28 აპრილს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. Deutshe Welle-ს ინფორმაციით, არჩევნების დანიშვნა პოლიტიკური არასტაბილურობით არის გამოწვეული - ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის მიერ 2018 წელს ჩამოყალიბებულ მოქმედ მთავრობას პარლამენტში მხარდაჭერა არ აქვს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები პოლიტიკური ველის ფრაგმენტაციაზე მიუთითებს. სოციოლოგების ინფორმაციით, 350-ადგილიან პარლამენტში ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო მარტივ უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს, შესაძლო კოალიციები კი, როგორც ჩანს, არასტაბილური იქნება.
გამოკითხების თანახმად, არჩევნების წინ ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია ლიდერობს, რომელსაც სათავეში პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი უდგას. მეორე ადგილზე ყოფილი მმართველი „სახალხო პარტია“ და მისი ხელმძღვანელი პაბლო კასადო იმყოფება.
„ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია და სახალხო პარტია ერთმანეთს ხელისუფლებაში 1982 წლიდან ცვლიდნენ, მაგრამ ეს სიტუაცია ბოლო წლებში შეიცვალა, როდესაც ეკონომიკური კრიზისის, კორუფციული სკანდალებისა და ასეთი ორპარტიული სისტემით გამოწვეული იმედგაცრუების გამო პოლიტიკურ ასპარეზზე სამი ახალი ძლიერი პარტია გამოჩნდა.
საუბარია პაბლო იგლესიასის მემარცხენე-პოპულისტურ პარტიაზე Podemos („ჩვენ შეგვიძლია“), რომელმაც თავის მხარეს გადაიბირა რადიკალურად განწყობილი მემარცხენე ელექტორატის ნაწილი, რომელიც მანამდე სოციალისტებს უჭერდა მხარს. „სახალხო პარტიის“ ქმედებებით უკმაყოფილო ლიბერალებმა ალბერტ რივერას Ciudadanos-სის („მოქალაქეები“), კონსერვატორებმა კი სანტიაგო აბასკალის ულტრამემარჯვენე Vox-ისკენ („ხმა“) გადაინაცვლეს“, - ამბობს მადრიდში მდებარე სოციოლოგიური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი გაბრიელა როსპიდე.
მისივე თქმით, ყველაზე სავარაუდო მმართველ კოალიციას სოციალისტური პარტიისა და Podemos-ის ალიანსი წარმოადგენს, რომლებსაც სავარაუდოდ მხარს კატალონიელი და ბასკი სეპარატისტებიც დაუჭერენ. ამ ალიანსის ალტერნატივას ლიბერალებისა და კონსერვატორების კავშირი წარმოადგენს, თუმცა მათ ხელისუფლებაში მოსვლის ნაკლები შანსი ექნებათ.