ინდონეზიაში საარჩევნო კომისიის სულ მცირე 91 წევრი გარდაიცვალა და 347 საავადმყოფოში მოხვდა ქვეყანაში საყოველთაო არჩევნების შემდეგ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Tempo წერს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 54 გარდაცვლილის შესახებ.
როგორც აზიური გამოცემა The Straits Times-ი წერს, ინდონეზიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არიფ ბუდიმანმა განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზი ხმების დათვლის გამო გადაღლილობა იყო. მისი განმარტებით, კომისიის ზოგიერთი წევრი 24 საათზე მეტხანს შეუჩერებლად მუშაობდა.
ბუდინის თქმით, ხელისუფლება გარდაცვლილების ოჯახს კომპენსაციის სახით 30-36 მილიონი ინდონეზიურ რუპის (2100-2500 დოლარი) გადაუხდის.
გარდა ამისა, გამოცემა „სინჰუას“ ცნობით, გადაღლილობის გამო არჩევნების დროს და შემდეგ გარდაიცვალა 15 პოლიციელი.
17 აპრილს ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთდღიანი არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობა ირჩევდა პრეზიდენტს, პარლამენტის ორი პალატის დეპუტატებს, ასევე რეგიონების საკანონმდებლო ორგანოების წევრებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო დაახლოებით 800 ათასი საარჩევნო უბანი. არჩევნებზე აქტივობა 82% იყო.
260 მილიონი მოქალაქიდან ხმის მიცემის უფლება 93 მილიონს ჰქონდა. ინდონეზიის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი ძირითადი კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო და გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი პრაბოვო სუბიანტო იბრძვიან. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოკო ვიდოდომ სწორედ სუბიანტოს აჯობა.
არჩევნების ოფიციალური შედეგი 22 მაისს გამოცხადდება.