თურქეთში ოპოზიციური გამოცემა ჩუმჰურიყეტ-ის 6 ყოფილ ჟურნალისტს, მათ შორის ცნობილ კარიკატურისტ მუსა კარტს პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press წერს.
მსოფლიოში ცნობილ კარიკატურისტ მუსა კარტს, რომელიც სხვადასხვა პრესტიჟული პრემიის ლაურეატია, 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კარტმა სახელი თურქეთის პრეზიდენტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანზე კარიკატურებით გაითქვა, რომელსაც მაშინ პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა.
ჟურნალისტებს აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ედებოდათ ბრალი. თურქეთის მთავრობა 2016 წლის მოვლენების ორგანიზატორად სწორედ გიულენს მიიჩნევს.
2016 წლიდან დღემდე ამ ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი 500000-ს აჭარბებს. თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის ციხეებში სასჯელს 133 ჟურნალისტი იხდის.