რუსეთიდან მომავალი 30-მდე ბაიკერი საქართველოში არ შემოუშვეს. საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაციით, 28 აპრილს რუსეთისა და დე-სე-თეს ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი ბაიკერების კოლონა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოში შეშვებაზე უარი უთხრეს.
გამოცემა „ეურასია დეილის" ინფორმაციით, კოლონაში 30-ზე მეტი ბაიკერი იყო, ისინი საბერძნეთში, სალონიკში მიემგზავრებოდნენ, სადაც 1-2 მაისს შეკრებაა დაგეგმილი. თუმცა საქართველოდან უკან გაბრუნებული ბაიკერები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ერთი ნაწილი რუსულ მედიაში ამბობს, რომ საბერძნეთში მიდიოდნენ, მეორე ნაწილის თქმით კი, საქართველოში დასასვენებლად ჩამოდიოდნენ.
ბაიკერების არ შემოშვებას ადასტურებს შს სამინისტრო. უწყება არ აკონკრეტებს, იყვნენ თუ არა მათ შორის ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ჯგუფის, „ღამის მგლების" ბაიკერებიც. შს სამინისტრო აცხადებს, რომ ბაიკერებმა საქართველოში ვიზიტის მიზნები სათანადოდ ვერ დაასაბუთეს და ამიტომაც გააბრუნეს ისინი უკან.
უწყების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „თ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
ამ მუხლის თანახმად, უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება უთხრან, თუკი იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.
ბაიკერი რუსლან ლევიევი „კურიერთან" საუბრისას ირწმუნება, რომ მას და მის მეგობრებს საქართველოში მხოლოდ დასვენება სურდათ და ე.წ. გეორგიევსკის ბაფთებიან პუტინის ბაიკერებთან კავშირი არ აქვს.
„პირადად მე არ ვაპირებდი შემოსვლას. ჩემი მეგობარი ბაიკერები გეგმავდნენ საქართველოში მაისის არდადეგებზე დასასვენებლად ჩამოსვლას. მაგრამ 27 აპრილს ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალეს და საზღვრიდან გააბრუნეს. რამდენიმე საათი ჰყავდათ გაჩერებული. უარი ოფიციალურად ეთქვა იმ მიზეზით, რომ თითქოს პირმა ვერ დაადასტურა საკუთარი ვინაობა, ან ვერ დაასახელა ვიზიტის მიზანი ან პირადი მონაცემების შესახებ იცრუა. დოკუმენტში, რომელიც მისცეს ასე წერია. უფრო დეტალურად მიზეზს არ ხსნიან.
„რაც შეხება "ღამის მგლებს", ჩემს მეგობრები მათთან საერთოდ არ მეგობრობენ, რადგან მოსკოვის ბაიკერების ასოციაციაში „ღამის მგლების" მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. მათ არც „გეორგიევსკის ლენტები" ჰქონდათ და არც არანაირი სხვა სიმბოლიკა. ამას გარდა, ჩემი მეგობრები, არც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არ არიან ნამყოფები. ბოლო ორი-სამი წლია არ უშვებენ საქართველოში რუს ბაიკერებს," - ამბობს ლევიევი.
რუსულ მედიაში კი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ლარსიდან ბაიკერი ამბობს, რომ საქართველოს გავლით საბერძნეთში ჩასვლას ცდილობდნენ.
„სალონიკის შემდეგ ათენში ვგეგმავდით წასვლას, სასტუმროები ყველას დაჯავშნილი გვაქვს. ახლა ვერანაირად ვეღარ მოვასწრებთ, იმედგაცრუებულები ვართ. იქ ხომ ჩვენი მეგობრები უნდა დაგველოდებოდნენ გერმანიიდან,"- ნათქვამია ერთ-ერთი ბაიკერის ინტერვიუში.
ცნობისათვის, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში „გეორგიევსკის ლენტიანი" მოტოციკლები მაისში ჩნდებიან ხოლმე. ძირითადად, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ჯგუფის, ე.წ. ღამის მგლების ბაიკერები ცდილობენ 9 მაისისთვის საქართველოში ჩამოსვლას.
არა მარტო საქართველოში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში რუსები სწორედ 9 მაისისთვის დემონსტრაციულად ამ ზოლიანი ლენტებით ჩადიან. რამდენიმე ქვეყანამ ამ ლენტებით საზღვარზე შესვლა აკრძალა. ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა და პოლონეთი გიორგის ბაფთებს მკაცრად ებრძვის. გასულ წელს უკრაინაში მიიღეს კანონი და გეორგიევსკის ლენტის პროპაგანდა-ტარება ჯარიმით ისჯება.
უკრაინისაგან განსხვავებით საქართველოში ამ ზოლიან ბაფთებზე რაიმე პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს. თუმცა „გეორგიევსკის ლენტიანი" ბაიკერების გამოჩენა ახალგაზრდების ერთი ნაწილში აღშფოთებას იწვევს, რადგან წმინდა გიორგის ზოლიანი ბაფთები რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ მიიჩნევა. 2017 წლის 9 მაისს ე.წ. გიორგის ლენტიანი „ღამის მგლების" ვაკის პარკში გამოჩენას დიდ ხმაურიც მოჰყვა.