ტეხასის ქალაქ ჰანტვილში აღასრულეს სასიკვდილო განაჩენი, რომელიც სასამართლომ 20 წლის წინ გამოიტანა. 24 აპრილს მსჯავრდებულს, ჯონ უილიამ კინგს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას Huston Cronicle ავრცელებს.
კინგი რასისტული დაჯგუფების Confederante Knights of America-ს წევრი იყო, რომელიც "კუ-კლუქს-კლანთან" იყო დაახლოებული. 1998 წელს ჯონ უილიამ კინგმა და კიდევ ორმა პირმა გაიტაცეს და ტყეში წაიყვანეს 49 წლის აფროამერიკელი, ჯეიმს ბერდი. სასტიკი ცემის შემდეგ, მათ გატაცებული ბერდი ფურგონს გამოაბეს და რამდენიმე კილომეტრი იარეს. შემდეგ კი გვამი დატოვეს ეკლესიასთან, რომელიც აფროამერიკულ საზოგადოებას ეკუთვნოდა.
მკვლელობასთან დაკავშირებით სამივე დამნაშავე დააკავეს. 1999 წელს სასამართლომ მიიჩნია, რომ მკვლელობა რასისტულ ნიადაგზე იყო ჩადენილი და სამივე მათგანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 2011 წელს საქმეში მსჯავრდებული ერთი მონაწილე დასაჯეს სიკვდილით, კიდევ ერთი კი ჯერ ისევ სასჯელს იხდის.