ბანგლადეშში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგო ცოცხლად დაწვეს

ბანგლადეშში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგო ცოცხლად დაწვეს

ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს 19 წლის გოგო, რომელმაც ორი კვირით ადრე სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ნუსრათ ჯაჰან რაფი ქალაქ ფენიში, ისლამურ სკოლაში სწავლობდა. 27 მარტს დირექტორმა ის კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, რის შემდეგაც ნუსრათი ოთახიდან გაიქცა. უამრავი სხვა ბანგლადეშელი გოგოსგან განსხვავებით, ნუსრათი ოჯახთან ერთად პოლიციაში მივიდა და ყველაფერი სამართალდამცველებს უამბო. მისთვის მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შეთავაზების ნაცვლად, პოლიციელმა მას მობილურით ვიდეო გადაუღო, როდესაც ის მომხდარის შესახებ ყვებოდა. ვიდეოზე ჩანს, რომ ნუსრათი სახეზე ხელებს იფარებს, პოლიციელი კი ამბობს, რომ „სერიოზული არაფერი მომხდარა“.

იმავე დღეს პოლიციამ სკოლის დირექტორი დააკავა, თუმცა მისი გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ.

მიუხედავად ამისა 6 აპრილს, ინციდენტიდან 11 დღეში ნუსრათი სკოლაში მივიდა, რათა გამოცდა ჩაებარებინა.

ერთ-ერთმა თანასკოლელმა ნუსრათი სკოლის სახურავზე აიყვანა, სადაც 4-5 თანასკოლელი მას საჩივრის უკან გამოტანისკენ მოუწოდებდა. როდესაც ნუსრათმა უარი განაცხადა, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

მთავარი პროკურორის ბანაჯ ქუმარ მაჯუმდერის განცხადებით, მკვლელებს თვითმკვლელობის ინსცენირება სურდათ, თუმცა მათი წასვლის შემდეგ ნუსრათმა უცხო პირებისთვის მომხდარის მოყოლა მოასწრო.

„ერთ-ერთი მკვლელი მას თმით იჭერდა, რის გამოც ნუსრათს თავზე ნავთი არ მოხვედრია“, - აცხადებს მაჯუმდერი.

როდესაც ნუსრათი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმებმა მას სხეულის 80%-ს დამწვრობა დაუდგინეს და ნუსრათის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ნუსრათმა ძმის მობილურ ტელეფონზე განცხადების ჩაწერა მოასწრო.

„დირექტორი ხელით შემეხო, ამ დანაშაულის წინააღმდეგ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ“, - ამბობს ნუსრათი ჩანაწერში.

ნუსრათის ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბანგლადეშის ყველა გამოცემა აქვეყნებდა. ნუსრათი 10 აპრილს გარდაიცვალა.

პოლიციამ გამოძიების ფარგლებში 15 ადამიანი დააკავა, 7 მათგანს მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ისლამური სკოლის დირექტორიც. პოლიციელი, რომელმაც ნუსრათის განცხადება ტელეფონით გადაიღო, თანამდებობიდან გადააყენეს.