„რუსთავი2“ არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს წართმეულ ქონებას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“ დასკვნითი შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ის პარტია და ის ტელევიზია ახორციელებს, რომელთაც რევანშის დაუოკებელი სურვილი აქვთ.
„რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობას, ნდობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა სასამართლო არ არის პოლიტიკური ორგანო. ნდობა სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიერ უნდა ყალიბდებოდეს თავისთავადი პროცესით და არა კამპანიების საფუძველზე. თუ გინდა, ვინმეს ნდობაზე საუბრობდე, სატელევიზიო კლიპებს არ უნდა ატრიალებდე კონსტიტუციური ორგანოს, სასამართლოს წინააღმდეგ.
ჩვენ მივიღებთ ყველა იმ შენიშვნას, რაც კონსტიტუციის პრინციპებიდან და ევროსაბჭოს რეკომენაციებიდან გამომდინარე იქნება. თუ ვენეციის კომისია სადმე დაადგენდა წინააღმდეგობას სამართლებრივ პრინციპებთან, ამ შემთხვევაში ჩვენ გავიზიარებდით რეკომედაციებს, თუმცა არც ერთ რეკომენდაციაში არ არის საუბარი, რომ პროცედურის ესა თუ ის ასპექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ, კრისტიან ურსე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიამ გააკეთა რამდენიმე მითითება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალობასა და მოსამართლეთა დანიშვნის სანდოობის საკითხს ეხება. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ქვეყნისთვის ალბათ საინტერესო იქნება.
„ვენეციის კომისიის მოხსენება უკვე გამოქვეყნდა. ვენეციის კომისია გახლავთ ორგანო, რომელიც სამართლებრივ დასკვნებს აკეთებს და მან უკვე რამდენიმე მითითება გააკეთა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ეხება გამჭვირვალობასა და ასევე, მოსამართლეთა დანიშვნის სანდოობის საკითხს. ვინაიდან ეს არის ვენეციის კომისიის ოფიციალური დასკვნა, ალბათ, საინტერესო იქნება ქვეყნისთვის მისი რეკომენდაციების გათვალისწინება“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.
ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით 14 გვერდიანი რეკომენდაცია 16 აპრილს გამოაქვეყნა. მმართველი უმრავლესობა მხოლოდ 2 რეკომენდაციის გაზიარებას დათანხმდა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვას ორი სასესიო დღე დაეთმო. კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
კენჭისყრის ჩატარებამდე პარლამენტმა სახალხო დამცველის პოზიციას მოუსმინა. ნინო ლომჯარიამ „ოდირი“–ის დასკვნა მოიყვანა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს, რაც მისი შეფასებით, სამწუხაროა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, პარლამენტმა იმ მოსამართლეთა არჩევის წესი უნდა მიიღოს, რომლებიც უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეები 20–30 წელი იქნებიან, ამიტომ საკითხის განხილვას უფრო მეტი დრო სჭირდება.
„არსებობს ორი უაღრესად ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნა, შესაბამისს აქტებზე მითითებით. წარმოდგენილი კანონპროექტი რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეს ორგანიზაციები კონკრეტულ გამოსავალს გვთავაზოვენ. გარდა ამისა, ასევე აუცილებელია დაზუსტდეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იქნება წარდგენილი არ შეეძლოს არანაირი ფორმით განხილვაში მონაწილეობა, არ წარმართოს საბჭოს სხდომები, არ ჩაერთოს ადმინისტრაციულ–საორგანიზაციო საქმეებში. იგი ასევე არ უნდა გაეცნოს ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ. კანდიდატად წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მაქსიმალურად უნდა იყოს კონკურსის გარშემო მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ტრადიციულად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა და სახალხო დამცველის მოსმენა ხმაურისა და უცენზურო გამონათქვამების ფონზე მიმდინარეობდა. დაპირისპირება უმრავლესობის წევრ, ზაზა პაპაუაშვილსა და „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას შორის პლენარულ სესიაზე მოხდა.
ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გიგა ბოკერიას იმ განცხადებას მოჰყვა, როცა მან სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა, რომ პარლამენტში ის უცნაურ სპექტაკლს იხილავს, რადგან უმრავლესობის ნაწილი მას თანამშრომლობისათვის მადლობას გადაუხდის, ხოლო ნაწილი დაგმობს და ჰკითხავს, თუ სად იყო 2012 წლამდე. პაპუაშვილმა კოლეგას ადგილიდან უცენზურო რეპლიკებით მიმართა და მას „მასხარა“ უწოდა.
„საქმეზე ილაპარაკე შე ნაგავო... გაატ...კა“, – მიმართა ზაზა პაპუაშვილმა ბოკერიას.
ამ განცხადებების საპასუხოდ გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ დეპუტატები დაემშვიდებინა.
„რატომ აღელდით, რომელიმე ჯგუფი გაკლიათ? დამგმობი ჯგუფი გაკლიათ თუ შემქები? ორივე ხართ? აქამდე სულ ჩუმად იყავით და ახლა აღელდით ძალიან. ეს რობოტი ვინ იყო, რომელი ხარ აბა დაიყვირე? რას მიზამ, აბა გაიმეორე ერთი! ეს ვინ არის, ახლოს ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი და რა ვუწოდო ამ კაცს, არ ვიცი. ძალიან აღელდა ეს ხალხი, მთელი დღე ეძინათ და ახლა აღელდა“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
თავის მხრივ დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგას, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები და შერჩება თუ არა ქვეყანას დემოკრატია. გოგიჩაიშვილის შეფასებით, ყველა დეპუტატი, რომელიც ამ გადაწყვეტილების მონაწილე იქნება, თანაბრად გაინაწილებს მომავალზე აღებულ პასუხისმგებლობას.
