საააკაშვილის დიდი დეპრესია

საააკაშვილის დიდი დეპრესია

პარლამენტის ყოფილი წევრი, პეტრე მამრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეეცდება, სამთავრობო კრიზისის გამოწვევის მეშვეობით დაშალოს პარლამენტი, ხელახლა გამოაცხადოს არჩევნები და თავის გუნდს დაუბრუნოს ხელისუფლება.

- პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბუნებრივია და ივანიშვილს არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ აქვს. სხვა საქმეა, რომ ისტერიკაში ჩავარდნილი სააკაშვილი ჯერ კიდევ ადრე ეუბნებოდა თავისი გუნდის წევრებს, რომ უბრალოდ, ემოციურად არ შეუძლია ხელი მოაწეროს ივანიშვილის მოქალაქეობას. სწორედ ამიტომ, მისი გუნდის წევრებმა გამოიგონეს სრულიად სამარცხვინო რამ, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაუფარავად შეცვალეს მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილისთვის პრობლემები შეექმნათ. ეს არის სააკაშვილის წმინდა ირაციონალური ემოციური განწყობა. დღეს ვითარება სხვა არის, რეჟიმის წინააღმდეგობის მიუხედავად, ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციით, სააკაშვილს აქვს უფლება და ვალდებულიც არის, თავად შეარჩიოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა და თავადვე წარადგინოს იგი. შემდეგ უკვე პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის დანარჩენი წევრები. მაგრამ სააკაშვილმა იცის, რომ ეს გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მისი კანდიდატურა ჩავარდება, მასობრივი პროტესტი ისევ დაიწყება, სწორედ ამიტომაც მან, უცხოელების ზეწოლით, გადადგა ეს ნაბიჯი და „კეთილი ნების ჟესტი გამოხატა“, რომ მთავრობა თქვენ დააკომპლექტეთო.  ფორმალურად, ის წარადგენს ივანიშვილს, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ და პირადად ივანიშვილმა დააკომპლექტა მთავრობის კანდიდატები, ფორმალურად და კონსტიტუციით, იგი სააკაშვილმა უნდა წარადგინოს. ამიტომ სახის შენარჩუნებისთვის სააკაშვილი ცდილობს, მის ქმედებებს ცივილიზებული იერი მიეცეს.

ანუ ყველაფერი დასავლეთისთვის თვალის ასახვევად კეთდება?

- დიახ, და ჩვენი ხალხის თვალის ასახვევადაც, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქმე გვაქვს დანაშაულებრივ რეჟიმთან, რომ ამ სადისტური სისტემის თავკაცები, სულის ჩამდგმელები არიან სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. შემდეგ მოდიან სხვა გავლენიანი პირები, როგორიცაა ბოკერია, უგულავა, გივი თარგამაძე, შემსრულებლები - ახალაიები, ქარდავები და სხვები. ამ ადამიანებს არანაირი ზნეობრივი, მორალური უფლება არ აქვს ხალხში გამოჩნდნენ. მოლაპარაკების ჯგუფი შედგება ბაქრაძის, კუბლაშვილის, უგულავასა და ბოკერიასგან, მაგრამ მაპატიეთ, ბაქრაძე და კუბლაშვილი პარლამენტარის ფიცის გამტეხნი არიან. წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდნენ ყოველნაირ ინფორმაციაზე, შიგნიდან თუ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილზე, იმის შესახებ, რაც ხდებოდა საქართველოს ციხეებში, სასამართლოებში.

ფიქრობთ, რომ ქართული ოცნებისწევრები მათ არ უნდა შეხვედროდნენ?

- ეს სპეციფიკური რამ არის. სწორს აკეთებს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რომ პროცესი ასეთ ცივილიზებულ ფორმალურ ჩარჩოებში გადაჰყავს და კონსტიტუცია და კანონები სრულდება, მაგრამ საზოგადოებამ ეს სწორად უნდა გაიგოს. ივანიშვილს არც მოუწოდებია, პრეზიდენტი უნდა გადადგესო, უბრალოდ, ჟურნალისტმა რომ ჰკითხა, უპასუხა, ალბათ, მისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იქნებოდაო.

სხვათა შორის, პრეზიდენტის გადადგომაზე კოალიციის სხვა წევრებიც საუბრობდნენ. როგორც ჩანს, ამის შესახებ აზრიქართულ ოცნებაშიშეჯერებულია.

- იცით, როგორ არის? პრეზიდენტისა და მისი გუნდის გადადგომასა და დაშლას, შემდეგ უკვე კანონიერად მათ პასუხისგებაში მიცემას საქართველოს ყველა საღად მოაზროვნე, პატიოსანი მოქალაქე უნდა მოითხოვდეს.

