მეტრო ბოლოს იმდენჯერ გაჩერდა, რომ ბევრი თბილისელი ან დედაქალაქის სტუმარი უკვე თავისდაუნებურად მგზავრობას ერიდება. საქალაქო ტრანსპორტი კი, შედეგად, კიდევ უფრო გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს. ქალაქში საცობების რაოდენობა და ინტენსივობა იზრდება, ზოგიერთი მონაკვეთი კი პერმანენტულად პარალიზებულია.
ერთერთმა მგზავრმა რეზონასს განუცხადა, რომ მეტროპოლიტენით ვეღარ მგზავრობს და მის ახლობლებსაც აფრთხილებს.
"ბოლო დროს იმდენჯერ გაჩერდა მეტრო, რომ აღარ ჩავდივარ, შიშის გრძნობა და დაუცველობის შეგრძნება გამიჩნდა, ჩემს ახლობლებსაც ვურეკავ და ვაფრთხილებ, რომ მეტროთი მგზავრობა უსაფრთხო აღარ არის."
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს მეტრო სადგურ "სადგურის მოედანზე" გამოცხადდა ევაკუაცია. სადგურის მოედნის პირველი ხაზი ორივე მიმართულებით გაჩერდა, მიზეზი კი მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენის აალება იყო. მოძრაობა ერთ საათში აღდგა.
მანამდე, 18 აპრილს მეტრო ვარკეთილში ერთსაათიანი ევაკუაცია გამოცხადდა მერიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შეფერხების მიზეზი მატარებლის ძრავის დაზიანება იყო. მოძრაობა კი ერთ საათში აღდგა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ მეტროს მეუნეობა მოძველებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას და შესაბამისი სამსახურები კი დღედაღამე მუშაობენ იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ მეტროთი უსაფრთხოდ იმგზავროს.
„ჩვენი მეტროს მეურნეობა არის მოძველებული და საჭიროებს რეაბილიტაციას. ამ მიმართულებით, მერიის მხარდაჭერით, საერთაშორისო დაფინანსებით, საფინანსო ორგანიზების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს ძალოვანი კაბელები ამ 50 წლის განმავლობაში არ შეცვლილა, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენმა მგზავრებმა უსაფრთხოდ იმგზავრონ მეტროთი, ჩვენი შესაბამისი სამსახურები დღე და ღამე მუშაობენ იმისის, რომ ყოველ დილას მეტროპოლიტენმა მუშაობა უსაფრთხოდ დაიწყოს," - უთხრა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა, გიორგი შარკოვმა ხუთშაბათს "რუსთავი 2"-ს.
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ თბილისის მეტრო პარალიზების წინაშეა.
"უკვე უძლურები არიან დამალონ ის ფაქტები, რომ მეტრო არის პარალიზების წინაშე. თითქმის დღე არ გავა, რომ არ მოხდეს ავარიული შეჩერება. ამას, სატრანსპორტო კომპანია ცდილობს, შეფერხება დაარქვას. მწყობრიდანაა გამოსული და არ აკმაყოფილებს აღარანაირ სტანდარტებს აღარც ესკსლატორი, აღარც გვირაბი და აღარც ხიდი, რაც უფრო მეტად ცდილობენ, რომ მდგომარეობას გვერდი აუარონ, სიტუაცია მით უფრო მწვავდება. მიწის ქვეშ აღარ არის ეს პრობლემა, ამოვიდა მიწის ზევით, ამიტომაც იძულებული გახდნენ, რომ პრაქტიკულად ეღიარებინათ არსებული სიტუაცია.
"ქალაქის მერი, თითქმის ორი წელი ლაპარაკობს, რომ აღვადგენთ, გავარემონტებთ, გავაკეთებთ, და ამ დროს თითქმის დაინგრა მთლიანად მეტროსადგურები. ლაპარაკით ილაპარაკოს, მაგრამ რეალურად ჩვენ გაკეთებულს ვერ ვხედავთ,"
ცნობისთვის, წლის განმავლობაში მატარებლის დაზიანების 100 და მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა დაფიქსირდა.