ზელენსკის პასუხი პუტინს

ზელენსკის პასუხი პუტინს

“ჩვენ მივანიჭებთ უკრაინის მოქალაქეობას ყველას, ვინც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმებისგან იტანჯება. პირველ რიგში ეს ეხება რუსებს”

„რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება, რაც განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მაცხოვრებლებს ეხებათ, რუსეთის მხრიდან დემონსტრირებაა იმისა, რომ რუსეთი ამ ოლქებში უკრაინის წინააღმდეგ ირიბ ოკუპაციას ახორციელებს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთის პასპორტის გამარტივებული წესით მიღებას არა მხოლოდ დონბასისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები, არამედ ყველა უკრაინელი შეძლებს.

რუსეთის პრეზიდენტმა 24 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.

„ჩვენ არა მხოლოდ დონბასში მცხოვრებ მოსახლეობას ვაძლევთ გამარტივებული წესით ჩვენი მოქალაქეობის მიღების საშუალებას, არამედ ვფიქრობთ, რომ ამგვარი წესით რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ყველა მოქალაქეს მივცეთ," - განაცხადა პუტინმა.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ ირიბი ოკუპაციას ახორციელებს, მიზანს კი - უკრაინის მოქალაქეთა გადაბირა წარმოადგენს. მისი თქმით, უკრაინა პროევროპულ კურსს შეინარჩუნებს და შესაბამისად, უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა შენარჩუნდება.

„განსაზღვრულია აგრესიის ორი ფორმა - პირდაპირი და ირიბი. ყირიმის შემთხვევაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია განახორციელა. ამ შემთხვევაში კი, რუსეთი ირიბ აგრესიას ახორიციელებს. ირიბი აგრესიის ერთ-ერთი ფორმაა ის, რომ რუსეთი პასპორტებს იმ მოქალაქეებს დაურიგებს, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა სურთ.

„არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ირიბი აგრესია შემდგომში პირდაპირი აგრესიით შეცვალოს, - ეს ყველაზე უარესი ფორმაა. თუმცა, ამ შემთხვევაში, რუსეთის ძირითადი მიზანი არ არის პირდაპირი აგრესიის განხორციელება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, არამედ სეპარატისტული მოძრაობების წახალისება და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მუდმივად არასტაბილური მდგომარეობის არსებობა, - იქ ადამიანები რუსეთის მიმართ იყვნენ უფრო მეტად ლოიალურები.

„რუსეთი ცდილობს, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიპოვოს უკრაინაში, რადგან დღეს ნათლად ჩანს, რომ უკრაინაში პრორუსული ძალა იმდენად აქტიური არ არის, როგორც მაგალითად რამდენიმე წლის წინ.

"2017 წლის სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 10% არის უკრაინაში პრორუსული ორიენტაციის. ამიტომაც, რუსეთი ცდილობს, რომ რუსული პასპორტების დარიგების გზით უკრაინაში რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების რიცხი გაზარდოს, თუმცა არა მხოლოდ ამ ორ ოლქში," - აღნიშნა მან.

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინელების უმეტესობას ეს შეთავაზება არ მოხიბლავს. ზელენსკი პირობას დებს, რომ „უკრაინა არ იტყვის უარს თავის მისიაზე და დარჩება სამაგალითო დემოკრატიად პოსტსაბჭოთა სივრცეში".

„რუსეთის ხელისუფლების ადგილას რომ ვიყო, არ დავხარჯავდი დროს უკრაინის მოქალაქეების პასპორტებით ცდუნებაზე. შეიძლება, აღმოჩნდეს ვინმე, რომელიც დღემდე რუსეთის პროპაგანდის ქვეშაა. შეიძლება, ზოგიერთმა ეს შემოსავლის მიღების ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით გააკეთოს.

„ჩვენ თავშესაფარს მივცემთ და დავეხმარებით ყველას, ვინც მზადაა, ჩვენს მხარდამხარ იბრძოლოს, ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ მივანიჭებთ უკრაინის მოქალაქეობას ყველა ერის წარმომადგენელს, ვინც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმებისგან იტანჯება. პირველ რიგში ეს ეხება რუსებს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად იტანჯებიან," - წერს ვლადიმირ ზელენსკი.

გრიგორი ჩვენ საქართველოზე ვიფიქროთ !!! რუსეთს უკვე ჰყავს თავისი მოქალაქეები პანკისის ხეობაში და ამ კარტის გათამაშება უკვე დაიწყო ! ჰესი საბაბი იყო, სხვა რამ ვერ მონახეს !
5 წლის უკან