„ივანიშვილი სააკაშვილისთვის დანაშაულების პატიებას არ აპირებს“

„ივანიშვილი სააკაშვილისთვის დანაშაულების პატიებას არ აპირებს“

მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა, რის შემდეგაც ორი პოლიტიკური ძალის ლიდერის მიერ ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განცხადებები მედიისთვის კი არა, პრაქტიკულად ერთმანეთის გასაგონად იყო გაკათებული. სააკაშვილმა მის გუნდსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ღირებულებების განსხვავებულობაზე ისაუბრა, ივანიშვილმა კი განაცხადა - „ჩვენს ოპონენტებს ისე კი არ მოვქეცევით, როგორც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე მოვიქცევით, როგორც ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხსა და კულტურას ეკადრება“-ო.

„ის, რომ მე და ჩემმა გუნდმა შევქმენით პრეცენდენტი დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის, ისტორიაში ღირსეულად მოიხსენიება. ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისკენ და საქართველო მოახერხებს გახდეს ნატოს წევრი. კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა. კარგია, რომ სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ გააკეთა განცხადება, რომელიც მე შევუქე. ჩვენი შეხვედრა იმას ემსახურება, რომ ვართ კულტურული ერი და ჩვენ ოპონენტებს ღირსეულად ვექცევით“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

სააკაშვილმა კი განაცხადა - „ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში, რომ ჩვენ ქართველი ხალხის არჩევანს ვცემთ პატივს. ქართველი ხალხი არის ის უზენაესი მოქმედი პირი ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე. მაგრამ, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მოხდეს ისე, როგორც არასდროს მომხდარა საქართველოს ისტორიაში“.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ივანიშვილის სიტყვები საკმაოდ მკაცრად ჟღერდა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მასა და სააკაშვილს შორის შეხვედრა სულ რამდენიმე წამის დასრულებული იყო და ოპონენტი გვერდით ედგა. საინტერესოა ასევე ისიც, თუ როგორია ფსიქოლოგის თვალით დანახული ეს შეხვედრა, ვინაიდან ქართულ საზოგადოებაში იგი ამ მხრივაც მსჯელობის საგნად იქცა. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება, ვინ ვის და როგორ ჩამოართვა ხელი, ვინ იდგა თავდახრილი, ვინ - ამაყად თავაწეული და ა.შ. ამიტომ for.ge აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ ექსპერტს და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. გთავაზობთ ივანიშვილი - სააკაშვილის შეხვედრის როგორც პოლიტიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ანალიზს.

რამაზ საყვარელიძე: „შეხვედრა მართლაც საინტერესო იყო. მოხდა ძალიან საჭირო და ძალიან კარგი ფაქტი, ოღონდ საყურადღებო იყო ის, რაც ასეთი ტიპის შეხვედრებზე იშვიათად ხდება ხოლმე. კერძოდ, ამ ტიპის შეხვედრებზე ძირითადად ხდება პროტოკოლის დემონსტრაცია და არა განწყობილებების. ეს შეხვედრა კი სავსე იყო განწყობილებების ბრძოლით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ აქ დაპირისპირება ღირსება-უღირსობაშია და იგი შეხვედრაზე მივიდა არა იმიტომ, რომ არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ უღირსი საქციელი დაავიწყდა, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ღირსება დაეცვა. მორალურ მომენტზე აქცენტი სააკაშვილმა სულ სხვა ჭრილში გადატეხა. მან მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში ისაუბრა, რომ პოლიტიკური განსხვავებები თითქმის ყველა საკითხშია, მაგრამ გეტყვით, რომ ანალიტიკოსები ამაზე დიდი ხანია საუბრობენ და ვერ უპოვიათ, რაშია პოლიტიკური განსხვავებები. მართლაც, გამოდის, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით ივანიშვილს რუსეთზე ორიენტაციას აბრალებენ, რადგან ვხედავთ რა აქტიურია ამერიკა და ზოგადად დასავლეთი.

ქურდებთან ურთერთობის თემა საერთოდ ღიმილის მომგვრელია. როგორც პოლიტიკური კურსი, არც ერთ ქვეყანას არ შეიძლება კრიმინალთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს, რადგან ეს, პირველ რიგში, ხელისუფალისთვის არის წამგებიანი. ხოლო თუ ვინმეზე შეიძლება კრიმინალებზე საუბარი, „ნაციონალების“ კრიმინალებთან კავშირებზე მასალები უამრავია. ასე რომ, სააკაშვილის მხრიდან რა ტიპის ნიშნის მოგება იყო ამ განსხვავებებში, ძნელი სათქმელია, მაგრამ პრეზიდენტს სჩვევია ასე იოლად ისეთი ფრაზების თქმა, რომლის შინაარსის დაკონკრეტება ძნელია.

რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც პოლიტიკური ექსპერტისთვის და ასევე როგორც ფსიქოლოგისთვის, როდესაც ერთმანეთის გვერდით დგას ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის ლიდერი და ერთი მათგანი პირდაპირ ამბობს, რომ ოპონენტებს ისე კი არ მოექცევა, როგორც ისინი ამას იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვს? ალბათ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს განცხადება კეთდება შეხვედრის შემდეგ, რომელიც დახურულ კარს მიღმა შედგა და რომელზეც არავინ ვიცით, კონკრეტულად რა სახის საუბარი გაიმართა

- ეს იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილს არ აქვს განზრახული მოდუნდეს, რომ იგი „ნაციონალურ მოძრაობას“ უღირს საქციელს არ აპატიებს. მისი ამ სიტყვებით, ფაქტიურად ეს ითქვა.

