"ხელისუფლებას პოლიტიკურ პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს აძლევს ოპოზიციური სპექტრის დეფიციტი და ნაკლებ ეფექტურობა, საზოგადოების გულგრილობა, "ქართული ოცნების" ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსები.
"სწორედ ეს ქმნის ხელოვნურ, მაგრამ მაინც პერსპექტივას და ამ კუთხით არის განპირობებელი ხელისუფლების პოლიტიკური იმედები"- აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რ": ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ როგორც ყველა არჩევნებს შუალედურ არჩევნებსაც მოიგებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც, თქვენი აზრით, იმ მოცემულობაში, რომელშიც დღეს სახელისუფლებო გუნდი იმყოფება, რა აძლევთ პოლიტიკური პერსპექტივის საფუძველს?
არჩილ გამზარდია: ხელისუფლებას პოლიტიკურ პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს აძლევს ოპოზიციური სპექტრის დეფიციტი და ნაკლებ ეფექტურობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან აქტიურობა შეიმჩნევა.
მეორე მხრივ, საზოგადოების გულგრილობა, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს და ამდენი ხანია ჩვენ ამომრჩევლის ნების გარეშე არჩეული ხელისუფლება გვყავს. ასევე, "ქართული ოცნების" ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსები, რაც უპირატესობს აძლევს მოიგოს არჩევნები.
ეს სამი ფაქტორი ქმნის ხელოვნურ, მაგრამ მაინც პერსპქტივას და ამ კუთხით არის განპირობებელი ხელისუფლების პოლიტიკური იმედები.
"რ": რჩება ივანიშვილი "ოცნების" გამარჯვების გარანტად? ექსპერტთა გარკვეული ნაწილის მიიჩნევს, რომ იგი დღეს პოლიტიკურ დეპსრესიაშია?
ა.გ: ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, რადგან ივანიშივლის დეპრესიაში ჩაგდება ადვილი არ არის, თუმცა, პროცესებს მოწყვეტილია, საზოგადოების მაჯისცემას ვერ გრძნობს და მხოლოდ ძალაუფლების რეჟიმშია.
ვისაც იგი მოკავშირეობას უცხადებს, ვისაც გვერდით იყენებს, ეს ადმიანები ყველანი გაბანკროტებული არიან და მათი ავტორიტეტი ნულს უახლოვდება.
ასევე, არცერთ მნივშნელოვან საკითხზე ხელისუფლებისგან საზოგადოების განწყობები არ იყო გათვალისწინებული, არც სასამართლო და არც სხვა საკვანძო თემებზე.
"რ": ოპოზიციაც თავის მხრივ დარწმუნებულია, რომ შუალედურ არჩევნებს მოიგებს, განასაკუთრებით ზუგდიდში, სადაც "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი სანდრა რულოვსი იყრის კენჭს.
ა.გ: შუალედურ არჩევნებს განსაკუთრებულ ფუნქციას არ ვანიჭებ და არც იმის შედეგების მოლოდინში ვარ, რომ რაიმე გარდამტეხი იქნება.
ოპოზიციის გამარჯვების შანსებთან დაკავშირებით, კერძოდ სანდრა რულოვსის, ზუგდიდის მოსახლეობის განწყობები არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, რომ მას ისეთი პერსპექტივა ჰქონდეს, რომლის წარმოჩენასაც ასე ცდილობენ.
ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდება სანდრა რულოვსს გამარჯვება, მესმის რომ პოლიტიკური ფუნქცია ექნება და პირველი მერცხალი იქნება ხელისუფლების დანაკარგის, მაგრამ საერთო ჯამში ეს გამარჯვება მას არაფერს აძლევს.
"რ": რას იტყოდით იმ ახალ გაერთიანებებზე თუ მოძრაობებზე, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მათ რა პერსპექტივა აქვთ?
ა.გ: არა მგონია, რომ ამ ეტაპზე ახლად შექმილ მოძრაობებს, ან პარტიებს, რომლის შექმნასაც გარკვეული პოლიტიკოსები აანონსებენ, რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ, რადგან ისეთი სახეები ტრიალებს, რომელიც საზოგადოებისთვის მომაბეზერებლია.
შეიძლება ხვალ რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერს აძლევთ, თუ ხელისუფლების დისკრადიტაციაზე მუშაობენ, ხელისუფლება ისედაც დისკრედიტირებულია.
მთავარი არის ის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდეს თვისობრივი სიახლე, რომელიც დღეს არ გვაქვს და ეს მოწადინებები, მაინც ხელოვნური გაერთიანებებია.