20 წელზე მეტი გავიდა, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მას შემდეგ დასავლეთი ამ სივრცეში არაერთი სხვადასხვაგვარი ლიდერის მომსწრე გამხდარა. ესენი იყვნენ საბჭოთა „აპარატჩიკები“, მგზნებარე ნაციონალისტები, „კაგებეს“ გაწვრთნილი რკინის კაცები – მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ორშაბათს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელდა, არცერთ მათგანს, თანაც ოდნავადაც კი არ გავს.
გასულ წლამდე, როდესაც კარჩაკეტილმა ოლიგარქმა ივანიშვილმა სააკაშვილის დამარცხების პირობა დადო, ცოტამ თუ იცოდა როგორ გამოიყურებოდა ის. ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი მის მიერვე შექმნილ ჩაკეტილ გარემოში ცხოვრობდა, აგროვებდა ზებრებსა და $1.3 მილიარდიან არტკოლექციას, დაკავებული იყო იოგის ვარჯიშითა და სასახლეების მშენებლობით, მათ შორის იმ სოფელში, სადაც თავად დაიბადა.
დასავლეთის ლიდერებს ერთი წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს, 56 წლის ბ-ნ ივანიშვილს შეგუებოდნენ. მაგრამ მისი ეროვნულ ლიდერად ქცევიდან რამდენიმე საათში განგაშის ზარი ატყდა: როგორც კი სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა ბ-ნ ივანიშვილმა ბრაზიანი პრესკონფერენცია გამართა და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე სააკაშვილს გადადგომა ურჩია. მომდევნო დღეს ივანიშვილმა ნათქვამი უარყო. მან როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ ეს დასავლეთის დედაქალაქებში პანიკას გამოიწვევდა.
პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემა უბრალო რამ არ არის. აშშ-მ ექსტრაორდინარული რესურსები ჩადო ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც რუსეთის სამხრეთ საზღვართან პროდასავლური საყრდენია, და ენერგო და სამხედრო საქონლის გადასაზიდად სატრანზიტო არეალია. ივანიშვილის საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობის დოსიე იმდენად მწირია, რომ ძალიან რთულია გავიგოთ როგორ გაუმკლავდება ის გადაწყვეტილებების მიღებას მომდევნო თვეების განმავლობაში, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი საქართველოსთან დაახლოებას ცდილობს, ხოლო ივანიშვილის მხარდამჭერები ქვეყნიდან გაქცეული მოხელეების დასჯას მოითხოვენ.
„ჩემი მთავარი განცდა ისეთია, რომ თუკი პოლიტიკის ენაზე ვიტყვი, ის სუფთა ფურცელია.“ ამბობს თომას დე ვაალი, კავკასიის საკითხების ექსპერტი კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდიდან. „ის არის ფურცელი, სადაც ბევრი ცარიელი ადგილია და მზად არის იმისთვის, რომ ამ თავისუფალ ადგილებში ბევრი ჩაწერს პოლიტიკურ კონცეფციებს. შეერთებული შტატებისთვის ეს დაუმსახურებელი იღბალია.“
ბ-ნ ივანიშვილი რუსეთში საცხოვრებლად 1982 წელს გადავიდა და საქართველოში ორი ათეული წლის შემდეგ დაბრუნდა ქონებით, რომელიც ლითონისა და საბანკო ინდუსტრიით იშოვა. მისი კაპიტალი ჟურნალ Forbes-ის თანახმად $6.4 მილიარდია.
