„აგვისტოს ომი

„აგვისტოს ომი "ვარდების ხელისუფლების" ყველაზე დიდ შეცდომაა“

„ვარდების რევოლუციიდან“ 7 წელი გავიდა. 2003 წლის გიორგობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ამ სახელით შევიდა. ამ დღეს ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუცია განხორციელდა, რომლის შედეგად ედუარდ შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობა დასრულდა.

 

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, რევოლუციის შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი თავი საქართველოსთან ძალიან მარტივად გააიგივა“. რამაზ საყვარელიძე კი „რევოლუციური“ ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად 2008 წლის აგვისტოს ომს მიიჩნევს.         

 

„ვარდების რევოლუციის“ პროლოგი 2000 წლიდან იწყება. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები მაშინდელმა მმართველმა პარტიამ - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“ მოიგო, თუმცა ზუსტად ერთი  წლის თავზე მან დაშლა დაიწყო. 2003 წლისთვის ქვეყანაში პრეზიდენტ შევარდნაძის ძალაუფლება უკვე მნიშვნელოვანად იყო შესუსტებული.

 

მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ მოგებული ჰქონდა 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარტიის ლიდერი პრეზიდენტ შევარდნაძეს და მის გარემოცვას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლიდან უტევდა.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ბლოკი ზურაბ ჟვანიამ ჩამოაყალიბა. ჟვანიასთან გაერთიანდა ნინო ბურჯანაძეც, რომელიც იმ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარე და საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იყო.

 

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალები“ პრეტენზიას გამარჯვებაზე აცხადებდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების თანახმად კი, სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფი მესამე ადგილზე გავიდა.

 

აჭარიდან ჩამოსულმა ხმებმა საარჩევნო სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა, რის გამოც პოლიტიკურმა პროცესებმა ცსკ-ის შენობიდან ორ დღეში ქუჩაში გადაინაცვლა.   

 

პირველი საპროტესტო აქცია 4 ნოემბერს გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო მოწოდებას ზურაბ ჟვანიას „დემოკრატები“ გამოეხმაურნენ. ოპოზიციის პირველი მოთხოვნა აჭარის და ქვემო ქართლის საარჩევნო ოლქებში შედეგების გაუქმება იყო.

 

ოპოზიციამ ამ აქციას „გამაფრთხილებელი გასეირნება“ უწოდა, თუმცა ფართომასშტაბიანი მიტინგები დედაქალაქში მეორე დღესვე განახლდა და 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომითა და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლით დასრულდა. 

 

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის რიგით მესამე პრეზიდენტი გახდა. 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებში იგი პრეზიდენტობის ფაქტობრივად უალტერნატივო კანდიდატი იყო.

 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ცვლილებები შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში, შეიქნა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც სათავეში ზურაბ ჟვანია ჩაუდგა, ნინო ბურჯანაძემ კი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა უკვე მეორედ დაიკავა.     

 

„ვარდების რევოლუციამ“ მნიშვნელოვნად შეარყია ასლან აბაშიძის მმართველობა აჭარაში. აჭარის მეთაურმა ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ ხუთი თვით შეძლო. 2004 წლის 6 მაისს - გიორგობის კიდევ ერთ დღესასწაულზე სააკაშვილის რევოლუციური დროშა ასლან აბაშიძის აჭარაშიც აფრიალდა. შესაბამისად, „აჭარის რევოლუცია“ 7 წლის იუბილეს მომავალი წლის 6 მაისს აღნიშნავს. 

 

აღსანიშნავია, რომ რევოლუციის 4 წლის თავზე თავად მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ სააკაშვილი გადადგა, თუმცა მალევე ხალხმა მას მეორე საპრეზიდენტო ვადის მანდატი მისცა – ამჯერად - 2013 წლამდე.

 

ხელისუფლებამ „ვარდების რევოლუციის“ მეშვიდე წლისთავი ფაქტობრივად არ აღნიშნა. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთავრობამ ამ დღეს პომპეზური ღონისძიებები არ მიუძღვნა.

 

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, „2003 წელს ვარდების რევოლუციას ალტერნატივა არ ჰქონდა, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი თავი საქართველოსთან ძალიან მარტივად გააიგივა“.

 

როგორც „პირWელს“ ცისკარიშვილმა განუცხადა, „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე გამოვლილი პერიოდი საქართველოს სახელმწიფო განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ამ 7-მა წელმა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შედეგები მოიტანა“.

 

„საზოგადოების ნაწილი - „ბრავოს!“, ნაწილი „გადადექის!“ იძახის, კიდევ ერთი ნაწილი კი დადუმებულია. პირადად ჩემი აზრით, ამ ხელისუფლებას არ უნდა დავუკარგოთ, რაც გაკეთდა: ბიუჯეტის რამდენჯერმე გაზრდა, პენსიებისა და ხელფასების ზრდა და დროულად გაცემა, მასობრივი კორუფციის აღმოფხვრა, პოლიციის წარმატებული რეფორმა, „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტის ალაგმვა და ა.შ.

 

თუმცა არც იმის გაუთვალისწინებლობა შეიძლება, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ახალი ტერიტორიები არ დაეკარგა. გარდა ამისა, კვლავინდებურად არსებობს უკიდეგანო უმუშევრობა, ქვეყნის საგარეო ვალი კი 5-ჯერ გაიზარდა. საქართველოს სასამართლო გარემო ნატო-საც კი აფრთხობს და ასე შემდეგ“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

 

 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე განვლილ პერიოდში ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად 2008 წლის აგვისტოს ომს მიიჩნევს.

 

როგორც საყვარელიძემ „პირWელს“ განუცხადა, „ამ ომის შემდეგ საქართველომ დაკარგული ტერიტორიების გარდა, საერთაშორისო საზოგადოების უნდობლობაც მოიპოვა“.

 

„სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში ეს უნდობლობა ნეიტრალდება. ეს იმედს მაძლევს, რომ სამომავლოდ საქართველო ტერიტორიების დაბრუნების საქმეში მარტო არ აღმოჩნდება“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

ამასთან, საყვარელიძის შეფასებით, ნდობის ის მაღალი მაჩვენებელი, რომლითაც „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსული ხელისუფლება სარგებლობდა, მმართველმა ძალამ მხოლოდ პირველი 3 წლის განმავლობაში შეინარჩუნა – ანუ პერიოდში, როდესაც „საზოგადოება მას კარგად ჯერ არ იცნობდა“.

 

„რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ  წინამორბედის შეცდომები გაითვალისწინა და უფრო მაგარი ხელი გამოიჩინა. შედეგად ქვეყანაში პირველ წლებში კანონის მიმართ მეტი პატივისცემა დამკვიდრდა, თუმცა პარალელურად ხელისუფლების მიმართ ნდობის მაღალმა მაჩვენებელმა კლება დაიწყო. შემდგომ წლებში, როცა ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ მაგარი ხელით მხოლოდ წესრიგის დამყარება კი არა, ბიზნესზე ბატონობაც არის შესაძლებელი, მან ეს პოლიტიკა კიდევ უფრო განამტკიცა, პარალელურად კი მისი რეიტინგის კლება გაგრძელდა“, - აცხადებს საყვარელიძე.