მიხეილ სააკაშვილის დეკლარირებული განცხადების მიუხედავად, რომ იგი კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, გამარჯვებულ ძალას ხელისუფლებას გადააბარებდა, როგორც ჩანს, მმართველ გუნდს თავისი ბერკეტები მაინც არ ეთმობა. განსაკუთრებით, ეს საქართველოს რეგიონებზე ვრცელდება, რადგან სააკაშვილის რეჟიმი სწორედ რეგიონებს არ თმობს.
სულ ახლახანს მიხეილ სააკაშვილმა კახეთის გუბერნატორად საზოგადოებისთვის უსახური, მაგრამ მისთვის ერთგული პერსონა - ზურაბ ჭიაბერაშვილი შეარჩია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია.
რაც შეეხება ძალაუფლების სხვა ბერკეტებს, გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების თანახმად, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე დაინიშნა.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადგილებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებს საკუთარ გავლენას. გამგებლები და რწმუნებულები საკმაოდ დიდი ძალაა, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი არჩევნების დროს დაეყრდნობა.
ზაზა ფირალიშვილის აზრით, ის, რომ სააკაშვილმა დაკარგა აბსოლუტური ბერკეტები პარლამენტში და ამჯერად კარგავს სამინისტროებს, არ ნიშნავს, რომ მან ტოტალურტად დათმოს თავისი გავლენის სფეროები. მართალია, ჩვენთვის ახლა ბევრი რამ ძალზე უცხოა, მაგრამ დაახლოებით იგივე სიუჟეტი თამაშდება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ვიღაცას რეგიონებში უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიღაცას - ცენტრში.
„ეს არ ნიშნავს ორხელისუფლებიანობას. აშშ-ის კონგრესში როდესაც დემოკრატი პრეზიდენტი ჰყავთ, როგორც წესი, რესპუბლიკელებს უფრო დიდი წარმომადგენლობა აქვთ და, პირიქით... ასე რომ, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. საბედნიეროდ, ამისკენ მივდივართ. ერთი წამით დავივიწყოთ ის დანაშაულები, რაც ჩადენილი აქვს წინა ხელისუფლებას და წმინდა ფორმალისტური თვალსაზრისით შევხედოთ ამ პროცესებს, მაშინ ეს სავსებით ექცევა იმ სტრუქტურაში, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს“, - მიიჩნევს ზაზა ფირალიშვილი.
მისივე თვალსაზრისით, ესაა სიმპტომი იმისა, რომ ჩვენც მივდივართ იქამდე, რასაც ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება შეიძლება დავარქვათ. უფრო მეტიც, ძლიერ ოპოზიციას ჩვენთან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი პარადოქსად აღიქვამს, ან ბევრისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იშლება წინა ხელისუფლება.
ფილოსოფოსის აზრით, ის სახეები, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული მიუძღვით, უნდა დაისაჯონ, მაგრამ რომელიმე პარტიის არჩევნებში გამარჯვება მის ტოტალურ გამარჯვებას სულაც არ ნიშნავს და კვლავ ერთპოლუსიანი პოლიტიკური ცხოვრების შექმნას კარგი არაფერი მოაქვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს რეგიონებში თავისი ადმინისტრაცია და თავისი რწმუნებულები ჰყავს, რომელთაც საკუთარი ფუნქციები გააჩნიათ. ამდენად, ბუნებრივია, რომ ამ ფუნქციების განხორციელებას პრეზიდენტი საკუთარ წარმომადგენელთა მეშვეობით აპირებს.
„ჩვენი დამოკიდებულება ნათლად იყო გამოხატული, რომ ეს იქნება კონსტრუქციული ოპოზიციური დამოკიდებულება. მაგრამ, ამავე დროს, პრეზიდენტს გააჩნია წარმომადგენლობითი ფუნქციები. კანონის აღსრულებაზე კონტროლი კი გააჩნიათ რწმუნებულებს,“ - გვითხრა დავით დარჩიაშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ლაშა დამენიას ახალ პოსტებზე დანიშვნას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ქვეყანაში არ უნდა შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს პრეზიდენტმა უკვე ხელი აიღო საკუთარ ფუნქციებზე, რაც მას კონსტიტიტუციით აქვს მინიჭებული. ამიტომ, ახალი სამსახურის შექმნა, სახელმწიფო ქონების მართვის სამსახური იქნება ეს თუ გუბერნატორების დანიშნვა, პრეზიდენტის პრეროგატივაა.
ამასთან, სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ, გარკვეულწილად, მათი დანიშვნა ინერციაც იყოს. მეტიც - ეს არის საზოგადოებისადმი ერთგვარი მესიჯი, გზავნილი.
„ჯერ ერთი, ჭიაბერაშვილი არასდროს ყოფილა ექსტრემისტი და მებრძოლი. იგი აგრესიული არასდროს ყოფილა, ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნება იყო, თუ უცხოეთში არ შეიცვალა“.
თუმცა ახალი გუბერნატორების ასეთ პირობებში მუშაობასა და ცხოვრებას, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება მათ ზურგს არ უმაგრებს და, როდესაც ადგილობრივი წარმომადგენლები პარლამენტში მისი მხარდამჭერები არ არიან, პოლიტოლოგი კომფორტულს ვერ უწოდებს.
„როდესაც ტელევიზორს ჩართავს, სულ იმის შიშში უნდა იყოს, რომ საპარლამენტო სხდომებზე გამოვა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი პარლამენტარი და შავ დღეს დააყენებს, დაუწყებს კრიტიკას, იქ გზა არ არის დაგებული, აქ მოსახლეობა ჩივის და სხვა“.
ამდენად, სოსო ცინცაძის აზრით, მართალია, კოალიციის მხრიდან ახლადდანიშნული გუბერნატორების მოხსნა სირთულეებს უკავშირდება (რადგან ისინი პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნულნი), მაგრამ პოლიტოლოგს ეეჭვება, რომ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ეს ისეთი თანამდებობა იყოს, რომლის შემდეგ ბანკეტსა და მაღარიჩს იხდიან.
„არა მგონია, ჭიაბერაშვილს ან დამენიას ახალი თანამდებობების მიღება რესტორანში ყოფნით აღენიშნათ,“ - ასკვნის სოსო ცინცაძე.
დამოუკიდებელი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კი For.ge-ს უცხადებს, რომ, როდესაც სამინისტროებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას აძლევ ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, ამავროულად, ფაქტობრივად, ხელიდან აცლი რეგიონებს, ეს ხელისუფლების გადაცემას არ ნიშნავს.
„ნაციონალები რეგიონებში მთელ ვერტიკალს აკონტროლებენ. ამდენად, აქ რეალური ხელისუფლების გადაცემაზე საუბარი ზედმეტია. სწორედ ესაა ორხელისუფლებიანობა, რაც ძალიან მწვავედ აისახება ზოგადად ქვეყანაზე და „ქართული ოცნების“ იმიჯზე“, - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.