ვინ და როგორ მიაწოდა ინფორმაცია, გიორგი გახარიას, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ პანკისის ხეობაში სამართალდამცავები გაეგზავნა, არ ვიცი, მაგრამ ვხედავ, რომ მინისტრი გარკვეული დარტყმის ქვეშ დააყენეს, აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე „2020NEWS-თან“ საუბარში.
ექსპერტის თქმით, პანკისის ხეობაში ყველა ხელისუფლება ერთსა და იმავე შედმომას უშვებს.
_ ბატონო მამუკა, რა მოხდება, თუ პანკისის ხეობის მოსახლეობის ის წარმომადგენლები დაისჯებიან, ვინც პოლიციელების მანქანები დაწვეს?
_ დამნაშავები რომ უნდა დაისაჯნონ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამის ფორსირებულად გაკეთება არ შეიძლება. უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც ეს სიტუაცია შექმნა. ვინც სიტუაცია დაძაბა, თბილისში თუ პანკისში მნიშვნელობა არ აქვს. პანკისში ვინც პოლიციას ებრძოდა, რამდენიმე ადამიანი შევამჩნიე, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ჰესიც, პანკისის მდგომარეობაც და საქართველოს სახელმწიფოებრიობაც. ეს ადამიანები ძირითადად ორიენტირებულები არიან იმ დავალებებზე, რომლებსაც საქართველოს საზღვრებს გარედან იღებენ. ასეთი ადამიანები თბილისშიც არიან. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ. შეუგნებლად ან უკეთეს შემთხვევაში შეგნებულად. ჩემთვის მთელ ამ სიტუაციში, პანკისის ხეობის მაცხოვრებლების გარდა, სიტუაციის მსხვერპლი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრიანად.
მე მაინც მგონია, რომ განმეორდა ის, რაც მოხდა ლაფანყურის მოვლენების დროს. ერთმა უწყებამ მეორე უწყება დარტყმის ქვეშ დააყენა. ვერ გეტყვით, რომელ უწყებას ვგულისხმობ, ჯერჯერობით არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც შინაგან საქმნეთა სამინისტრომ საწყისი კონტიგენტი შეიყვანა და ამით კანონის სრული დაცვით იმოქმედა, შემდეგში მეორე კონტიგენტის შეყვანის დროს, მათ არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია და გადაადგმევინეს არასწორი ნაბიჯი. ეს მათ პასუხისმგებლობას არ უხსნის. ვფიქრობ, რომ პრობლემა უფრო ღრმად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. იმაზე უფრო ადვილი რომ ვიძახოთ, შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგესო, არაფერია, მაგრამ რა მოხდა რეალურად, ეს არის მთავარი. რეალობის შესწავლა და რეალური დამნაშავეების დასჯა არის მთავარი და არა იმ ქალებისა, ქვებს რომ ისროდნენ. იმ ქალებს უბრალოდ ვერ დასჯი და მორჩა. ეს ნიშნავს, რომ მტრის წისქვილზე წყალი დაასხა და პრაქტიკულად საომარი მდგომარეობა შექმნა პანკისის ხეობაში, რაც ჩვენს მტერს ძალიან აწყობს და წლების განმავლობაში ცდილობს.
ჩვენმა ხელისუფლებებმა ვერ ისწავლეს ჭკუა. წლიდან წლამდე ყველა ხელისუფლება ერთსა და იგივე შეცდომას უშვებს.
_ ყველა ხელისუფლება პანკისის ხეობაში, რატომ უშვებს შეცდომას, რატომ ვერ სწავლობენ ერთმანეთის შეცდომებზე?
_ ეს ძალიან ვრცელი ამბავია და მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის საბუთს რომ ჩაიდებს ჯიბეში და გვერდზე იარაღს რომ ჩამოიკიდებს, ჰგონია, რომ ძალაუფლება მისია და უნდა, მას ყველა უსიტყვოდ დაემორჩილოს. ქვეყნის ხელისუფლება ხშირად მათ ნება-სურვილს მიჰყვება. ზუსტად ასე განვითარდა მოვლენები პანკისის ხეობაში 1998 წელს. მაშინ ხეობაში ნარკოტიკების საკითხი იდგა მწვავედ. მართალია, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა ჩამოიტანეს და ასაღებდნენ ხეობაში, მაგრამ როცა ის ნარკოტიკი დამთავრდა, თბილისიდან შეჰქონდათ პოლიციელებს ნარკოტიკი, ასაღებდნენ, როგორც ჩეჩნურს და ხელს ითბობდნენ.
თვითონ შექმნეს უკონტროლო სიტუაცია და მერე თვითონ მოინდომეს ამ უკონტროლო სიტუაციის ლიკვიდირება ამერიკელი კოლეგების მოთხოვნით და კინაღამ გამოუსწორებელი სიტუაცია შეიქმნა მაშინ პანკისში.
გავიხსენოთ ლაფანყურის მოვლენები. სააკაშვილმა უამრავი ახალგაზრდა ჩამოიყვანა მოსამზადებელ ბაზაზე მათ ვითომ სირიაში საომრად ამზადებდა, შემდეგ კი იმ ახალგაზრდებმა აიღეს და გასწიეს ჩრდილოეთ კავკასიისკენ. იქ ერთმა მინისტრმა ნამდვილად იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ იმისათვის, რომ მეორე მინისტრისთვის ცუდი გაეკეთებინა, ის პროცესი მიუშვა...
დღესაც ეს სიტუაცია, ამ მასშტაბის არ არის, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება სამწუხაროდ არ შეცვლილა. საქართველოში არის რეგიონები, რომელთა მიმართ განსაკუთრებული მოქმედებაა საჭირო. საერთოდ ყველა რეგიონი ასეთია, მაგრამ როდესაც იცი, რომ ჩასაფრებული გყავს მტერი, შენს საზღვრებს გარეთ, რომელიც გიქმნის ისეთ პირობებს, რომ შენ აქეთ წამოეგო პროვოკაციას, ნუ მიდიხარ და მაინცდამაინც ამ ხაფანგში ნუ ყოფ თავს, რა.
რაც მოუვიდა სააკაშვილს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, იგივეს გაკეთებას ცდილობენ. მასშტაბები, რასაკვირველია, სხვა არის, სულ რვა ათასი ადამიანი ცხოვრობს პანკისის ხეობაში, მაგრამ ხომ იცი, რომ შენი მტერი ჩასაფრებულია და ეს მტერი ქისტი არ არის.
ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების საბჭო არ არის, რომელშიც არ ხდება კონსოლიდირებული განსაზღვრა საფრთხეების და როცა ეს ყველაფერი ერთი უწყების იმედზეა, მიტოვებული , ამ ქვეყანას ბევრი არც მოეთხოვება.
ვინ და როგორ მიაწოდა ინფორმაცია, გიორგი გახარიას, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ პანკისის ხეობაში ასე უნდა მოქცეულიყო, მე არ ვიცი, მაგრამ ,ყოველ შემთხვევაში, ვხედავ, რომ მინისტრი გარკვეული დარტყმის ქვეშ დააყენეს. მე მას საერთოდ არ ვიცნობ, მომწონს, არ მომწონს, საქმეეს არაა. ვსაუბრობ პრინციპზე.