რეფერენდუმს გულისხმობთ?

- არა, ეს საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და მასმედიამ მკვეთრად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება. აგერ, ბაქრაძეს და კუბლაშვილს რამდენი რამ აქვთ ჩადენილი, ფიცის გატეხა უმძიმესი დანაშულია, იქით უგულავას კვაზიპორნოგრაფიული კადრები აიღეთ. ნებისმიერ ევროპულ ქალაქში ასეთი ფოტოების გავრცელების შემდეგ მერი იქვე გადადგებოდა. ის კი არათუ გადადგა, არხეინად მოღვაწეობს მოლაპარაკების ჯგუფში.

თუკი საზოგადოება ერთსულოვნად მოითხოვს სააკაშვილის გადადგომას, ფიქრობთ, რომ სააკაშვილს მზაობა ექნება ამ მოთხოვნის შესასრულებლად? ჩვენ ვნახეთ, რამდენი მიტინგის დარბევა, ხალხის დაშინება დასჭირდა მისი ძალაუფლების შესუსტებას.

- ეს კლიმატი აუცილებელია და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ნაცისტებმა თავი აღარ წამოყონ. ყველამ იცის, რომ სააკაშვილს ვადის ამოწურვამდე გეგმები აქვს. ექვსი თვის გასვლის შემდეგ, როცა სააკაშვილს უფლება ექნება დაშალოს პარლამენტი, სადღაც ამ ვადაში შეეცდებიან, სამთავრობო კრიზისის გამოწვევის მეშვეობით  ხელახლა გამოაცხადონ არჩევნები და დაიბრუნონ ხელისუფლება.

ხელისუფლების დაბრუნებას საპრეზიდენტო არჩევნებით აპირებენ

- საპრეზიდენტო არჩევნებითაც, ოქტომბერში, და მანამდე კიდევ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურთ ამ პარლამენტის დაშლის შემდეგ. თეორიულად ამაზე ფიქრობენ. იმედი აქვთ, რომ ამ თვეებში მოახერხებენ ივანიშვილისა და მისი „ოცნების“ სრულ დისკრედიტაცია-მარგინალიზაციას. ერთი წამით დავუშვათ, თუკი საზოგადოებრივი აზრის სათავისოდ შებრუნება მოახერხეს, მერე უკვე პარლამენტის დათხოვნა და არჩევნებში გამარჯვება არ გაუჭირდებათ.

მაინც საინტერესოა, რის საფუძველზე უნდა მოახდინონ ქართული ოცნებისდისკრედიტაცია? ვიდეორგოლები რომ ჰქონოდათ, არჩევნების ჩატარებამდე აჩვენებდნენ, როგორც ეს პირიქით მოხდა, ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, ციხის კადრების სახით.

- იმაზე მეტი, რაც გვაჩვენეს, ვგულისხმობ შეკოწიწებულ კადრებს, მათ არ აქვთ, მაგრამ საბოტაჟისა და პროპაგანდის მეშვეობით დიდი ბერკეტი აქვთ. ახლა საბოტაჟს ასე პირდაპირ და ღიად ვერ მიმართავენ, რადგან მაშინვე შეუტრიალდებათ, მაგრამ ვთქვათ, ბიუჯეტი ვერ შესრულდა, გადასახადის აკრეფა ისე ვერ განხორციელდა, როგორც ამას თავად დრაკონული მეთოდებითა და ბიზნესის დატერორებით ასრულებდნენ, ვთქვათ, დაგვიანდა ხელფასისა და პენსიების გაცემა, შესაძლოა, მოახერხონ და თვითონვე გააუარესონ კრიმინოგენური ვითარება, ყოველ ასეთ შემთხვევაზე იყვირებენ, სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანა წინ მიდიოდა, ხომ ვამბობდით, რომ ასე მოხდებოდაო?! ამავეს იტყვიან დასავლეთის წინაშეც, ამასვე ილაპარაკებენ საგარეო კურსის შესახებაც. ანუ ის, რასაც სააკაშვილი და მისი თანამზრახველები უწყვეტ რეჟიმში ისედაც ეუბნებიან უცხოურ დელეგაციებს, რომ, როგორც კრემლმა განახორციელა უკრაინაში თავისი გეგმები, იანუკოვიჩი მოიყვანა და დააპატიმრებინა ტიმოშენკო, იგივე მოხდა აქ, კრემლმა მოახერხა ივანიშვილის მოყვანა და ახლა, ალბათ, სააკაშვილსაც დააპატიმრებენ - ასეთია ნაცისტების პროპაგანდა.