მისმა წარმატებამ რუსეთში, გააჩინა ჭორები, რომ მის უკან მოსკოვი იდგა. ამის მტკიცებულებები არ გამჟღავნებულა, თუმცა მისი წარსული მართლაც საიდუმლოებითაა მოცული. ქართველებმა ის თანდათან გაიცნეს მისი გულუხვი ანონიმური საჩუქრების წყალობით: მან თბილისის ოქროს გუმბათიანი საკათედრო ტაძრის მშენებლობა დააფინანსა, ჯარისკაცებს ფეხსაცმელი უყიდა და საკუთარ სოფელს უანგაროდ ეხმარებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავისი ფული სასტიკ და დაუნდობელ გარემოში იშოვა, ივანიშვილი მშვიდად მოსაუბრე და საოცრად უბრალო ადამიანია. მისი პირველი ინტერვიუებით დასავლელ ჟურნალისტებთან გაურკვეველი რჩებოდა თუ როგორ აპირებდა ის ქვეყნის მართვას ყოფილი მოკავშირის, სააკაშვილის ჩამოშორების შემდეგ. ფსიქოანალიზით გატაცებული ივანიშვილი რეგირებდა პრეზიდენტის ცნობიერისა და არაცნობიერის ჭიდილზე, ან აცხადებდა, რომ ის „თავის ხასიათს ვერ მართავს“ ან „არ იცის სიყვარული რა არის.“
ივანიშვილის პირველი კონტაქტები დასავლეთის მაღალჩინოსნებთან, ცნობილი ვაშინგტონელი ლობისტების მცდელობის მიუხედავად, იოლად არ წარიმართა. მაგალითად, ივნისში, როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ეწვია, ბ-ნ ივანიშვილმა უარი თქვა მასთან შეხვედრაზე თუკი სახელმწიფო მდივანი მას პირისპირ არ შეხვდებოდა (ამგვარი რამ მხოლოდ უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირების შემთხვევაში ხდება) და არა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, რომლებსაც ის არალეგიტიმურად მიიჩნევდა. ყველა მხარემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ივნისსა და ივლისში ურთიერთობებში აშკარა სიგრილე იგრძნობოდა.
იმავდროულად, დასავლელმა მიმომხილველებმა ჯეროვნად ვერ შეაფასეს ივანიშვილის კამპანიის ეფექტურობა. დასავლელების მიერ ჩატარებული გამოკითხვები თითქოს მიუთითებდა, რომ სექტემბრის დასაწყისში სააკაშვილის პარტია 20 პუნქტით ლიდერობდა – მაჩვენებელი, რომელიც იმდენად მაღალია, რომ საეჭვოა ციხის ძალადობის ამსახველი ვიდეოების გავრცელებასაც კი ის ასე შეემცირებინა. როდესაც ვეტერანი დიპლომატი და ივანიშვილის მრჩეველი თედო ჯაფარიძე არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვაშინგტონში ჩავიდა და სახელმწიფო დეპარტამენტს ეწვია, მისი თქმით, ამერიკელი ჩინოვნიკები ივანიშვილის მხარდამჭერების საპროტესტო გამოსვლების პრევენციაზე იყვნენ კონცენტრირებულნი.
„ისინი კითხულობდნენ „რა მოხდება როდესაც თქვენ წააგებთ?“ ამბობს ჯაფარიძე. „მე კი ვეკითხებოდი, რა მოხდება თუკი გავიმარჯვებთ? ამისთვის მზად ხართ? მაგრამ მათ ამის არ სჯეროდათ.“
ბ-ნ ივანიშვილი სრულიად განსხვავდება ბ-ნ სააკაშვილისგან, კოსმოპოლიტი ქარიზმატული ლიდერისგან, რომელიც თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და ინტუიციის დონეზე იცის ის, თუ რას მოელის დასავლეთი. ბ-ნ ჯაფარიძე ივანიშვილს ახასიათებს როგორც „უაღრესად რეალისტ და პრაგმატულ“ ადამიანს „ქართველის ძირითადი ინსტიქტებით.“
აშშ-ს ახალი ელჩის რიჩარდ ბ. ნორლანდის ჩასვლამ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში, ბ-ნ ივანიშვილის კავშირები აშშ-სთან გააუმჯობესა და ეს ორი ადამიანი, როგორც მათი თანაშემწეები ამბობენ, ხშირად, დღეში ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის შეეცდება შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირები შეერთებულ შტატებთან და გააგრძელოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების კურსი, მიუხედავად იმისა, რომ ეს რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. მისი გამარჯვების შემდეგ შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან დელეგაციების ნაკადი არ წყდება, თქვა ბ-ნ ჯაფარიძემ.
