უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ვფიქრობ, მოსახლეობის 75%-ს ზელენსკისთვის ხმა იმიტომ არ მიუცია, რომ ეს მთავრობა კიდევ ნახევარი წელი ვითმინოთ. თუ პარლამენტს იოტისოდენა სინდისი შერჩა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება უნდა მისცეს. ახალ პრეზიდენტს ძალოვნების: გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, თავდაცვის მინისტრის შეცვლის საშუალება უნდა მიეცეს, რათა ყველამ დავინახოთ, შეძლებს თუ არა ის კორუფციაში ეჭვმიტანილი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემას. ეს ცვლილებების პირველი ტესტი იქნება“, - განაცხადა ტიმოშენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წლის 27 ოქტომბერს არის დანიშნული.
უკრაინაში ამ დროისთვის ბიულეტენების 99.94 პროცენტი დათვლილია. უკრაინის ცესკოს მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატ ვოლოდიმირ ზელენსკის ხმათა 73.23 % (13 531 939 ხმა) აქვს, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,45% (4 518 111 ხმა) მიიღო.
ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ზელენსკის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა.
რაც შეეხება რუსეთს, ზელენსკის გამარჯვებას ჯერჯერობით არ ულოცავს.