფინანსური დირექტორი თევზაძე, შემდეგ მას გადაახდევინეს 30 ათასი ლარი და გამოუშვეს საპროცესო შეთანხმებით. ეზუგბაიამ ისევ დააბრუნა, ვეღარ გაბედა ფინანსურ დირექტორად დაენიშნა, ამიტომ, მთავარ ბუღალტრად დანიშნა. თევზაძემ კი თავისი დეიდაშვილი გაგნიძე მოიყვანა და დასვა ფინანსურ დირექტორად. გეგონება, „საქართველოს რკინიგზა“ კანტორა იყო. დღეს კი ამ თევზაძემ და მისმა დეიდაშვილმა წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. მინდა იცოდეთ, რომ მარტო ეზუგბაია არ აპირებს გაქცევას, ძალიან ბევრი ადამიანი გარბის რკინიგზის დეპარტამენტიდან, იგივე ჯინჯოლიები და სხვები.
ფიქრობთ, ეზუგბაიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება? ყველაზე მსხვილი დანაშაული რა აქვს ჩადენილი?
- 20 მილიონი თანხა აქვს გადარიცხული ქობულეთში და ეს ფინანსური პოლიციის არქივშიც ინახება, სადაც რკინიგზამ ააშენა სავაჭრო ცენტრი და ის აჩუქა არველაძეებს თუ ვიღაც გაურკვეველ პიროვნებას. გარდა ამისა, დიდუბეში, ხიდამდე, მარჯვენა მხარეს, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე ავტოფარეხი იყო მოწყობილი, თავისი პარკირებით, ექვსი ათას ლარად იყიდეს, შემდეგ 8 მილიონ დოლარად გაყიდეს. ასევე, ისანში მდებარე განტელების, ანუ ე.წ. შპალების ქარხანას ექვსი მილიონი დავალიანება ჩამოაწერეს და ჩოჩელს აჩუქეს თუ მიჰყიდეს. თუ ეს ტყუილია, ქალბატონმა სტეფნაძემ აღძრას სარჩელი. არაერთხელ მივმართე მას, შეიტანოს სარჩელი და იჩივლოს. სასამართლო გადაწყვეტს ყველაფერს. ექსპერტები შევლენ „საქართველოს რკინიგზაში“ და შეისწავლიან. მაგათ ისიც ეგონათ, რომ ხერხემალი მერაბიშვილი იყო, მე კი ვამბობდი, რომ ხერხემალი მერაბიშვილი კი არა, „საქართველოს რკინიგზაა“, რომელსაც წესიერი მენეჯმენტის შემთხვევაში, ნახევარი ბიუჯეტის შევსება შეეძლო, თუ მეტის არა. ამხელა რკინიგზა გაასწორეს მიწასთან.
ირაკლი ეზუგბაია როგორ მოხვდა ამ თანამდებობაზე?
- 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს, მე თვითონ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წარმომადგენელი რკინიგზიდან. იმ დროს ზურაბ ჟვანიას უნდოდა თავისი კადრი გაეყვანა, ჩატარდა არჩევნები, მაგრამ პროფესიონალ რკინიგზელს თენგიზ დონაძეს მოუგო ვინმე ლეჟავამ, ჟვანიას გუნდის წევრმა, ბაქოში მოღვაწე ბიზნესმენმა. ამას ჩემი რეაქცია მოჰყვა, რომ აქ პროფესიონალი უნდა მოსულიყო. შემდეგ შემხვდა ცხონებული ჟვანია და მითხრა, რომ აღარ ინიშნებოდა ლეჟავა და დაინიშნებოდა ვარშალომიძე. ვარშალომიძეზე დიდი გართულება არ მქონია. როცა ასლან აბაშიძემ დატოვა ბათუმი, სააკაშვილმა აჭარა მოინდომა, ამ დროს მასა და ჟვანიას შორის გავლენის სფეროთა გადანაწილების გამო დაიძაბა ურთიერთობა. ჟვანია რკინიგზასა და აჭარას ვერ დათმობდა და სააკაშვილმა არჩევანი გააკეთა აჭარაზე. ვარშალომიძე აჭარაში წაიყვანა, აქ კი მოიყვანეს ონოფრიშვილი, რომელიც ჟვანიას კადრი იყო. ამ დროს მე გამომაგდეს საქართველოს რკინიგზიდან და პატრონიც აღარ მყავდა. ნაციონალები გაბრაზებულნი იყვნენ ონოფრიშვილზე, იგი მათ სურვილებს არ ასრულებდა, რადგან ზურგი ჰქონდა ჟვანიასგან. ჟვანიას შემდეგ კი ონოფრიშვილი პატრონის გარეშე დარჩა. იმ დროს პრემიერ-მინისტრი იყო ნოღაიდელი, სწორედ მასთან მუშაობდა ეზუგბაია, მამამისს კლანები ჰქონდა შექმნილი. სხვათა შორის, ეზუგბაია თავის დროზე თელასის ინკასატორად მუშაობდა, გლდანის თელასში 200 ლარი აიღო ქრთამად და ამის გამო გამოაგდეს. შემდეგ ეზუგბაიამ ნოღაიდელთან დაიწყო მუშაობა, ნოღაიდელმა კი ეზუგბაია გამოუშვა „საქართველოს რკინიგზაში“. მას დოყლაპიები აწყობდა ყველგან და ნოღაიდელმა საკუთარი ცოლის დის შვილი - გრძელიძე გამოაყოლა შესყიდვების სააგენტოს უფროსად. მერე ნოღაიდელი რომ წავიდა ოპოზიციაში, მისი ცოლის დის შვილი - გრძელიძეც დაიჭირეს, ეზუგბაია კი დატოვეს. ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ რკინიგზაში დაიჭირეს, სწორედ ეზუგბაიამ ჩაუშვა თავის გადარჩენის მიზნით და დღემდე ასე მოაღწია. ეს ფინანსური აქტები მე მაქვს ხელში, რადგან, როგორც რკინიგზელს, ჩემი ბევრი მეგობარი მუშაობს ამ უწყებაში. ახლა ან ამ აქტების დამწერ ფინანსური პოლიციის გამომძიებლებს მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ ეს ყველაფერი ტყუილია, ან ეზუგბაიას ხალხს მოუწევს ამ უბედურებებზე პასუხისგება. თუმცა, არ არსებობს, ეს ყველაფერი ტყუილი იყოს.