„აზერბაიჯანულმა მხარემ თუ ამას კიდევ პრობლემა დაუმატა, სამწუხარო ფაქტი იქნება არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ინტერესები მეტ-ნაკლებად ილახება, ასევე გარკვეული იმედგაცრუება ქვეყანაში და მოსახლეობაშიც გაჩნდება.
„ამან შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო სიტუაცია შექმნას საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებაში. რაში სჭირდება აზერბაიჯანს ამ პრობლემების შექმნა, გაუგებარია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი მონაკვეთის დაკეტვის შესახებ საუბრისას.
დავით გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებსა და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები რამდენიმე დღეა არ უშვებენ, მისასვლელი ბილიკი გადაკეტილია.
"უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს ტერიტორიას 4 დღე და არ გიშვებს შენს ტერიტორიაზე, ნორმალური ამბავია?! ხალხს ისევ არ უშვებენ. მომლოცველები ადიან და არ უშვებენ მესაზღვრეები", - აღნიშნა დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მას შემდეგ ჰქონდა, რაც ინფორმაციები დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე მედიაში გავრცელდა.
„ახლა რომ გამძაფრდა ვითარება, გავიდა ინფორმაცია, ხალხი აღელდა, გამოიღვიძეს. მეუბნებიან - დღევანდელი დღე გვაცადეთ და ყველაფერს მოვაგვარებთო, ჩვენმა საგარეომ და შსს-მ. მე ასე მარტივად არ ვუჯერებ, მწარე გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში, თუმცა ვნახოთ", - აღნიშნა არქიმანდრიტმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, სიტუაცია გარეჯში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.
ამავე დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე ჩაკეტილ პუნქტებს გახსნის.
„როგორც კი შევიტყვეთ ინფორმაცია, მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მე მქონდა საუბარი ჩემს კოლეგა მინისტრთან, შსს-ს ჰქონდა საუბარი კოლეგებთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი,"- განაცხადა მინისტრმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ უნდა დადგინდეს.
„პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში ძეგლთა დაცვისა და „ევროპა ნოსტრას" წარმომადგენლებთან ერთად. მათ შორის მათ დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი სრულად. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ფაქტები ხდება, განსაკუთრებით ცუდია, როცა ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს.
„ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, აუცილებელია საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს," - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში მანამდეც იდგა, სანამ ზურაბიშვილი უშუალოდ ქართულ პოლიტიკაში მოვიდოდა. მისი თქმით, დღევანდელ პრობლემას პრეზიდენტის განცხადებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„უნდა გავიხსენოთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთი უთანხმოება ჩნდება. აზერბაიჯანელების მიერ ადრეც არაერთხელ ყოფილა ეს ბილიკი დაკეტილი. მას შემდეგ იყო რაღაც მოლაპარაკებები და გაიხსნა. ლაპარაკია აღდგომის ტაძართან მისასვლელ გზებზე. მაშინ ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში საერთოდ არ იყო.
„ეს ძალიან მნიშვენლოვანი პრობლემაა, რომელიც საჭიროებს მოგვარებას. პრეზიდენტის განცხადებაში ისეთი არაფერია. მან უბრალოდ განაცხადა, რომ საჭიროა საზღვრის საკითხის საბოლოოდ მოგვარება.
„ეს პრობლემა რომ არსებობს, ეს ახალი არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ეს ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვა, ასეთ შეფასებას ვერ მივცემ. ადრეც ყოფილა ასეთი ვითარება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, ასე ვერ იქნება მუდმივად. დღეს საკითხი ღიად არის დარჩენილი," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანული მხარისთვის საქართველოსთან პარტნიორობა მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს.
„მსგავსი გაუგებრობა ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია, ძალიან სამწუხარო გახლავს. ზურაბიშვილმა სწორედ ეს განაცხადა, რომ ასე ახლოს მყოფი ხალხს შორის ეს პრობლემები არ უნდა ჩნდებოდეს.
„ეტყობა, აზერბაიჯანისთვის ეს ურთიერთობა ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, რომ თავის არცთუ მართლზომიერ ინტერესებზე, უარი თქვას. ეს კი ძალიან სამწუხაროა," - რამაზ საყვარელიძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა, რასაც სწორედ ,,ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება ემსახურება. „აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, ასევე სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს.
შეგახსენებთ, გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 2,5 კილომეტრზეა განთავსებული. ამასთან, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში.
საქმე ისაა, რომ საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.