მაგრამ რუსული მითის თავად დასავლეთსაც არ სჯერა. თვითონ აშშ-ის ხელმძღვანელობის დონეზეც აღინიშნა ამის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცი არ არის.

- რა თქმა უნდა, ამ დროს უცხოელები აცხადებენ, რომ ესენი სულ გაგიჟდნენ და როგორ შეიძლება იმის შედარება, რაც საქართველოსა და უკრაინაში მოხდა. მაკკეინმაც იგივე აღნიშნა, ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის უკან რუსეთი არ დგას. ეს იყო ძალიან ძლიერი მესიჯი, რადგან მაკკეინი ცნობილია თავისი შეურიგებელი პოზიციით პუტინის ჩეკისტური რეჟიმის მიმართ.

თქვენ აცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დეპრესიაშია და მოლოდინი აქვს, ხომ არ დაიჭერენ.

- უცხოელებსა და ჩემს კოლეგებს, ექსპერტებს თუ პოლიტიკოსებს, ვისაც კი შევხვდი, ისინი აცხადებენ, რომ საოცარი მერყეობა შეინიშნება სააკაშვილის პერსონაში და მის გუნდში. ლამის ყოველ ათ წუთში იცვლება მათი განწყობა, ხან არიან დეპრესიაში, რომ დღესა თუ ხვალ დაიჭერენ, ხანაც არხეინად აცხადებენ, სულ ცოტა ხანში დავბრუნდებით და თქვენ ნახავთ, როგორ დავბრუნდებითო. მერე უცბად ისევ ეცვლებათ განწყობა. ასეთი რამ მათ ახასიათებთ. სწორედ ასეთი მერყეობის დროს წამოიწყეს ის საშინელი სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში. ამიტომაც დაარქვა ამ გუნდს „სქაი ნიუსმა“ „სააკაშვილი და მისი კლოუნების თეატრი“. ეს ცნობილი ტერმინია.

როცა იმიტირებული „ქრონიკა“ გადაიცა „იმედზე“, ამის შემდეგ „სქაი ნიუსის“ გადაცემა იყო და ჟურნალისტმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ეს არის „კლოუნების თეატრი“.

თქვენ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების განწყობის გარეგანი ცვლილების შესახებ აღნიშნეთ, მაგრამ, რეალურად, როგორია მათი განწყობა და რატომ ახსენებს სააკაშვილი იულია ტიმოშჩენკოს?

- ამით სააკაშვილს ერთგვარი პოლიტიკური პრევენციის გაკეთება სურს, რათა უცხოელებმა თქვან, რომ არ შეიძლება მისი დაპატიმრება, რომ ეს იქნება სკანდალი და ეს იქნება ძალიან ცუდი. უნდა გვესმოდეს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, პირადად ივანიშვილი, ასეთ საკითხებში, არავითარ შემთხვევაში, არ ჩაერევა, მაგრამ, თუ მეტი და მეტი მოწმე ისაუბრებს იმაზე, თუ რა დანაშული აქვთ ჩადენილი არა მარტო ახალაიას, ქარდავებს, გივი თარგამაძეს და სხვებს, არამედ თვითონ მერაბიშვილს, ადეიშვილს, სააკაშვილს, თუკი ამოტივტივდება მრავალი დამადასტურებელი დოკუმენტი, მაშინ დამოუკიდებელ გამოძიებას ან დამოუკიდებელ სასამართლოს განა უფლება ექნება, თვალი დახუჭოს და თქვას, იცით რა, ჩვენ ამ მასალებს არ განვიხილავთ და სამართალს არ აღვადგენთო? - ეს გამორიცხულია. გეუბნებით, როგორც პროფესიონალი, ყველა დიდი მშენებლობა, რაც სააკაშვილმა ჩაატარა, საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით შესრულდა, ვინაიდან გადაწყვეტილება ამა თუ იმ შენობის აგებაზე, შემდეგ ტენდერის ჩატარება, ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა, ყველაფერი დარღვეულია. ამიტომაც ჩვენმა არასამთავრობოებმა დოკუმენტაცია ვერ მოიპოვეს, რადგან არ არსებობს, ყველაფერი ზეპირი განკარგულებითაა გაკეთებული, მათ შორის, ქუთაისის პარლამენტის სკანდალური ნაგებობა.

თუ სააკაშვილი დეპრესიაშია, მაშინ თბილისობაზე მოზეიმე სახით როგორ გამოჩნდა?

