საქართველოში არჩევნებში გამარჯვებულმა მინისტრობის კანდიდატების უმრავლესობა წარადგინა
ბიძინა ივანიშვილმა, რომლის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთი კვირის წინ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ორშაბათს თბილისში მომავალ მთავრობაში მინისტრების პოსტებზე თავისი კანდიდატების უმრავლესობა წარადგინა. თავად პრემიერმინისტრობა სურს.
საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანულად ბრწყინვალედ მოსაუბრე დიპლომატი, მაია ფანჯიკიძე იქნება. ის სამი წლის განმავლობაში ელჩად მუშაობდა გერმანიაში, შემდეგ კი ნიდერლანდებში. ქალბატონმა ფანჯიკიძემ დაადასტურა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება. ამასთან იქნება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობა. ამას წლები დასჭირდება, ვიდრე მოსკოვი და თბილისი არ შეთანხმდებიან ერთობლივ ინტერესებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. საქართველოს დაბრუნება დსთ-ში ქალბატონმა ფანჯიკიძემ გამორიცხა.
შეძლებისდაგვარად სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
თავდაცვის მინისტრი და ვიცეპრემიერი 39 წლის ირაკლი ალასანია იქნება, რომელიც 2006-2008 წლებში საქართველოს მუდმივი წარმომდგენელი იყო გაეროში, იქამდე კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მრჩევლად მუშაობდა სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის მოგვარების საკითხებში. მეორე ვიცეპრემიერი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ყოფილი კაპიტანი, საფეხბურთო კლუბ მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ორჯერ გამარჯვებული 34 წლის კახა კალაძეა. მინისტრთა კაბინეტში ის რეგიონალური განვითარების სამინისტროს ჩაიბარებს.
ალასანია ჯერ კიდევ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მუშაობდა უშიშროების სტრუქტურებში და ათი წლის წინ უშიშროების მინისტრის მოადგილის რანგში მიიღო მონაწილეობა ოპერაციაში, რომლის დროსაც რუსეთის საზღვართან მდებარე პანკისის ხეობა გაასუფთავეს ჩეჩენი ბოევიკებისგან. 2008 წლის აგვისტოს ხუდღიანი ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის, ალასანია, რომელსაც ბრწყინვალე კონტაქტები ჰქონდა აშშ-ს პოლიტიკურ ელიტასთან, სააკაშვილის ოპოზიციაში გადავიდა, რადგან მას ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა.
ჭრელი ოპოზიციური გაერთიანებების შიგნით, რომლის სუბიექტებიც 2009 წლიდან სააკაშვილის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს უკეთებდნენ ორგანიზებას, პრეზიდენტის ზოგიერთი ყოფილი თანამებრძოლისგან განსხვავებით, ალასანია ძალადობის წინააღმდეგ გამოდიოდა. ორშაბათს მან განაცხადა, რომ საქართველო ჯერჯერობით დატოვებს თავის ჯარისკაცებს ავღანეთში, სადაც საქართველოს ნატოს არა წევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს. საქართველოს საგარეო და უშიშროების პოლიტიკის მთავარი ამოცანა რჩება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შეძლებისდაგვარად სწრაფი ინტეგრაცია.
ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შეფი იურისტი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. მან სამინისტროს დეპოლიტიზაციის პირობა დადო და განაცხადა, რომ იზრუნებს უწყების გამჭვირვალობისათვის და გააგრძლეებს ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. გასულ წლებში ღარიბაშვილი მილიარდერ ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობდა.
foreignpress.ge