ქვეყანაში იმდენად დიდია ანტირუსული განწყობა, რომ საბჭოთა ცხოვრების სტილის დაბრუნება ნაკლებ სავარაუდოა

ქვეყანაში იმდენად დიდია ანტირუსული განწყობა, რომ საბჭოთა ცხოვრების სტილის დაბრუნება ნაკლებ სავარაუდოა

ქვეყანაში იმდენად დიდია ანტირუსული განწყობა, რომ საბჭოთა ცხოვრების სტილის დაბრუნება ნაკლებ სავარაუდოა.

მიხეილ სააკაშვილმა აღიარა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დამარცხება, რომელმაც ორშაბათს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა და როგორც ჩანს, საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი გახდება. მან უკვე მიიპყრო დასავლური მედიის ყურადღება, და გასაგებიცაა იმ ადამიანით დაინტერესება, რომელიც მინის სასახლეში ეგზოტიკური ცხოველების გარემოცვაში ცხოვრობს, ალბინოსი რეპერი შვილი ჰყავს და ბოლო დრომდე კარჩაკეტილ ცხოვრების წესს მისდევდა.

ჟურნალისტებიც მოექცნენ თავსმოხვეულ სიუჟეტურ ქარგაში რუსული გავლენის ზრდის შესახებ, როგორც ეს ჯონ ლე კარის „ცივის ომის“ პერიოდის რომანებშია. არჩევნები, რა თქმა უნდა, ღირსშესანიშნავი მომენტია, და სრულიად წარმოუდგენელი რამ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ ძალაუფლებას მკაცრად აკონტროლებდა. მხოლოდ რუსეთის როლზე ფოკუსირებით სათანადაოდ ვერ შეფასდა ის, თუ რამდენად ქართულ ამბავთან გვქონდა საქმე. სტატიებსა და ბლოგებზე დატოვებული კომენტარები ცხადყოფს: რუსეთი ამ ისტორიის მხოლოდ ნაწილია, და აღმოსავლეთის განჭვრეტა ძალიან დასავლური გადასახედიდან სარისკოა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი უძლეველი ჩანდა, ბევრი ქართველი უკმაყოფილო იყო მისი მმართველობით. ამ თვალსაზრისით არჩევნების შედეგები დიდ გაოცებას არ უნდა იწვევდეს. მაშინ როცა ბევრი თანხმდება იმაზე, რომ მან ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და წარმატებით აღმოფხვრა წვრილმანი კორუფცია, რითაც სავსე იყო ყოველდღიური ცხოვრება, ბევრი ქართველი, განსაკუთრებით კი თბილისის საშუალო ფენა, მისი ავტორიტარული სტილით დაიღალა და ცვლილება სურს. 2007 წლის შემოდგომიდან მასობრივი დემონსტრაციები იმართება; ასეთი მმართველობით გამოწვეულმა ძალადობამ კიდევ უფრო გაამძაფრა ისედაც დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია და არანორმალური პოლიტიკური გარემო შექმნა. და ეს ყველაფერი მოხდა 2008 წლის ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონებზე რუსეთის კონტროლი გაიზარდა, ხოლო საქართველოს მთავრობის მიმართ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ნდობა შემცირდა.

სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს შორის ივანიშვილი პირველი არ არის, თუმცა ის ყველაზე მდიდარი და გამორჩეულია. ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არაერთი ხანმოკლე ამომავალი პოლიტიკური ვარსკვლავი გვინახავს, მათ შორის იყვნენ ყოფილი ელჩი გაეროში და სატელევიზიო წამყვანი. მაგრამ საქართველოში ოპოზიციური პარტიები ძალიან სუსტი იყო და უმეტეს შემთხვევაში პარტიის ლიდერის მიერ და არა იდეოლოგიის ან თანმიმდევრული გეგმების მიხედვით იმართებოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, პარტიების უმეტესობა თბილისზე იყო კონცენტრირებული და ცოტას თუ შეეძლო კამპანიის წარმოება რეგიონებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ძალიან ცოტა ფული ჰქონდათ, მაშინ როცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეერთებული შტატების მძლავრი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გააჩნდა. გასაკვირი არ არის, რომ ყველა წინა მცდელობა წინააღმდეგობა გაეწიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მარცხით დასრულდა.

შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის წინ, სცენაზე ივანიშვილი გამოჩნდა. ნაღდი ფული? პრობლემა არ არის: მას საკუთარი ბანკი აქვს. ამომრჩევლების გულებსა და გონებამდე მიღწევა თბილისს გარეთ, რეგიონებში? პრობლემა არ არის: თავადაც წარმოშობით დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლიდანაა. დაძაბულობა რუსეთთან? პრობლემა არ არის: მას კრემლთან ურთერთობის მოგვარება შეუძლია, და მისი ოპონენტების მტკიცებით, საქართველოს კომუნისტურ წარსულში დააბრუნებს.

ასეთმა განცხადებებმა დასავლეთის ფანტაზია საბჭოთა წარსულის დაბრუნებაზე კიდევ უფრო გააღვივა, მაგრამ ეს არადამაჯერებლად ჟღერს. პირველ რიგში, იმდენად მძლავრია ანტირუსული სენტიმენტები საქართველოში, რომ სერიოზული უკანდახევა საბჭოეთისკენ ნაკლებ სავარაუდოა. ივანიშვილმა დაასტურა, რომ ის გეგმავს გააგრძელოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კურსი, რაც ქართველებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სახის პოლიტუკური ლოიალობა. უფრო პრაგმატული და ეკონომიკური კუთხით საქართველოს სჭირდება ადამიანი, რომელიც რთულ დიპლომატიურ ურთიერთობებსა და შფოთის გამომწვევ რიტორიკას საქართველოსა და რუსეთს შორის მოაგვარებს, რათა გაიდაიჭრას მნიშვნელოვანი კომერციული საკითხები, განსაკუთრებით კი სავაჭრო ურთიერთობის საკითხი ორ ქვეყანას შორის. ჩემთვის ეს ცივი ომის ხანაში დაბრუნებას არ ნიშნავს. ივანიშვილის გამარჯვება შესაძლოა პუტინის მხარდაჭერით იყოს განპირობებული, მაგრამ იმის თქმაც შეიძლება, რომ სააკაშვილის დამარცხება დასავლეთთან – განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებთან – მოძველებულმა პოლიტიკურმა ალიანსმა განაპირობა. საქართველო არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც ბევრი რუსი მეგობრის ყოლა დასჭირდება ახლო მომავალში.

ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, თბილისის ქუჩებში არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი და სააკაშვილმა დამარცხება ელეგანტურად აღიარა. შესაძლოა ის სულაც ჩამოშორდეს პოლიტიკას ან დათანხმდეს ძალაუფლების გაზიარებაზე ძალიან დასავლურ (მაგალითად, ბრიტანულ) პოლიტიკურ სტილში. თუ ეს გზას გაუხსნის უფრო ღია, დაბალანსებულ და გონივრულ პოლიტიკურ პროცესებსა და დიალოგს, ეს მხოლოდ თავად ქართველების დამსახურება იქნება, და არა კრემლის ან კაპიტოლიუმის. ეს ასევე იმის ნიშანი გახდება, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე, რაც რეგიონისა და რეგიონს მიღმა არსებული ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება.
foreignpress.ge