- ხუთ-ათ წუთში ეცვლება განწყობა. იქვე სპეციალურად უგროვებენ ხალხს, რომლებიც მიეგებებიან და შესაძლოა, „მიშა მაგარია“ იყვირონ, ისიც ფრთაშესხმული დაბრუნდება, იტყვის, რომ ცოტა ხანში ხელისუფლებაში დავბრუნდებით, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა იმავე ღამით შეიძლება, ღრმა დეპრესიაში ჩავარდეს და მოელოდოს, რომ ღამით დაიჭერენ. ასეთ ფსიქიკასთან გვაქვს საქმე. და კიდევ, რამდენი პრეპარატია, რასაც ეს ადამიანი იღებს, ეს უკვე საუბრის ცალკე საგანია. ჩვენი და უცხოელი ექიმები ხან რა პრეპარატს ასახელებენ, ხან რას. შევსწრებივარ ასეთ საუბრებს, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება.

და მაინც, არავინ ელოდა, რომ სააკაშვილი დათმობდა ხელისუფლებას. ეს მართლაც დასავლეთის ზეგავლენით აიხსნება?   

- როცა ხაშურში ნიღბიანი ადამიანები შევარდნენ და ყუთები გაიტაცეს, მე ეს აღვიქცვი, როგორც იმის მტკიცებულება, რომ, სადაც ვერ გააყალბეს, იქ ძალადობაზე წავიდნენ და არ დათმობდნენ საპარლამენტო უმრავლესობას. მაგრამ მეორე დღეს  წინასწარ, სანამ ხმების დათვლა დაიწყებოდა, ჩემთვის მოულოდნელად სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადავდივართო. მოგვიანებით დავადგინე, რომ ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდათ შეერთებული შტატების წარმომადგენლებს. მათ სააკაშვილს აუხსნეს, რომ, თუკი ძალადობას გააგრძელებდა და გააყალბებდა არჩევნებს, რომლის შედეგიც ყველასთვის (მათ შორის, მრავალი დამკვირვებლისთვის ცხადი იყო), მაშინ პირდაპირ განაცხადებდნენ, რომ ეს დიქტატურა და ძალაუფლების უზურპაციაა. სწორედ ასეთ ურთიერთობაზე გადავიდოდნენ სააკაშვილის მთავრობასთან, მისი დარჩენის შემთხვევაში.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, მის გუნდში აღმოჩნდნენ ისეთნიც, რომლებმაც თქვეს, რომ, თუ ამერიკელებს არ დაუჯერებდა, მას გაემიჯნებოდნენ.

არავის ეგონოს, რომ ამ სიტყვების შემდეგ მისი გუნდის წევრები კარგები არიან, უბრალოდ, ისინი საკუთარ მომავალზე და თავის დაძვრენაზე ფიქრობდნენ. რა თქმა უნდა, ისინი ამას არ ამბობდნენ, რომ ახლა გადავალთ ივანიშვილთანო, ცხადია, ბატონი ბიძინა არც მიიღებდა ასეთ ხალხს, მაგრამ აცხადებდნენ, სააკაშვილს გავემიჯნებითო. საბოლოო ჯამში, ამან პირადად ჩემთვის სრულიად მოულოდნელი რამ გამოიწვია.

შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ იმ დროს ცნობილ პოლიტოლოგებს ვესაუბრებოდი და ვუხსნიდი, რომ ხაშურში რაც ხდებოდა, ეს იყო იმის მტკიცებულება, რომ ძალადობაზე გადადიოდნენ, ამ დროს კი დამირეკეს და მითხრეს, სააკაშვილი ტელევიზიით გამოდის და აცხადებს, რომ ოპოზიციაში გადადისო. მეც ვუთხარი ჩემს კოლეგებს, სად ჩემი მოლოდინი და სად მისი კაპიტულაცია-თქო. საქმეში ჩახედული ერთი კაცი კიდეც ხუმრობდა, ამერიკელები შევიდნენ დიპლომატიური ცოცხებითა და დიპლომატიური რეზინის ხელკეტებით და ოთახიდან სააკაშვილის ხმა ისმოდა, _ ბიძია, ნუ მცემ, მტკივაო. ამერიკელებმა ეს მხოლოდ დიპლომატიურად თქვეს. სხვათა შორის, ისინი საუბრისას არასდროს შებღალავენ ადამიანის ღირსებას. თუმცა ნაციონალები არაპროგნოზირებადნი და ყველაფერზე წამსვლელნი არიან, რადგან, საბოლოო ჯამში, ესმით, რომ ან უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ან ადრე თუ გვიან წავლენ ციხეში, იმდენი რამ აქვთ ჩადენილი. წვრილმან ეკონომიკურ დანაშაულზე ხალხს 10-15 წელი აქვს მისჯილი. აქ კი საუბარია განსაკუთებით დიდი მასშტაბის ეკონომიკურ დანაშაულზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე. გარდა ამისა, წამება და სადისტური საქმეები საპნის ბუშტივით გაიხსნა _ ვახტანგ მაისაია, ბაკურ კიღურაძე, ფოტორეპორტიორები, ე.წ. ენვერიადა. ახლა საზღვარგარეთ გარბიან.

