სერბეთში ქვეყნის პრეზიდენტის მომხრეების დემონსტრაცია გაიმართა

სერბეთში ქვეყნის პრეზიდენტის მომხრეების დემონსტრაცია გაიმართა

ბელგრადში ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სერბეთის დედაქალაქში პრეზიდენტის მხარდამჭერები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ქვეყანაში ვუჩიჩის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია ანტისამთავრობო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა მართავს.

აპრილის დასაწყისში ალექსანდრ ვუჩიჩმა ანტისამთავრობო გამოსვლების ლიდერი „ფაშისტად, ხულიგნად და ქურდად“ მოიხსენია.

პირველი მასობრივი პროტესტი ბელგრადში 8 დეკემბერს გაიმართა, რომლის მიზეზიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდასხმა გახდა. ბორკო სტეფანოვიჩს 23 ნოემბერს, ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ კრუშევაცში რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

ოპოზიციის დემონსტრაცია სერბეთში იშვიათია, თუ არ ჩავთვლით საყოველთაო აქციებს, სადაც 2000 წელს სერბეთის ყოფილი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის გადადგომას ითხოვდნენ.

ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან იკავებს.