9 თვის განმავლობაში არც ერთ მინისტრს სასწაულის მოხდენა არ შეეძლო, მაგრამ აწ უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას მოძრაობის ტემპი დაუწუნეს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობიდან დაითხოვეს. იძულებითი კატაპულტირების შემდეგ გამორიცხული არ არის, ქობულია ისევ მოსკოვში დაბრუნდეს. იგი პირველი მინისტრია, რომელსაც მამუკა ბახტაძის კაბინეტი არაერთგზისი მოთხოვნის შემდეგ დაატოვებინეს.
უკვე ერთი თვეა, პრემიერი გადადგომას ურჩევდა გიორგი ქობულიას. როგორც ამბობენ, ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების მოსაზრება და ამიტომაც მოიცილეს.
მოსაცილებელი იყო თუ არა ქობულია, მთელი თავისი არცთუ პოპულარული ფრთიანი გამოთქმებით, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ესაუბრა.
პრემიერი ამბობს, რომ რეგიონის ეკონომიკური ცენტრი უნდა გახდეს საქართველო. გიორგი ქობულიამ ამ ჩანაფიქრს ხელი შეუშალა, თუ იგი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში გავლენებისთვის ბრძოლას შეეწირა? რა შეცდომები დაუშვა ქობულიამ და რა ვერ გათვალა პრემიერთან, ან უფრო ზუსტად, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით?
- მე გეტყვით, რა ვერ გათვალა ქობულიამ, ჩვენ თვალწინ გვაქვს ქობულიას 9-თვიანი ოფიციალური საქმიანობა და ეს საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ნულოვანი შედეგის მქონე. ჯერ ერთი, ის არ იყო იმ აუცილებელი პოტენციალის მქონე, რომელიც ეკონომიკის მინისტრს რეფორმების გატარებისა და ლობირების უნარს აძლევს. ის არც იყო ეკონომისტი, პროფესიული თვალსაზრისით, არც პოლიტიკოსი არ იყო. არადა, ეკონომიკის მინისტრი ერთიც უნდა იყოს და მეორეც. ის არა მარტო აპოლიტიკური იყო, არამედ სრულიად მოწყვეტილი გახლდათ საქართველოს რეალობას. ჩვენს ეკონომიკას ის აფასებდა რაღაც კრიტერიუმით, რომელიც რეალობასთან ახლოს არ იყო, რომ თურმე ჩვენი ხალხი კარგად ცხოვრობს, მაგრამ ამას ვერ ხვდება. ეს ყველაფერი უაზრობაა. ყველაზე ნაკლები დამნაშავე ამ სიტუაციაში ბატონი ქობულიაა, რადგან ის არასდროს არ ყოფილა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის რაიმე საქმიანობით. მესმის, რომ თურმე სადღაც ის ვიღაცის პარტნიორია, რაღაცას კარგად აკეთებს და დიდი ხელფასიც აქვს, ღმერთს ვთხოვოთ, კიდევ კარგად იყოს და აკეთოს საქმე იქ, სადაც აკეთებს, მაგრამ რა მისი საქმეა ეკონომიკის მინისტრობა, როცა კაცი აზრზე არ არის, რა უნდა გააკეთოს?
ეს იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკის შედეგია, რომელიც მთლიანად ქართულ ხელისუფლებებს ახასიათებს უკვე 30-ე წელია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მთავრობა არ არის განმსაზღვრელი იმ პოლიტიკის, რომელიც ქვეყანას სჭირდება. სად ყალიბდება ეს პოლიტიკა, გაუგებარია. სად არის პოლიტიკა, რომელმაც ეკონომიკის სწრაფი განვითარება, მოქალაქეთა შრომის ხარჯზე კეთილდღეობის ზრდა, დასაქმება უნდა უზრუნველყოს? არაფერი ამის მსგავსი არ არის, რაღაც იდიოტურ 40 წლის წინანდელ ნეოლიბერალურ, უკვე გადაგდებულ კონცეფციებს გამოკიდებული ქვეყანა გახდა საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ქობულიას ფრთიანი გამონათქვამები დროსა და სივრცეში აცდენით იყო განპირობებული? რას ნიშნავს მისი ნათქვამი, „ეკონომიკის ზრდა ჩემი მიზანი არ არის“, „ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს“, „დიასახლისებს მუშაობა არ სურთ“, „შეიძლება, ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს, მაგრამ სინამდვილეში, ასე არ არის“...
- ის, როგორც პოლიტიკოსი და ეკონომიკის მინისტრი, აბსოლუტურად შეუსაბამო იყო ამ ადგილისთვის. იგი ამბიციური კაცია, რომელიც თავად კარგ მდგომარეობაშია, ამიტომაც ვერ განსაზღვრა ის, რომ კოორდინატთა სისტემა შეიცვალა. ადრე რასაც აკეთებდა, სულ სხვა რამ იყო, ახლა კი მიიყვნეს ისეთ საქმეზე, რაც არც შეეძლო და არც წარმოდგენა არ ჰქონდა. როცა ასეთ მდგომარეობაში ვარდები, უნდა გადაფარო ეს მდგომარეობა უაზრო განცხადებებით. ქობულიას ყველა განცხადებაც ამ 9 თვის განმავლობაში უაზრობის ტოლფასია. მაკროეკონომიკური, პროფესიული თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, მას არც ერთი დალაგებული წინადადება არ უთქვამს, გარდა ზოგადი ხასიათის დეკლარაციებისა, ეს არ იყო პროფესიონალის საუბარი.
საუბრობენ, რომ მისი გზები უჩა მამაცაშვილთან გადაიკვეთა, რომელსაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაცია სურდა, რომლის გადაცემასაც ქობულია აჭიანურებდა.
- უჩას საკითხი ამდენი წელია ტრიალებს. ერთხელ ოფიციალურად ინტერვიში განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, თუ უჩა ასე ძალიან მაგარია, მაშინ იგი ან პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს, ან ეკონომიკის მინისტრი, აიღოს პასუხისმგებლობა და საქმე გააკეთოს. ისე, ყველა მინისტრის უფროსი უჩა რომ არის, ესეც ყველამ იცის. ამ სიტუაციაში მინისტრების მოყვანა და შემდეგ უკვე გაშვება, უბრალოდ, არასერიოზულია, ამით საქმე ფუჭდება. თუ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ 2012 წელს ისინი ხელისუფლებაში თავად მოვიდნენ, ძალიან სცდებიან. 2012 წელს „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების განწყობამ მოიყვანა ხელისუფლებაში და არა ბიძინა ივანიშვილმა, ან სხვა ვინმემ. ასე რომ, თუკი ქართულ საზოგადოებას არ უნდა საკუთარი თავი ყმად წარმოიდგინოს, მან უნდა იცოდეს, ვინ განსაზღვრავს ხელისუფლების ბედს. ადრე თუ გვიან, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, კარგად უნდა იცოდნენ, რომ უჩასაც მოეკითხება, ამიტომ გამუდმებით ეს უჩა რომ არ იძახონ, ან ეკონომიკის მინისტრად, ან პრემიერად დანიშნონ და აიღოს პასუხისმგებლობა, იყოს ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელი და ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუ რაიმეს ქვეყნისთვის კარგს გააკეთებს. თორემ ვიღაცების ხელით, მათ შორის, უჩას ხელით მთავრობის მართვა დანაშაულის ტოლფასად მიმაჩნია.
ქობულიას მოცილება იმის ნიშანი ხომ არ არის, რომ პრემიერ ბახტაძის პოსტიც კითხვის ნიშნის ქვეშაა?
- მე არ ვიცნობ ამ პიროვნებას, მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე კარგი და სწორი განცხადებები გააკეთა სწორედ ამ პრემიერ-მინისტრმა. უბრალოდ, ამ სწორ განცხადებას განხორციელება სჭირდება. ის, რომ განათლება ქვეყნისთვის ნომერ პირველია, ის, რომ ქართული ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ამაში სადავო არაფერია. თორემ ხომ ვნახეთ, ქობულია რასაც ამბობდა, ჩემი საქმე ეკონომიკის ზრდა არ არისო, აბა, რა იყო მისი საქმე? სისულელეების ლაპარაკი? მე არ ვარ ბიძინას და მთავრობის შიდა სამზარეულოში ჩახედული, მაგრამ შემიძლიათ გითხრათ, რომ პრემიერი ბახტაძე საკმაოდ საღი ადამიანია, რომელიც საღ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ არ მესმის, რატომ ვერ გრძელდება ეს განცხადებები ასეთივე საღი გადაწყვეტილებით და რატომ არ გვესმის განათლების რეფორმა როგორი იქნება, რაში დაიხარჯება ფული, როგორი იქნება ეკონომიკური რეფორმები, როგორი იქნება ზრდა? ეს ყველაფერი საქმეში არ გადადის. გასაგებია, რომ ქობულიასთან ერთად საქმის კეთება შეუძლებელი იყო, რადგან იგი შორს იყო საქმისგან, მაგრამ, თუ უჩაა საქმის გამკეთებელი, მაშინ უჩა უნდა იყოს საქმეში, ჩვენ გვჭირდება წარმატებული ხელისუფლება.