მედია: ნოტრ-დამში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია

მედია: ნოტრ-დამში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვა გახდა. ამის შესახებ ფრანგულ პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით Associated Press წერს.

იმის შესახებ, რომ გამოძიება მოკლე ჩართვის ვერსიაზე მუშაობს, საკუთარმა წყარომ CNN-საც განუცხადა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ „ამ ეტაპზე არც სხვა ვერსიებია გამორიცხული და ამ დრომდე მშენებლობაზე მომუშავე 40 პირი გამოიკითხა“.

ნოტრ-დამში მომხდარი ხანძრის შემდეგ პარიზის პროკურატურამ ცეცხლის განზრახ გაჩენის მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა და ძირითად ვერსიად ხანძრის შემთხვევითი გაჩენა დაასახელა. სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა, რომლის ჩამონგრევის კადრები მთელმა მსოფლიომ იხილა. ნოტრ-დამის კოშკურის აღსადგენად საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა.