რას ნიშნავს საქართველოსთვის სააკაშვილის ტრიუმფალური დაბრუნება უკრაინაში

რას ნიშნავს საქართველოსთვის სააკაშვილის ტრიუმფალური დაბრუნება უკრაინაში

უკრაინის საპრეზიდენტო არჩენვების მეორე ტურის შედეგებმა, რომელიც კვირას, 21 აპრილს გაიმართება, შესაძლოა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გარდა, საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციასა და 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებზეც კი მოახდინოს გავლენა. ქართველ პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი არჩევნებს ვლადიმირ ზელენსკი მოიგებს, რის შემდეგაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტრიუმფით დაბრუნდება უკრაინაში.

ზელენსკი, ყველა გამოკითხვებით, მნიშნელოვნად უსწრებს თავის მეტოქეს - მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს. იგი ღიად საუბრობს სააკაშილის მიმართ მის სიმპატიებზე, სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებასა და უკრაინის ხელისუფლებაში მის შესაძლო დანიშვნაზეც.

შესაბამისად, სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება, მითუმეტეს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ნიშნავს მის გარკვეულ დისტანცირებას საქართველოს შიდა პოლიტიკური ბრძოლიდან. ეს კი, ანალიტიკოსთა აზრით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო პიარ-სტრატეგიას გამოაცლის საფუძველს.

31 მარტს უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე 50 % იანი ბარიერი ვერავინ გადალახა. პირველი ტურის ლიდერები იყვნენ ხმების 30.24 %-ით შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი და 15.95%-ით მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

მეორე ტურის წინ კი ზელენსკი უპირატესობა გაცილებით შთამბეჭდავია - სოციოლოგიური კვლევების ჯგუფ „რეიტინგის“ მონაცემებით, მას ამომრჩეველთა 73% უჭერს მხარს, პოროშენკოს კი - მხოლოდ 27%.

არჩევნების პირველ ტურში ხმის მიცემის შემდგომ საქართველოს მესამე პრეზიდენთან დაკავშირებით ზელენსკიმ მეტად პოზიტიური განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი სერიოზული დიპლომატია და ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანი მრჩეველია, მსგავსი ადამიანის დახმარება ფასდაუდებელია და აუცილებლად გაითვალისწინებს 

„სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან საერთაშორისო არენაზე უკრაინულ დემოკრატიას და ქვეყნის ინტერესებს იცავს. ამაზე მეტყველებს ყველა მისი ქმედება. ჩემი აზრით, ის სერიოზული დიპლომატია და ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანი მრჩეველია. ასეთი ადამიანის დახმარება ფასდაუდებელია.

„მე თანამდებობებით არ ვვაჭრობ. ჩვენ მოვაწყეთ კენჭისყრა და ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობა უნდა დაიკავოს. თუ მას ჩამოართვეს მოქალაქეობა, ვფიქრობ, უნდა დაუბრუნონ,“ - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ზელენსკის, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი პირველ ეტაპზე აუცილებლად დასჭიდება. 

„მე ვფიქრობ, რომ მათი თანამშრომლობა შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით - ზელენსკის სააკაშვილის ფიგურა პირველ ეტაპზე აუცილებლად დასჭირდება იმიტომ, რომ სისტემაში მეტასტაზებივით მოდებულ პოროშენკოს კლანს სჭირდება ძალიან სწრაფი დაფერთხვა, სააკაშვილი კი ცნობილია, რომ ასეთი სპეცოპერაციების დიდოსტატია. ეს ხელი ხელს ბანს პრინციპია - ორივეს აქვს თავისი ინტერესი ამ ყველაფერში და ორივე შეეცდება, რომ თავისი დივიდენდი მიიღოს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე თქმით. ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში, თუ მან სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა და მაღალ თანამდებობაზე დანიშნა, ეს დღევანდელი ქართული ხელისუფლებისათვის სერიოზული პრობლემა იქნება.

„სააკაშვილი პოზიციონირებს, როგორც გლობალური პოლიტიკის მონაწილე და გეოპოლიტიკური თამაშების მონაწილეც არის, ბუნებრივია. ის რაღაც პერიოდი დარჩება უკრაინაში, თუმცა ის ქვეპროექტად ყოველთვის განიხილავდა და ალბათ მომავალშიც განიხილავს საქართველოს. თუ მან შექმნა სერიოზული პლათფორმა უკრაინაში, რა თქმა უნდა, ეს დღევანდელი ქართული ხელისუფლებისთვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს.

„სააკაშვილის ფაქტორი თუ არ იქნება საქართველოში, „ქართული ოცნება“ უფრო სწრაფად დაამთავრებს თავის მოღვაწეობას იმიტომ, რომ „ოცნება“ სააკაშვილის ფაქტორს იყენებს ძალაუფლების გამყარებისთვის და არა პირიქით.

„მცდარი კონცეფციაა, რომ სააკაშვილი „ქართულ ოცნებას“ უქმნის პრობლემებს. პირიქით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი არგუმენტი იმისა, რომ ხელისუფლებაშია, არის „მკვლელი მოდის, მკვლელი სააკაშვილი“, მეტი არგუმენტი მათ არ აქვთ“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ თუკი ვლადიმირ ზელენსკი გახდა უკრაინის პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილს  შესთავაზა თანამდებობა, ეს  შესაძლოა საქართველოსა და უკრაინის კონტაქტების შესუსტების მიზეზი გახდეს, რადგან ამის მაგალითი სააკაშვილის გუბერნატორობის დროს უკვე არსებობდა.

„თუ ზელენსკი გახდა პრეზიდენტი, აღუდგინა უკრაინის მოქალაქეობა და შესთავაზა თანამდებობა სააკაშვილს (მინიშნებები ზელენსკიმ გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით), შეიძლება სამთავრობო დონეზე კონტაქტები შესუსტდეს. გვახსოვს, როდესაც სააკაშვილს ეკავა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა, იმ დროს ფაქტიურად არანაირი  ოფიციალური ვიზიტი საქართველოდან უკრაინაში და უკრაინიდან საქართველოში არ შემდგარა და პოროშენკო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გადავიდა ოპოზიციაში და მან დატოვა ოდესის გუბერნატორობის თანამდებობა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ახლაც  ადგილი ჰქონდეს  მსგავსს სიტუაციას“, - აცხადებს ჩიტაძე.

მისივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს სტაბილური ელექტორატი და სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან გასვლა არჩევნებზე რადიკალურ გავლენას არ მოახდენს.

„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გადადგა და დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი, მიშა მაინც ასოცირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც უჭერდა მხარს სააკაშვილს, დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვიცით, რომ ამ პარტიას ჰყავს სტაბილური ელექტორატი და არ შეიცვლის“, - აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.