ვინ იქნება შემდეგი და როდის დაითხოვენ სხვა მინისტრებს, ამის შესახებ პრემიერი მამუკა ბახტაძე არაფერს აკონკრეტებს, ინფორმაცია არ აქვთ არც მინისტრთა კაბინეტში, მაგრამ გასაცხრილთა სია რომ ამოქმედდა, ეს უკვე აშკარაა.
მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 9 აპრილს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა სამი მინისტრის მიმართ უკმაყოფილება ღიად გამოხატა. განწირულ მინისტრებს შორის ერთი ქალია.
ვარაუდობენ, რომ შემდეგნი იქნებიან ქეთევან ციხელაშვილი და დავით ზალკალიანი. ციხელაშვილს, სავარაუდოდ, დიპლომატი ზურაბ აბაშიძე შეცვლის, ხოლო ზალკალიანს -აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.
რის გამო დაიწუნებენ მინისტრებს, ამ საიდუმლოს გასაღებს წინასწარ თავად მამუკა ბახტაძე გვაწვდის, როცა ამბობს, რომ, თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. უახლოეს მომავალში რა ბედი ელით ციხელაშვილს და ზალკალიანს, ამის შესახებ თავად ეს მინისტრები არაფერს აკონკრეტებენ, მაგრამ მათი სიჩუმე არაფრის მთქმელია. ასე ეკონომიკის ყოფილი მინისტრიც გვარწმუნებდა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არ განიხილებოდა, მაგრამ ქობულია გადააყენეს.
ამოქმედდა თუ არა ე.წ. შავი სია და ვინ იქნება შემდეგი?
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ წუთში ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს და პირდაპირ თუ ვიტყვით, ხელისუფლებაც ბიძინა ივანიშვილია. თუ ბატონ ბიძინას ვინმე არ მოსწონს, მაშინ ვინც მოსწონს, ის უნდა მოიყვანოს, მოიყვანოს თუნდაც თავისი დეიდაშვილი ბატონი უჩა. მთავარია, შედეგი დადონ, რადგან ასეთი მმართველობით შედეგი არ იქნება, არც ასეთი საკადრო პოლიტიკით დაიდება შედეგი.
„ვერ გეტყვით, ციხელაშვილი და ზალკალიანი შეიცვლებიან თუ არა. ყველაფერი შედეგით უნდა ფასდებოდეს. სიმართლე გითხრათ, საგარეო საქმეთა მინისტრი არ მომწონს, რადგან მისი განცხადებები დიპლომატის განცხადებებს არ ჰგავს, ანუ არადიპლომატიურია. რასაც ის აკეთებს, ეს არის აგიტაცია-პროპაგანდის წევრის განცხადება, რომელიც წინასწარ ცნობილი ფრაზებით საუბრობს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძალიან სერიოზული დიპლომატი, რომელიც ხელისუფლების ისეთ პოლიტიკას გაატარებს, რასაც საქართველოს წინაშე სასიცოცხლო პრობლემების გადაჭრა ჰქვია. იგივე შემიძლია ვთქვა თავდაცვის მინისტრის შესახებაც. საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები უბრალოდ სასაცილო ფრაზეოლოგიის დონეზე ლაპარაკობენ, ისინი ვიღაცის და რაღაცის მსახურები არიან და არა მინისტრები“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
მისივე განმარტებით, დიპლომატის საქმე ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებია. კერძოდ, ქვეყნის უსაფრთხოებაა სერიოზული პრობლემა, ქვეყნის ტერიტორიული საკითხები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქ უბრალოდ ტერიტორიაზე კი არაა საუბარი, არამედ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ქართული კულტურისთვის იმ დიდი სივრცის დახურვა, რასაც აფხაზური კულტურა და სუბკულტურა ჰქვია ერთიან ქართულ სივრცეში. ისევე, როგორც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცხინვალის რეგიონი და ის ხალხი, რომლებიც თავისი ნებით იყვნენ ორგანული ნაწილნი საქართველოსი და უაზრო პოლიტიკური ქცევების შედეგად გავიხადეთ მტრად.
„ჩვენ გვჭირდება ამ სასიცოცხლო პრობლემების მოგვარება. სულ ნატოსა და ევროკავშირზე საუბარი სასაცილოა. ეს უფრო პროქსის საუბარია, ანუ ვიღაცისგან უფლებამოსილი პირების საუბარი, რომლებიც ასრულებენ დავალებას და არა დიპლომატიას. ჯერ მე ვერაფერი გავიგონე დიპლომატიური. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, იგი ცნობილ პერსონაჟს ყოჩაღ ჯარისკაც შვეიკს მაგონებს, მაგრამ შვეიკი უფრო იუმორით სავსე იყო, ვიდრე ჩვენი თავდაცვის მინისტრი“.
ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ე.წ. შავი სიის ამოქმედება ამ ეტაპზე ჭორია, რადგან რომელიმე მინისტრის გადაყენების შესახებ ჯერ არავის არაფერი უთქვამს.
„მთავარია, რომ პოლიტიკაა შესაცვლელი. ქეთევან ციხელაშვილი რას აშავებს, არ ვიცი; ზურაბ აბაშიძე სადაც არის, მე მგონი, ეფექტურად საქმიანობს იმ პოლიტიკის ფარგლებში, რა პოლიტიკაც არის განსაზღვრული მთავრობის მიერ; რაც შეეხება დავით ზალკალიანს, ის არ განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. არა მგონია, ის საქმეს ცუდად უძღვებოდეს, უბრალოდ, ქვეყნის პოლიტიკა გადასააზრებელია. ცალკეული მინისტრები ამ პოლიტიკას ვერ შეცვლიან. ეს მთელი ქვეყნის პოლიტიკაა“, - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
ვაა..., მართლა?? ეს როგორ მაინც?
ჩემი აზრით ისინი საქართველოს ტერიტორიაზე კი ცხოვრობდნენ მაგრამ ოდითგანვე სულ მტრები იყვნენ, ჩვენში ხედავდნენ კოლონიზატორებს და როცა საშუალება მიეცათ რუსეთის დახმარებით წაგვაგლიჯეს ტერიტორიები და თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადეს!
აგერ, ახლა სომხეთს აზერბაიჯან საომარი მდგომარეობა რომ არ ჰქონდეს, სომხებით დასახლებულ საქართველოს ტერიტორიებს ეგრევე მიიერთებდა. ასეთი შედეგები რომ არ დამდგარიყო, სტატუს კვოს შესანარჩუნებლად რუსეთისადმი მეტად ლოიალური დამოკიდებულება უნდა გამოგვეჩინა და დასავლეთთან კეკლუცობისათვის არ უნდა შეგვეწირა საქართველოს ეს ტერიტორიები.