გუშინ მეუბნებოდა ერთი ახალგაზრდა კაცი, ჩემი მეგობარი ფრანკფურტში სწავლობს, დამირეკა და მითხრა, ადეიშვილი შემხვდაო. მე ვუთხარი – უკვე სწავლობს ადეიშვილი? შაშკინიც რაღაც დროულად არ ბრუნდება და ვნახოთ, როდის დაბრუნდება. მე კარგად ვიცნობ ივანიშვილს, ასევე, „ქართულ ოცნებაში“ მყოფ არაერთ ადამიანს, რომლებიც არასდროს გადაუხვევენ კანონის უზენაესობის ჩარჩოებს და არასდროს დაუშვებენ, რომ იოტისოდენა პოლიტიკური ანგარიშსწორება და რევოლუციური სამართლის მსგავსი იყოს. მაგრამ რა დაუდგება წინ ობიექტურ გამოძიებას და ობიექტურ სასამართლოს?! იმისთვის, რომ ესენი ციხეში არ წავიდნენ, ვიღაცამ რაღაც მანქანებით უნდა გააჩეროს ახალი სასამართლო და გამოძიება. ვის შეუძლია ეს?

თუკი გამოძიებას ვერ გააჩერებენ, 100 %-ით ციხეში მიდიან. ცოტა ხნის წინ საზღვარგარეთ ჟაკ შირაკი იმიტომ გაასამართლეს, რომ 25 წლის წინ მერობის პერიოდში საკუთარი მდგომარეობა იმისთვის გამოიყენა, რომ სამსახურში საკუთარი პარტიის წევრები აიყვანა. სულ ახლახანს გერმანიის პრეზიდენტიც გადადგა, რადგან დაუმტკიცეს, რომ შეღავათიანი კრედიტი იმიტომ მისცეს, რომ იგი პრეზიდენტი იყო. აქ კი უგულავას შესახებ როგორი კადრები გადის და იმ ქალბატონებს შორის ერთ-ერთი თავისი ცოლია. ამის შემდეგ ადამიანი რიხიანად და არხეინად თბილისობას ჩაატარებდა?!

თუ საიდუმლო არ არის, ბიძინა ივანიშვილს საიდან იცნობთ?

- მას ვიცნობ ძველი დროიდან. მაშინ სახელმწიფო კანცელარიის უფროსი ვიყავი და „ვარდების რევოლუციამდე“ არაერთხელ შევხვედრივარ. როცა შარშან, 7 ოქტომბერს, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, იმ დღიდან ყველა საჯარო გამოსვლაში უპირობოდ ვუჭერდი მხარს. ის დიდი ქველმოქმედია, რომ ჩამოწეროთ სია, თუ ვინ დაეხმარა საქართველოს ამ წლების განმავლობაში, პირველ ადგილზე არის აშშ და მეორე ადგილზეა ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. ამის შემდეგ მოდიან სხვა ქვეყნები და სახელმწიფოები. ყველაზე დიდი მისი ქველმოქმედება ის იყო, როდესაც საზღვარი გადალახა და თქვა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის და არ უნდა ვიყო პოლიტიკაში, მაგრამ გადავწყვიტე, დავეხმარო ოპოზიციას იმის გამო, რომ დავინახე, ოპოზიცია დახმარების გარეშე რეჟიმს ვერ ებრძვის, რადგან საამისო რესურსი არ აქვსო.

თუ ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში არ ჩამეთვლება, თავის დროზე, როდესაც ხვდებოდით ბიძინა ივანიშვილს, რის შესახებ საუბრობდით?

- ბევრ რამეზე და, სხვათა შორის, ამ საუბრებში დავინახე მისი კრედო, რომ ვინც არ უნდა იყოს ადამიანი - მილიარდერი თუ უმაღლესი თანამდებობის პირი, ცხოვრების ერთადერთი მთავარი აზრი არის ის, რომ უნდა მოასწრო და, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს, პირველ რიგში, შენს სამშობლოს უნდა დაეხმაროო. იგი ამის შესახებ ყოველთვის საუბრობდა. ეს და საკუთარი ოჯახი აძლევს მას ცხოვრების სტიმულს.