მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრი გახდება?!

მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრი გახდება?!

უკვე დაიწყო საუბარი, რომ გიორგი ქობულიას ბედს ივანე მაჭავარიანიც გაიზიარებს

მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში ცვლილებები დაიწყო. ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ მინისტრები შეიცვლებოდნენ, რადგან მწვავე ეკონომიკური სიტუაციაა და ქვეყანა წინ ვერ მიდის, რაც პირველ რიგში, სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა. უკვე აქტიურად დაიწყო მსჯელობა, ვინ იქნება შემდეგი. ეს შეიძლება ფინანსთა მინისტრი აღმოჩნდეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პოსტზე ივანე მაჭავარიანი, შესაძლოა, მისმა მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ჩაანაცვლოს, თუმცა იგი უარყოფს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშნვნას.

20/30-ის ექსპერტი მიხეილ დუნდუა არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჯერ შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1 თვის განმავლობაში იყოა, რის შემდეგ ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და ისიც დაადასტურა, რომ ცვლილებები გაგრძლედება.

„მინისტრების ცვლილება წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად ვიცი, რომ მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე ამაში არ ვმონაწილეობდი, ეს არაა ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები გამოიწვია არ არის ჩემთვის ცნობილი“, – განაცხადა სერგეენკომ.

ოპოზიციაში საუბრობენ, რომ გიორგი ქობულია ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა და ის გარკვეულ კლანურ, კორუფციულ ინტერესებს შეეწირა. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის არც ერთ წევრს, საერთოდ რეალობის აღქმა არ აქვთ ჩვენი მოქალაქეები რა გაჭირვებაში ცხოვრობენ. ისინი ყოველ გამოსვლაში ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის და ხალხს არ უჭირს. ქობულიას წასვლა გაუგებარია იმ ფონზე, როცა ასეთი მიდგომების წყარო თავად ბიძინა ივანიშვილია“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ექსპერტებში ფიქრობენ, რომ მინისტრების შეცვლა პრობლემას ვერ მოაგვარებს, სანამ მინისტრი გადაწყვეტილებების მიმღები პერსონა არ გახდება. ეს კი, როგორც ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში შეუძლებელია.

,,ჩვენ იმდენად პერსონების პრობლემა არ გვაქვს, უფრო სისტემური მანკიერების, რადგან მართვის ალგორითმი არის აბსოლუტურად გაუგებარი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს და მერე შესაბამისად პასუხისმგებლობას იღებს. მმართველობის სტილი ისეა მოწყობილი, ხვალ ყველა მინისტრი რომ გაუშვან, თუნდაც მთელი პოლიტიკური ელიტა და ქუჩიდან მოიყვანონ ხალხი, შეიძლება, ეს ვერც გავიგოთ.

ორი პრემიერ-მინისტრი წავიდა, მაგრამ ორ დღეში არც ერთი გვახსოვდა და არც - მეორე. დაახლოებით ამ სიტუაციაში ვართ. შესაბამისად, მსჯელობა, რომ ვიღაც სუსტია და ვიღაც - კარგი, საღ აზრს მოკლებულია~, - ამბობს ხუხაშვილი და დასძენს, რომ არ არის განცდა, მინისტრები დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და საქმეს აკეთებდნენ.

ეკონომისტი რამაზ გერლიანი ვარაუდობს, რომ ქობულიას გადაყენების შემდეგ თანამდებობებს, შესაძლოა, ფინანსთა მინისტრიც ჩამოშორდნენ.

"ვფიქრობ, უკეთესობისკენ წავა ცვლილება, რადგან ქობულია ნამდვილად იყო ყველაზე სუსტი მინისტრი და შესაბამისად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. ეკონომიკას დღეს ყველაზე მეტად უჭირს, ამიტომ ცვლილებებიც უფრო მეტად ეკონომიკურ ბლოკშია განსახორციელებელი. კიდევ ვის შეეხება, ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი ჯერჯერობით უხერხულია. არ გამოვრიცხავ, ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრს შეეხოს, მათ შორის ფინანსთა მინისტრსაც.

პირველი პირების შეცვლა ვერაფერს გამოასწორებს, თუ მიდგომა არ შეიცვლება. ახალ მინისტრს წარმატებებს ვუსურვებ, რადგან მძიმე ვითარებაში მოუწევს საქმიანობა, მაგრამ ნაკლებად ველოდები, რომ გარდატეხას მოახდენს. რაც შეეხება ქობულიას მიერ განვლილ პერიოდს, ძალიან მკვეთრი კლება გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით, რადგან ის სუსტი იყო მენეჯმენტის კუთხითაც", - განუცხადა "რეზონანასს" გერლიანმა.

გიორგი ქობულიამ პოსტი 18 აპრილს დატოვა და ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა.