ინდონეზიაში არჩევნებზე მუშაობის დროს გადაღლილობისგან გარდაცვლილი საარჩევნო კომისიების წევრების რიცხვი 139-მდე გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პოლიტიკის, იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრმა ვირანტომ განაცხადა.
„გარდაცვლილია საარჩევნო კომისიების 139 წარმომადგენელი, კიდევ 500-ზე მეტი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ხმებს დათვლა გრძელდება. საერთო ჯამში საარჩევნო კომისიებში 7 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს“, - განაცხადა ვირანტომ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილების რაოდენობა 91-ს შეადგენდა, კიდევ 347 კი საავადმყოფოებში მკურნალობდა.
როგორც აზიური გამოცემა თჰე შტრაიტს თიმეს-ი წერს, ინდონეზიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არიფ ბუდიმანმა განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზი ხმების დათვლის გამო გადაღლილობა იყო. მისი განმარტებით, კომისიის ზოგიერთი წევრი 24 საათზე მეტხანს შეუჩერებლად მუშაობდა.
მისი თქმით, ხელისუფლება გარდაცვლილების ოჯახს კომპენსაციის სახით 30-36 მილიონი ინდონეზიურ რუპის (2100-2500 დოლარი) გადაუხდის.
17 აპრილს ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთდღიანი არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობა ირჩევდა პრეზიდენტს, პარლამენტის ორი პალატის დეპუტატებს, ასევე რეგიონების საკანონმდებლო ორგანოების წევრებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო დაახლოებით 800 ათასი საარჩევნო უბანი. არჩევნებზე აქტივობა 82% იყო.
260 მილიონი მოქალაქიდან ხმის მიცემის უფლება 93 მილიონს ჰქონდა. ინდონეზიის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი ძირითადი კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო და გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი პრაბოვო სუბიანტო იბრძვიან. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოკო ვიდოდომ სწორედ სუბიანტოს აჯობა.
არჩევნების ოფიციალური შედეგები 22 მაისს გამოცხადდება.