კორუფციული დანაშაულის გამოძიების ფარგლებში ალჟირში 5 მილიარდერი დააკავეს.
ალჟირის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით Reuters-ი წერს, რომ დაკავებულთა შორის არის ალჟირის უმდიდრესი ადამიანი ისად რებრაბი, რომლის ქონებაც, Forbes-ის მიხედვით, $3,8 მლრდ-ს შეადგენს.
რებრაბის გარდა, დაკავებულ მილიარდერთა შორის 4 ძმაც არის. კუნინეფების ოჯახის ეს წევრები ალჟირის ყოფილ პრეზიდენტთან აბდელაზიზ ბუტეფრიკთან არიან დაახლოებულნი.
ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა 20-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან 2 აპრილს გადადგა. მის გადადგომას წინ მასობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა. ბუტეფლიკა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მეხუთე ვადით აპირებდა პრეზიდენტად კენჭისყრას, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.
პირველ აპრილს პრეზიდენტმა ალჟირის ახალი დროებითი მთავრობის ფორმირება დაასრულა და მთავრობის შემადგენლობა დაასახელა.