„რამდენადაც ვხვდები, დასავლელები აცნობიერებენ, რომ ეს რეალობაა, მაგრამ ამავე დროს ისინი ვერ ხვდებიან როგორია ეს ახალი რეალობა – ვგულისმობ ივანიშვილს,“ თქვა მან. „ისინი მას შეკითხვებს უსვამენ.“
ზოგიერთი ამ საუბართაგანი კომფორტული ნამდვილად არ არის. მას შემდეგ რაც ივანიშვილმა სააკაშვილს გადადგომა ურჩია, სამმა ამერიკელმა სენატორმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ ისინი „იმედგაცრუებულნი და შეშფოთებულნი“ არიან ივანიშვილის კომენტარებისა და „დაუკონკრეტებელი ბრალდებების“ გამო. ამ დროისთვის ივანიშვილს უკვე უარყოფილი ჰქონდა საკუთარი კომენტარი.
დანიის კონსული საქართველოში ესბენ ემბორგი ამბობს, რომ ეს ეპიზოდი ბ-ნი ივანიშვილისთვის ერთგვარი ჭკუის სწავლების პროცესის ნაწილია. მისი თქმით, ახალი ლიდერი, „იზოლირებულ გარემოში ცხოვრობდა და კონტაქტი არავისთან ჰქონდა.“
„ალბათ ის ახლა ხვდება, რომ პოლიტიკოსი უნდა გახდეს, და ხულიგანი უბრალოდ ვერ იქნება,“ თქვა ემბორგმა. „ის რაც თქვენ მოიგეთ არჩევნებია და არა მუშტიკრივი. არსებობს მოსახლეობის 50 პროცენტი, რომელსაც თქვენთვის ხმა არ მოუცია. ვიღაცამ მას უთხრა: „ასე არ იქცევა გამარჯვებული. ეს პატარა ადამიანის თვისებაა.“
ასეთი დისკუსიები როგორც ჩანს პერიოდულად მომავალ კვირებშიც განახლდება, რადგან ქვეყნის მართვის სადავეებს შედარებით გამოუცდელი გუნდი იბარებს. ბ-ნმა ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტი მღელვარება გამოიწვია გასულ ხუშაბათს რუსულ ჟურნალ New Times-ისთვის მიცემული ინტერვიუთი, რომელშიც ის ამბობს, რომ უკვირს ეთნიკური სომხები რატომ ცხოვრობდნენ საქართველოში როდესაც „მათი სამშობლო გვერდით იყო.“ ეს შემაშფოთებელი კომენტარია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ეთნიკური დაპირისპირების ისტორია აქვს.
მოგვიანებით ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომ მისი ციტატა კონტექსტიდან ამოიღეს და რომ სინამდვილეში ის გულისხმობდა იმას, რომ „სომხები და ებრაელები მსოფლიოს მოქალაქეები არიან და ყველგან, სადაც კი ცხოვრობენ, წარმატებას მიაღწიეს.“ ამით დაასრულა მან თავისი პირველი კვირა ეროვნული ლიდერის რანგში.
„ის ახალბედაა. ამას თავის კარგი და ცუდი მხარეები აქვს,“ თქვა დე ვაალმა, კარნეგის ფონდის ანალიტიკოსმა. „ცუდი მხარე ის არის, რომ ის არაპროგნოზირებადია და საკმაოდ ექსცენტრულ რაღაცებს ამბობს. კარგი მხარე ის არის, რომ ის ჯერ კიდევ სწავლობს და საკუთარი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს. მას რჩევების მიღებაც შეუძლია.“
foreignpress.ge