რა გახდა ქობულიას გადაყენების მიზეზი, პრემიერი არ ასახელებს. მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მან გადაწყვეტილება თავად ქობულიასთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ქობულიასთან არსებულ დაპირისპირებაზე. იქვე უმატებს, რომ „ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება".
მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრის შეცვლის გარდა, მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება არ არის დაგეგმილი. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს პრემიერის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე შეცვლის, საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, პრემიერი არ ადასტურებს. მან ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა ოფიციალურად წარდგინა და განაცხადა, რომ ქობულია მისი ბრძანების შესაბამსიად გათავისუფლდა. თუმცა პრემიერი აქვე დასძენს და მინისტრებს აფრთხილებს, რომ თუ რომელიმე მათგანი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს .
„ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით. თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რაც ჩვენ მათ შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს," - განაცხადა პრემიერმა.
საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქობულიას მოხსნა არა ცუდად შესრულებულ სამუშაოს, არამედ ივანიშვილთან მის პირად უთანხმოებას უკავშირდება.
ენმ-ს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესები, რასაც მისი თანამდებობაც შეეწირა.
„დღევანდელ ხელისუფლებაში თანამდებობის პირების, ქობულია იქნება თუ სხვა, დანიშვნა ან გადაყენება თანამდებობიდან იმის მიხედვით კი არ ხდება, რეალურად მათ რა დამსახურება აქვთ ან ვერ გააკეთეს საქმის თვალსაზრისით, არამედ ეს არის მუდმივად კულუარული, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის კლანის და დაჯგუფების შიდა ინტერესების გადაჯგუფება, იქ გაჩენილი კონფლიქტები და ა.შ. ამიტომ ქობულიას წასვლაც თანამდებობიდან უკავშირდება შიდა დაპირისპირებას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში, გავლენისთვის ბრძოლაში. როგორც ჩანს ქობულიამ არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესი და შეეწირა ამ პროცესს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გია ჟორჟოლიანი გიორგი ქობულიას მოხსნას ეხმაურება. ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი აცხადებს, რომ ქობულიას და ხელისუფლების ხედვა ქვეყნის განვითარებაზე ერთმანეთისგან რადიკალურად გასხვავებული იყო. ის დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია, თუმცა გია ჟორჟოლიანი ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.
"მთავრობა მთლიანად ადგას სხვა პოლიტიკას. გიორგი ქობულიას ხედვა იყო სხვა. ჩემი აზრით მისი ხედვები აბსოლუტურად ისეთია რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვები. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ასეთი არ არის. ამიტომ ქობულიას ამ მთავრობაში ყოფნა შეუსაბამობაში იყო იმ პოლიტიკასთან. მთავრობა ერთიანად იღებს გადაწყვეტილებებს და ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი. ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებაში ალბათ მონაწილეობდა," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნური ქანთარია ადასტურებს, რომ ქობულიას გადაყენება ივანიშვილის გვერდის ავლით არ გადაწყვეტილა.
„მე არ მიმიღია მონაწილეობა არავითარ კონსულტაციებში. მაგრამ სულ ვამბობ და ვამბობ გადაჭრით, რომ ცვლილებები ეს არის დროის მოთხოვნა. ეს არის რეალობა რომ მოხდეს მმართველ გუნდში ცვლილებები. ასე რომ, ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მე მივესალმები. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და საერთოდ, აი, ამ დროის შემქმნელი, 2012 წლის შემქმნელი. ასე რომ, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.