„კოალიციური მთავრობის იდეა საკმაოდ მომწიფდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში“

„კოალიციური მთავრობის იდეა საკმაოდ მომწიფდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში“

„მე მაქვს ამბიცია, რომ რაღაცა შევცვალო უკეთესობისკენ და არჩევნებზე 9% ავიღოთ“, – ასეთია ირაკლი ოქრუაშვილის პროგნოზი მის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან განსხვავებით, მის შანსებს ვერ ხედავს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომლის შეფასებით, ოქრუაშვილი უკვე პოპულისტურ ნარატივებში იმდენად შორს წავიდა, უნდა, რომ გაეჯიბროს შალვა ნათელაშვილს, რომელიც პოლიტიკოსითვის არადამახასიათებელ ლექსიკას იყენებს.

for.ge გია აბაშიძეს ესაუბრა.

პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, რამდენად აქვს ოქრუაშვილს იმის შანსი, რომ 2020 წლის არჩევნებზე მიიღოს 9%, თუკი გავიხსენებთ მის პოლიტიკურ წარსულს?

გია აბაშიძე: ოქრუაშვილის პოლიტიკური წონადობის შანსებს ვერ ვხედავ, მით უმეტეს მაღალრეიტინგული პარტიული საქმიანობის აღდგენა-გაგრძელებას, გამომდინარე მისი უახლოესი წარსულიდან, რომელიც ჯერ კიდევ არ დავიწყებია ამომრჩეველს. ეს ზოგადი ტენდენციაა, სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნების წინ, პოლიტიკოსებს ახასიათებთ, მით უმეტეს პოპულისტებს – იქადნიან სხვადასხვა უმაღლესი რეიტინგებით, რომ ისინი მოდიან და სხვა არავინ. ასეთი ტენდენცია არის ამერიკაში, ევროპაში. ასე რომ, ოქრუაშვილისგან ნამდვილად არ გამიკვირდება. მე გამიკვირდება კიდევ სხვა მისნაირი მრავალპროფილიანი პოლიტიკოსები რომ არ გამოჩნდნენ. არჩევნების წინ კიდევ სხვა მისნაირები გამოჩნდებიან, დაგვპირდებიან ათასნაირ ტყუილებს და რეიტინგებს მოიგონებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერს ამომრჩეველი გადაწყვეტს.

ზოგადად, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა არ არის პრინციპული ამომრჩეველი. ამ ნიჰილიზმის ფონზე, იყიდის ამომრჩეველი ოქრუაშვილის გზავნილს და მიიღებს როგორც რეალობას ხელისუფლების შესაცვლელად?

– არანაირად არ მიიღებს. ამ ათწლეულების განმავლობაში ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა. თუ ევროპაში პოპულისტების ზეგავლენები ახლა იზრდება, ჩვენ დიდი ხანია ეს გავიარეთ. ოქრუაშვილი უკვე პოპულისტურ ნარატივებში იმდენად შორს წავიდა, უნდა, რომ გაეჯიბროს შალვა ნათელაშვილს, იყენებს რა თავის ლექსიკაში ორღობის ჭორებს, საკმაოდ მდაბიო და პოლიტიკოსითვის არადამახასიათებელ ლექსიკას, ტერმინოლოგიას, მისი ოპონენტების დისკრედიტაციას.

რა მსგავსებაა ნათელაშვილსა და ოქრუაშვილს შორის, ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის ეს შეფასება?

– არა, ერთი–ერთში მსგავსებას ვერ ვხედავ, მაგრამ არ არის გამორიცხული ერთი–ერთში მსგავსება უახლოეს კვირეებში და თვეებში ვიხილოთ. როცა თავად სააკაშვილიც კი პოლიტიკური ნიშის ძებნის პროცესშია, როდესაც ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც ერთი–ერთში ემთხვევა „პატრიოტთა ალიანსის“ ნაციონალურ განცხადებებს, ფაქტია, რომ ოქრუაშვილიც ცდილობს რაღაცა ნიშა მოიპოვოს და ამისათვის მდაბიო, პოლიტიკოსისთვის არადამახასიათებელ ტერმინებს იყენებს.

როგორც გითხარით, დიდი ხანია ქართველი ამომრჩეველი გამოცდილია პოპულისტების არჩევაში. აღარ არის ის დრო, როდესაც ასეთი პოპულისტური და კაცისთვის უღირსი კრიტიკით ეხმიანები ხელისუფლებას. რასაკვირველია, ყოველ მიზეზგარეშე ხელისუფლება უნდა გავაკრიტიკოთ, როცა მას აქვს ჩავარდნა, მაგრამ გარკვეული პროგრამებით და კონსტრუქციული შეთავაზებებით.

კრიტიკას და კონსტრუქციულობას ცდება ოქუაშვილის შეფასებები...

– დიახ, უფრო წყევლა–კრულვის და ორღობის ჭორაობის დონეზეა დასული მისი ბოლოდროინდელი განცხადებები, რაც აბსოლუტურად მიუღებელია პოლიტიკაში.

ოქრუაშვილის წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ჯგუფი შეიძლება მისი იდეის გარშემო გაერთიანდეს, როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობისთამაშის ელემენტი იკვეთება ამ შემთხვევაშიც?

–კი, კი, ნაციონალური მოძრაობის ვექტორისკენ გადახრა და ეს დაფიქსირდა მაშინაც, როდესაც მას დიდი პატივით სახლში ეწვია გრეგორი ვაშაძე. ქართულ პოლიტიკაში არაფერი არ გვიკვირს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საჯაროდ ჯალათებს უწოდებდა ბატონი ბერძენიშვილი და ახლა ნაციონალების ფრთის ქვეშ აღმოჩნდა. ოქრუაშვილმაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ დააფიქსირა, რომ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იხრება მისი გემოვნება. ბუნებრივია, ადამიანების პოლიტიკურ გემოვნებაში ვერავინ ვერ ჩაერევა, უბრალოდ, შემდეგ ამომრჩეველი წყვეტს ვის მისცეს ხმა და ვის არა. მაგრამ აქ კიდევ ერთი საკითხია, ადამიანს პრინციპულობით აფასებენ, მით უფრო პროლიტიკოსებს. როდესაც პრინციპული, მიზანდასახული და მიზანმიმართული არის პოლიტიკოსი, ის არის დასაფასებელი და არა ის, როდესაც მიხვეულ–მოხვეულად მიდის პოლიტიკაში. ერთია ლავირება, მაგრამ სხვაა ხან ერთ ბანაკში გადახტომა და ხან მეორეში. პოლიტკაში ტენდენციები უჩვენებს, რომ ამას ამომრჩეველი არჩევნებზე არ პატიობს.

„2020 წელს ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ პოლიტიკური სპექტრი გახდეს ჯანსაღი და ჩვენ მივიღოთ კოალიციური მთავრობა, სადაც დაფასებული იქნება საკუთარი საქმის ყველა პროფესიონალი და პროფესიონალი, როგორც პოლიტიკოსი“, – აცხადებს ოქრუაშვილი, მაგრამ არსებობს კი შანსები იმისა, რომ შედგეს კოალიცური მთავრობა?

– კოალიციური მთავრობის იდეა საკმაოდ მომწიფდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ამას თავად მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებიც აცხადებენ. არ არის გამორიცხული, რომ კოალიციური მთავრობაც შედგეს. მე უფრო შორს წავიდოდი და ვისურვებდი, რომ საქართველოში გვქონდეს ჩრდილოვანი კაბინეტი, როგორიც მიღებულია თუნდაც უკრაინაში, პოლონეთში. ჩრდილოვანი კაბინეტის ცნება მომდინარეობს დიდი ბრიტანეთიდან და დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნებშიც არის ეს პრაქტიკა, როდესაც იქმნება ალტერნატიული ჩრდილოვანი კაბინეტი.

ჩრდილოვანი კაბინეტის ცნებაც ის არის, რომ კონსტუქციულად აპირებს ხელისუფლების ოპონირებას, სთავაზობს მას რა სხვადასხვა ალტერნატიულ პოლიტიკას, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ კოალიციური მთავრობის მიზანი ის არის, რომ ის ხელისუფლების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებს, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც დღენიადაგ ამბობს ე.წ. ხელისუფლება, ე.წ. მმართველი პარტია და დღემდე არ ცნობენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს. უკვე დესტუქციულ ძალაზეა საუბარი. ამიტომ, კონსტრუქციული კოალიციური პარტია შეიძლება იყოს და ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით ერთ წელიწადში რომელი პარტიები რას შექმნიან. ამიტომ, დიდი ვარაუდით და ალბათობით, კოალიციური მთავრობა შედგება კონსტრუქციული ოპოზიციისგან.

კონსტრუქციულობას რომელ ოპოზიცურ პარტიაში ხედავთ, დაახლოებით რომ წარმოვიდგონოთ, რომელ ძალასთან შეიძლება შედგეს კოალიციური მთავრობა?

– ამას ვერანაირად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით 2020 წლის 18 აპრილს როგორი იქნება პოლიტიკური ძალთა ბალანსი, ეს ჯერჯერობით არ ვიცით. უამრავი ცვლილებები მოხდება, უამრავი ადამიანი შემოვა, უამრავი ადამიანი გაცოცხლდება პოლიტიკაში. ვინ, როგორ და სად დადგება, ამას ჯერ ვერ ვიტყვით. სამწუხაროდ, ძალიან ნაადრევია პროგნოზის გაკეთება.

 

სოციალისტი ერთი პოლიტიკური ძალით დაკომპლექტებული მთავრობა, რომელსაც თითქოს შინაგანი წინააღმდეგობები ნაკლებად უნდა ჰქონდეს, ვერ მუშაობს და კოალიციური მთავრობა გასართავს საქმეს? !
5 წლის უკან