„საკონსტიტუციო ცვლილებებისა და სხვა კანონების განხილვისას ვიყავით მარტო, ამ კანონპროექტის მიღების დროსაც ხართ მარტო. მინდა, ჩემს მეგობრებს, ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს, მაგრამ კოლეგებს მივმართო. უმრავლესობის წევრი რომ ვიყავი, ერთხელ ამ ტრიბუნაზე ვთქვი, რომ დღეს ჩვენ ვართ მარტო, აბსოლუტურად. ახლა „ქართული ოცნების“ სიმარტოვე მეტად გაძლიერდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების დროს ვიყავით მარტო, სხვადასხვა კანონების დროს ვიყავით მარტო, ამ კანონპროექტის მიღების დროს ხართ მარტო. თქვენი დაძახებული ვენეციის კომისია ჩამოიყვანეთ, იფიქრეთ, რაღაც გამოვიდოდათ და დაგიწერეს რეკომენდაცია, რომელიც ვფიქრობ, ყველაფერზე პასუხია. არის პასუხი იმისა, რომ არა თუ არ იცის, არამედ ის, ვინც გეგმავს, საერთოდ, პოლიტიკის აზრზე არ არის“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
კენჭისყრამდე კოლეგებს მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა და მოუწოდა, რომ ნუ დაიცავენ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებსა და გვრიტიშვილებს. ინაშვილმა უმრავლესობას მიმართა, რომ ეს ხალხი გამოუტანს ამ ხელისუფლებას განაჩენს.
„ჩვენ ვხედავთ ტელეეთერში, რა გამალებით იცავს „ქართული ოცნება“ მურუსიძეს. ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებსა და გვრიტიშვილებს, ნუ დაიცავთ, რადგან ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს, დრო მოვა, და აი, ეს ხალხი იტყვის მერე, რომ კანონით ვიხელმძღვანელეთ, ეს ხალხი ჩამოგაგდებთ და სამართლებრივ დასკვნას დადებს კიდევ, რომ სამართლიანად მოხდა თქვენი პოლიტიკური განეიტრალება.
რატომ ვჩქარობთ ისე, რომ დაიდო ვენეციის კომისიის დასკვნა, ეუთო-ს დასკვნა, რეკომენდაციები, კომიტეტის განხილვის გარეშე გამოვედით პირდაპირ პლენარულ სხდომაზე. გვეჩქარება სადმე? მინდა მოვუწოდო ყველა დეპუტატს, გააცნობიეროს, რა დიდი მნიშვნელობის საკითხი გამოვა კენჭისყრაზე. არ გვაქვს იმის უფლება, რომ მურუსიძეებსა და ჩინჩალაძეებს დავუტოვოთ ჩვენი მართლმსაჯულება და ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
უმრავლესობის ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ ჩინჩალაძე–მურუსიძის საკითხს „ქართული ოცნება“ გადაჰყვება. როგორც დეპუტატი აცხადებს, ერთ მხარეს არის კაცობრიობა, მეორე მხარეს – ჩინჩალაძე და მურუსიძე. შესაბამისად, დეპუტატი აცხადებს, რომ ვერ ხვდება, ამ არჩევანში, რატომ უნდა დადგეს ჩინჩალაძე–მურუსიძის მხარეს და არა, მთლიანად კაცობრიობის მხარეს.
„საქართველო არ იმსახურებს, რომ მურუსიძე–ჩინჩალაძეს გადავყვეთ. ერთადერთი, შეიძლება შემეცოდოს ეს ორი ადამიანი, იმიტომ რომ მთელი კაცობრიობა მათ უპირისპირდება და ვთქვა, რომ ცოდოები არიან, რადგან ყველა ამათ უპირისპირდება, მოდით შევაშველოთ ხელიო. ბატონებო, არ არიან ეს ადამიანები ცოდვა, ნამდვილად არ არიან. იყო ერთი რეჟიმი და მას ემსახურნენ, ბოლომდე შეასრულეს თავისი ვალი იმ რეჟიმის წინაშე და რაც ცუდი ხდებოდა, მნიშვნელოვანწილად მათი დამსახურება იყო.
ახლა „ქართული ოცნება“ გადაყვება ამ ყველაფერს, ჩინჩალაძე–მურუსიძეს ნუ გადააყოლებთ ყველაფერს, ძალიან ცუდი რაღაც მოხდება ხალხო. ვინც მსხვერპლი იყო, ის ხალხი გავიხსენოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები. ირინა ენუქიძე, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, ციხის კადრები გავიხსენოთ და ამ ემოციით მივიღოთ გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
ასე არ ფიქრობს უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე და აცხადებს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის მისცენ და ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს უმრავლესობა. როგორც მდინარაძე აცხადებს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ.
„დარბაზიდან გაისმა კითხვა, რომელ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს დღეს სასამართლო და მან თქვა, რომ ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებს, ყველას პატიმრობაში ტოვებს, ყველა განაჩენი იგივენაირად დგება, როგორიც არის საბრალდებო-თურმე. დრო აგერიათ უბრალოდ - დრო. სტატისტიკაზე არ არის მარტო საუბარი, თურმე ადამიანები არ მართლდებიან, თურმე ყველა პატიმრობაში რჩება და გირაოს არ გამოიყენებენ.
დრო აგერიათ, ელემენტარულად და ვეღარ ხვდებით, რას ლაპარაკობთ, იმიტომ რომ არგუმენტი აქ არ გაქვთ. წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელ სასამართლოზე ამბობს, რომ ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებს. ამის იქით რაღა უნდა თქვა, ტყუილის იქით აღარ ითქმება აღარაფერი. წინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ მათი მმართველობის დროს იყო შეცდომები, ისტორიის გადაწერის მცდელობაა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.