ბატონო რამაზ ამ შეხვედრას წინ უღძოდანაციონალური მოძრაობისადაქართული ოცნებისსამუშაო ჯგუფების ორი შეხვედრა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს მოთხოვნა, რომ ამგვარი შეხვედრები მედიისთვის და შესაბამისად, საზოგადოებისთვის ღია იყოს. როგორ ფიქრობთ, არის ამის აუცილებლობა, თუ ამ შეხვედრების ღიაობა ზოგადად პოლიტიკურ პროცესს ხელს არ შეუწყობს?

- არათუ ხელს არ შეუწყობს, ასეთი შეხვედრების ღიაობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საერთოდ, მოლაპარაკებების ღია ეთერში გადაცემა (გინდ ჩვეულებრივი და გინდ პოლიტიკური მოლაპარაკებების), მით უმეტეს ასეთ დაძაბულ ფონზე, სადმე გვინახავს? ასეთი რამ უბრალოდ არ ხდება. საზოგადოებას ამცნობენ შედეგს, ხოლო როგორ მიიღწევა ეს შედეგი, ეს უკვე საზოგადოების საქმე არ არის, რადგან მოლაპარაკების პროცესში ხან ერთ მხარეს წავა საუბარი, ხან - მეორე მხარეს და ყველა წამოცდენილ ფრაზაზე საზოგადოებას ექნება რეაქცია, რაც არ იქნება ადექვატური.

ახლა თუ შეიძლება შეხვედრის ფსიქოლოგიურ შეფასებაზე გადავიდეთ. საზოგადოებაში მის დეტალებს განიხილავენ და ძალიან ბევრს საუბრობენ ამ შეხვედრისას გამოკვეთილ არავერბალურ მხარეზე, ანუ მის მონაწილეთა ქცევებზე, მიმიკებზე, ჟესტიკულაციაზე და .. თქვენთვის, ამ შემთხვევაში როგორც ფსიქოლოგისთვის რა იყო თვალშისაცემი?

- ფსიქოლოგია მარტო არავერბალური ურთერთობებიდან არ იწყება. ამიტომ ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, პირველ რიგში ვერბალური მხარე იყო საყურადღებო. კერძოდ ის, რომ ივანიშვილის მხრიდან ასეთი მკაცრი შეფასების შემდეგ, სააკაშვილს ამაზე პრაქტიკულად რეაქცია არ ჰქონდა. ივანიშვილმა მას უღირსი უწოდა, რაზეც სააკაშვილი ან უნდა გაბრაზებულიყო, ან უნდა ეხუმრა, ან რაიმე არგუმენტები უნდა მოეყვანა იმისა, რომ ივანიშვილი ცდება, ანუ თუკი ეს დაუმსახურებელი ფრაზაა, მას რაღაც უნდა გაეკეთებინა. ხოლო თუკი ფრაზა დამსახურებულია, ამ შემთხვევაში ადამიანი ცდილობს, თემა დამალოს და იმ თემას არ ეკარება. ასე რომ, ის სტილი, რომლითაც ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებდა და რაშიც თითქმის ყველა ამტყუნებდა, სავარაუდოა, რომ თავად სააკაშვილისგან ნაკარნახევი სტილია, თორემ ის იტყოდა, რომ მას სხვა რამ სურდა, მაგრამ ადგილებზე სხვაგვარად იქცეოდნენ. ამავე დროს, თემისაგან თავის არიდებაში სავარაუდოა ისიც, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მომავალშიც ბევრი უღირსი საქციელი იქნება ჩადენილი.

რაც შეეხება არავერბალურ მხარეს, საკმაოდ თვალსაჩინო იყო ის, რომ ეს ორი ადამიანი (მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი) ცდილობდა, ერთმანეთისთვის საერთოდ არ შეეხედათ, განსაკუთრებით ეს ივანიშვილს ემჩნეოდა. მას აშკარად არ სიამოვნებდა იქ ყოფნა, სადაც იყო. ასე რომ, ამ შეხვედრიდან ნათლად ჩანს (გინდ ვერბალური და გინდ არავერბალური თვალსაზრისით შეფასებისას), რომ საფუძველს მოკლებულია ის ვერსია, თითქოს, შეიძლება ამ ლიდერებს შორის რაიმე ისეთი შეთანხმება შედგეს, რის შედეგადაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის დანაშაულებზე თვალს დახუჭავს.

სოციალურ ქსელებში ატიურად განიხილება ამ შეხვედრის მონაწილეთა სახის გამომეტყველება, ჟესტიკულაცია და .. ამბობენ იმასაც, რომ თითქოსნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები ასე ვთქვათ, მობუზულები იდგნენ. თქვენც ასე მოგეჩვენათ?

- საერთოდ მე ბოლო ხანებში მეჩვენება, რომ მობუზულები არიან, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი სააკაშვილზე. ამ შეხვედრაზე იგი ისეთი აჟიტირებული არ იყო, როგორც სჩვევია, მაგრამ არც მობუზული არ გახლდათ. რა თქმა უნდა, გარკვეული ქცევა ჰქონდა ივანიშვილის გუნდსაც, მაგრამ ამ გუნდში ყველაზე მკაცრ ფიგურად ივანიშვილი გამოიყურებოდა.