„ქართული ოცნება“ ხელისუფლბაში იმ დაპირებების წყალობითაც მოვიდა, რომელიც სიღარიბის ზღვარზე მყოფ საქართველოს მოსახლეობას მისცა. ასე რომ, ახლა უკვე მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის რეალურ ქმედებებს. საინტერესოა, რამდენ ხანს მისცემენ მოქალაქეები ახალ ხელისუფლებას დანაპირების შესრულებისათვის?
როგორც ჩანს, ხალხი საკმაოდ სწრაფად ითხოვს პირობის შესრულებას და ეფექტურ ქმედებებს ხელისუფლების გადაბარებისთანავე ელოდებიან.
„მაქსიმუმ ერთი თვე, ალბათ, ეიფორიიდან გამოსვლისა და ხელისუფლების გადაბარების პერიოდი იქნება. მერე კი, ყველა გონს უნდა მოეგოს და დაიწყონ ნელ-ნელა დაპირებების შესრულება. ხალხმა მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იმედი გვაქვს, რასაც დაგვპირდნენ რეალობადაც აქცევენ. არ უნდა დავუშვათ ძველი შეცდომების განმეორება და რამდენიმე წელი არ უნდა მივცეთ დაპირებების შესასრულებლად”, - აცხადებენ თბილისელები.
მაგალითად, ნონა მაისურაძე დარწმუნებულია, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. ის მიიჩნევს, რომ დაპირებების შესრულების პროცესი ნელ-ნელა დაიწყება და რამდენიმე თვეში შედეგებიც სახეზე იქნება:
„პარლამენტის დამტკიცების შემდეგ, დადგება დრო, როდესაც ჩვენი იმედები უნდა გამართლდეს. ზამთარში კომუნალური გადასახადების გაიაფებასაც ველოდები. ესეც მათი დაპირება იყო. რამდენიმე თეთრით რომ გაიაფდეს გადასახადები, ესეც მოგვცემს გარკვეულ შეღავათს. მომდევნო ზამთრისათვის კი უფრო გაიაფებული იქნება ყველაფერი. ასევე ველოდებით ფასების შემცირებას ყველა პროდუქტზე, რაზეც კი ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი.
ვფიქრობ, გაზაფხულისთვის უკვე შესამჩნევი უნდა იყოს გარკვეული ცვლილებები, მანამდე კი ახალ ხელისუფლებას მივცეთ დრო. თუ ამ დროისთვის არაფერი შეიცვლება, მერე უნდა დავიწყოთ მოქმედება“, - ამბობს ნონა მაისურაძე.
ჯერჯერობით „ქართული ოცნებისა“ და მოსახლეობის მოთხოვნა-დაპირებები დროშიც ემთხვევა ერთმანეთს. კოალიცია არ აპირებს გაწელოს ეკონომიკური ტიპის დაპირებების შესრულება.
მათი განხორციელება, როგორც „ოცნების“ წევრები აცხადებენ, არჩევნების შემდეგ დაიწყება, მათ შორის, არის სოფლის მეურნეობაში მილიარდი დოლარის დაბანდება, ტარიფების შემცირება, ჯანდაცვის დაზღვევა, სკოლებისა და საწარმოების მშენებლობა და ა.შ. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის, მათი თქმით, საქართველოს ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვა საკმარისი იქნება და არ გახდება საჭირო კონკრეტული პროექტების გამო გადასახადების გაზრდა.
კოალიციის ეკონოიმკური პროგრამის ერთ-ერთი ავტორის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ცვლილებები უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე საწვავი გაიაფდა, ბიზნესმენები გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისგან და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება მომავალშიც.
„პირველივე დღეს, როცა პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და მოწესრიგდება საკანონმდებლო სფერო, დავიწყებთ ქმედით ღონისძიებებს, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებს შეეხება. ძალიან მალე იგრძნობს ამ კეთილდღეობას საქართველოს მოსახლეობა, ამისთვის მაქსიმუმი გაკეთდება.
გარკვეულ დონეზე, ცვლილებები უკვე დაიწყო, პირველ რიგში, ეს საწვავის ფასზე აისახა. პროცესი გაგრძელდება მომავალშიც. დასაქმება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, მცირე და საშუალო ბიზნესი, ჯანდაცვა და სხვა, იმ დაპირებების ნუსხაშია, რომელიც მოსახლეობას მივეცით და აუცილებლად შესრულდება“, - აცხადებს ხადური.