ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს რუსეთში პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდათ. უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ მიიღო.
ვერდიქტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები პატიმრობაში 24 ივლისამდე დარჩებიან. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება. დაკავების და პატიმრობის ფაქტს გმობენ კიევში. მეზღვაურების გათავისუფლებისა და გემების დაბრუნების მოთხოვნით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ საზღვაო სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.
2018 წლის 25 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავა. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.
26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 26 დეკემბერს გაუქმდა.