„წარმოუდგენელია, თანამდებობაზე დარჩნენ გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი - გამორიცხულია!“

„წარმოუდგენელია, თანამდებობაზე დარჩნენ გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი - გამორიცხულია!“

საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებელია. ლაშა ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა და მოღვაწეობას ისევ საპატრიარქოში გააგრძელებს. ჟვანია დეტალებზე არ საუბარობს, თუმცა „ფეისბუქის“ პირად გვერზე წერს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან ემსახურება ქვეყანას. არსებული ინფორმაციით ლაშა ჟვანიას წამოსვლის მიზეზი პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვით ის პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე უარს არ ამბობს.

ცვლილებებია აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეკონომიკის მინისტრის შემდეგ, თანამდებობის დატოვება მოუწევთ ფინანსთა, საგარეო და შერიგების საკითხებში მინისტრებს. კულუარებში ასევე არ გამორიცხავენ იუსტიციის მინისტრის განთავისუფლებას, თუმცა, როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო ამბობს, წულუკიანი მთავრობას პრემიერ–მინისტრთან ერთად დატოვებს.

ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ–მინისტრი, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილება არ განიხილება და მომავალში ციფრებით და კონკრეტული შედეგებით იხელმძღვანელებს.

„თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რასაც შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომ ცვლილებები კიდევ იქნება, ამაზე ღიად საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკო ამბობს, რომ ქობულიას გადაყენების მიზეზი არ იცის, მაგრამ მინისტრების ცვლილებები ამ წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად იცის, რომ მომავალშიც იქნება.

„რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე თვითონ ამ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი, რადგანაც ეს არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა, ჩემთვის უცნობია“, – ამბობს დავით სერგეენკო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, სასურველი იყო, რომ გუნდის წევრები ყოფილიყვნენ ინფორმირებული ამ ცვლილების შესახებ. დეპუტატი ამბობს, რომ კომუნიკაციის არარსებობა გუნდში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობისგან არის გამოწვეული.

როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა და წარმოუდგენელია, საპარლამენტო რესპუბლიკაში საკითხი გუნდში განხილვას მაინც არ ექვემდებარებოდეს .

„ვთვლი, რომ ეს გამოწვეულია გარკვეულწილად პოლიტიკური კულტურის ნაკლებობისგან, რომელიც ქვეყანაში უნდა გაიზარდოს და განვითარდეს. მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა და ისიც მესმის, რომ პრემიერ–მინისტრს აქვს კონსტიტუციური უფლება ამ გადაწყვეტილების მიღების, მაგრამ როცა პოლიტიკურ გუნდში ერთიანობაზე ვსაუბრობთ, სასურველია, რომ პარლამენტთან, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელ და ხელისუფლების მაკონტროლებელ სუბიექტთან, იყოს გარკვეული მსჯელობა“, – აცხადებს ლევან კობერიძე.

მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს დამოუკიდებელ დეპუტატს გედევან ფოფხაძეს, რომლის განცხადებით, ქვეყანაში ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარებაა და ამ ვითარებაში თუ რაიმე ან ვინმე იცვლება, უნდა იყოს ძალიან მკვეთრი არგუმენტაცია. უკავშირდება თუ არა გიორგი ქობულიას პოსტიდან წასვლა ბიძინა ივანიშვილს, დეპუტატი ამბობს, ამაზე ბიძინა ივანიშვილმა თავად უნდა ისაუბროს.

„იყო დრო განსხვავებული ადამიანების მიმართ ძალიან ლოიალური იყო, მაგრამ ახლა ძალიან აგრესიული გახდა. თვითონ უნდა ახსნას ეს ყველაფერი. ვინაიდან მისი პოლიტიკური წონა იძლევა საფუძველს, რომ ეს კითხვები დაისვას, ის უნდა გამოჩნდეს საზოგადოებასთან და გასცეს კითხვებს პასუხები. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ მინისტრები არ გვყავს. ამ მოცემულობაში ფორმალურად ესა თუ ის ადამიანი იქნება თუ არა მინისტრის პოსტზე, ეს არსებითად არაფერს ცვლის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ქობულიას გათავისუფლების მიზეზი რომ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა არ იყო, ეს ზუსტად იცის „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ, რომლის განცხადებით, როგორც ჩანს, ამის უკან ივანიშვილის ოჯახური ინტერესები იმალება, მაგრამ არ იცის გეგმავს თუ არა ივანიშვილი ახალი ცვლილებებს.

„მას ჰქონდა გარკვეული დაპირისპირება პრემიერ–მინისტრთან. შეუძლებელია ეს უკავშირდებოდეს მის მუშაობას, რადგან მთელი „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტი ასე მუშაობს. ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგდებას შესაძლებელია, ცდილობდეს უჩა მამაცაშვილის თუ ივანიშვილის გარემოცვა სხვადასხვა ხერხებით. ალბათ, ცოტა ხანში კორუფციულ გარიგებებს უნდა ველოდოთ“, – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

არა მხოლოდ ეკონომიკური გუნდის, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელმაც არ იცის როგორია ხელისუფლების რეზერვი, შესაბამისად, უჭირს იმის თქმა, ვინ სად უნდა დანიშნოს.

„მე რომ ვიყო ივანიშვილის მრჩეველი, ვეტყოდი, რომ დაანებე თავი თავმჯდომარეობას და გახდი ისევ პრემიერი. უნდა შეიცვალოს გუნდი, არა ყველა, მაგრამ უდიდესი ნაწილი უნდა შეიცვალოს. წარმოუდგენელია, თანამდებობაზე დარჩნენ გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი - გამორიცხულია.

გენერალურ პროკურორზე გართულება მაქვს არა პიროვნულად, მაგრამ ამდენი ხანია მიდის საუბარი, რომ გენერალური პროკურატურა ვერ, ან არ მუშაობს. შეიცვალა ხელმძღვანელი, მაგრამ იოტისოდენა საქმე ვერ გაკეთდა.

მოსახლეობას არ აქვს განცდა, რომ რაღაცა შეიცვალა. გახარიამ შეიძლება ბევრი ვერაფერი შეცვალა შსს–ში, მაგრამ მისმა რამდენიმე განცხადებამ, საზოგადოებაში გააჩინა აზრი, რომ შსს–ს მართლა ჰყავს მინისტრი, ეს განცდა გააჩინა გახარიამ და ეგრევე ოპოზიციის სამიზნე გახდა“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, პროკურატურაში გადასვლა-გადმოსვლა არ მუშაობს. უწყებას ისეთი ფიგურა სჭირდება, რომელიც იმპულსს მისცემს და საზოგადოებაში მოლოდინებს გააჩენს. ძაბირაძის განცხადებით, უნდა იგძნობოდეს, რომ მინისტრები არა მხოლოდ იცვლებიან, არამედ გუნდმა აიღო ახალი მიმართულება.

„არ ვიცი რესურსი რამდენია და როგორ არის, მაგრამ ვამბობდი, რომ უმრავლესობაში დაწყებული პროცესი, უნდა გაგრძელდეს მთავრობაში და დაიდოს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, არა ტელესერიალების გადაღება, ან მხოლოდ განათლების სისტემის დაფინანსება, არამედ საჭიროა ეფექტური გეგმა.

გეგმა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, რომ არჩევნებზე ლოზუნგებით კი არ მივიდნენ ამომრჩეველთან, არამედ უთხრან მოსახლეობას, რომ ახალი გეზი ავიღეთ და ეს გახლავთ ერთი წლის შედეგი, აი, ეს არის გასაკეთებელი, ამას ვურჩევდი ხელისუფლებას, თუ ვინმე გაითვალისწინებს. ტაქტიკური გეგმა უნდა შემუშავდეს, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული. სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრემიერი. ახალმა პრემიერმა უნდა გაიგოს ერთი რამე, ნებისმიერ ქვეყანაში ლიდერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური კაპიტალი, ის ხელმძღვანელობს გუნდს. არ შეიძლება ლიდერი იყოს სხვაგან, და ვიღაცა სხვა ხელმძღვანელობდეს გუნდს. ასე არ გამოდის. ასეთი სისტემა მსოფლიოში არ არსებობს და არ მუშაობს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ერთი გზა, რომელიც თვითონ ივანიშვილსაც უყვარს და სწორიც არის, სახელმწიფო მანქანა ისე უნდა აეწყოს, რომ მანქანას შემდეგ თვითონ შეეძლოს წინსვლა, რომ ყოველ ნაბიჯზე მისი ჩარევა არ იყოს საჭირო. მიდგომა აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ როგორ უნდა განხორციელდეს ეს კიდევ ცალკე თემაა.

„მე მიმაჩნია, რომ არასწორია, მაგრამ თუ გადაწყდა, რომ იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკის ეს სახელმწიფო მანქანა ისე უნდა აეწყოს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში გადამწყვეტი არის პარლამენტი. ე.ი. მთელი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ეფექტური, უფრო ზუსტად „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც მოახერხებს პრემიერ–მინისტრის და კაბინეტის დაკომპლექტებას. ეს უფრო მიზანშეწონილი გზა არის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ რეფორმირება დასაწყებია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდიდან“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება რესურსებს, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ წესით პრემიერის საკითხი უნდა გადაწყვიტოს საპარლამენტო უმრავლესობამ და არა პარტიის ხელმძღვანელმა. პოლიტოლოგის განმარტებით, საკადრო რესურსის მოძიება არის პრობლემა, რადგან მისი თქმით, მმართველ გუნდს კადრების სწორად შერჩევის მექანიზმი არ გააჩნია, რაც იწვევს კანდიდატურების ხშირ ცვლილებას.

„ეს საპარლამენტო უმრავლესობა რისი მაქნისია? დავუშვათ, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პრემიერი იყოს ვიღაცა, მერე ეს ხომ ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ავტომატურად აწიოს ხელი ისე, რომ არაფერში არ ჩაიხედოს, არაფერს არ გაეკაროს და რახან ივანიშვილის კანდიდატურაა, უნდა დაემორჩილოს. მერე, პრინციპში, დანარჩენ მინისტრებზეც ივანიშვილს მოუწევს ფიქრი. ვიღებთ სიტუაციას, რომელიც ბუნებრივ სიტუაციას ისედაც ეწინააღმდეგება და ხელოვნურად ვითარდება ისევ ივანიშვილის ძალისხმევით.

ისევ და ისევ სასურველია აქცენტი გაკეთდეს უმრავლესობაზე და თუ უმრავლესობა ვერ იპოვის კარგ პრემიერს, მერე უმრავლესობასთან ჭიდაობა და ა.შ. ანუ, სხვა ბოლოდან იწყება პროცისის აშენება, რაც გულისხმობს, რომ ყველა ეტაპზე ისევ ივანიშვილი იქნება ნებისმიერი დეტალის შემსრულებელი“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.