დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების მინისტრობის კანდიდატი, სოზარ სუბარი, რომელმაც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და სამინისტროში მის მიერ გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ სუბარი მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასაც ესწრებოდა და საუბარიც სწორედ ამ თემით დაიწყო. სოზარ სუბარის თქმით, დღევანდელი შეხვედრა და ის შეხვედრები, რაც უკანასკნელ დღეებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს, ხელისუფლების რაც შეიძლება სწრაფი და უმტკივნეულო გადაბარების პროცესის შემადგენელი ნაწილია.
იგი არ აკონკრეტებს, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი ამ უკანასკნელის გადადგომაზე. სუბარი ამბობს, რომ განცხადებები შეხვედრის შემდეგ უკვე გაკეთდა და თუ მხარეები დამათებით კომენტარების გაკეთებას ჩათვლიან საჭიროდ, ამას თავად გააკეთებენ.
სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს, რადგან ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ბიძინა ივანიშვილი თავად აკომპლექტებს მთავრობას.
„ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ითქვა, რომ პრეზიდენტი არ აპირებს იმ უფლებების გამოყენებას, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, რადგან ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება ძალიან მკაფიოდ გამოხატა და ეს სრულად არ არის ასახული არჩევნების შედეგში. არჩევნების შედეგი სრულიად სხვა იქნებოდა, რომ არა ის არათანაბარი საარჩევნო გარემო, რომელიც იყო ქვეყანაში. ყველაზე მკაფიოდ ჩვენ ეს ხაშურის მაგალითზე დავინახეთ, თუმცა ხაშური გამონაკლისი არ არის. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდებოდა მანამდე. ამიტომ რეალური შედეგი ყველამ ძალიან კარგად იცის და სწორედ რეალური შედეგის გათვალისწინება არის ის, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მთავრობის დაკომპლექტებაში სრული კარტ-ბლანში აქვთ“, - ამბობს სოზარ სუბარი.
იგი ასევე გამოეხმაურა ქართველი ექსპერტების გარკვეულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს რეგიონებში ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გუბერნიებში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეს. სუბარის თქმით, დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა პრაქტიკულად არ არსებობს და ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რეალური თვითმმართველობა შექმნას. ხოლო მას შემდეგ, რაც თვითმმართველობა გაძლიერდება, ასეთ შემთხვევაში თუკი ის მერს, ან გამგებელს აირჩევს, ეს უკვე ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი იქნება მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალიდან იქნება ამ თანამდებობაზე ადამიანი არჩეული. სოზარ სუბარის განცხადებით, არასწორია როდესაც მთელს სახელისუფლებო ვერტიკალში ერთი პოლიტიკური ძალა მართავს ყველაფერს. მისი თქმით, დღევანდელ საკრებულოებში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ არის, უბრალოდ ისინი სოფლებში გარკვეული ავტორიტეტები იყვნენ, არიან წესიერი ადამიანები, რომელთა სახელებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად გამოიყენა და სავარაუდოდ, ეს ადამიანები საკუთარ არჩევანს თავანვე გააკეთბენ, სურთ თუ არა, კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენა.
„დღეს თუ სადმე არჩევანი კეთდება და ვიღაც რაღაცის მოსწრებას ფიქრობს, ეს არაფერს ნიშნავს. დღეს დანიშნული გუბერნატორის უფლებამოსილება პრაქტიკულად არაფერს ცვლის, რადგან ძალიან მალე იქნება რეალური თვითმმართველობა და გუბერნატორს ამ სისტემაში არანაირი გავლენა ექნება. როდესაც ვამბობ „ძალიან მალე“, ვგულისხმობ რამდენიმე კვირას, და არა რამდენიმე თვეს“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
სუბარმა კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის კანდიდატურებზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში ამ პოზიციაზე განიხილებიან. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მათ გუნდში სახალხო დამცველის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აზრი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
„სამოქალაქო საზოგადოება თამარ გურჩიანის, ლია მუხაშავრიას და კიდევ რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. ზოგადად ეს ის სფეროა, სადაც საზოგადოების აზრი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. კარგი, ძლიერი მაკონტროლებელი ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება, მათ შორის ჩვენც და ჩვენი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში იქნება არა ხელისუფლებისადმი ლოიალური, არამედ ხელისუფლებისადმი მაქსიმალურად კრიტიკული ომბუდსმენი. ერთ-ერთი კანდიდატურა (რომლის ვინაობასაც ახლა არ დავასახელებ), რომელზეც მე ვფიქრობდი და რომელიც ერთ-ერთი ძალიან ძლიერი უფლებადამცველია საქართველოში, როდესაც ამ ადამიანზე ჩემს კოლეგებთან ვსაუბრობდი, ვთქვი, რომ ის ზოგჯერ ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებს ისე, რომ შეიძლება ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არ ჰქონდეს, მაგრამ სახალხო დამცველისთვის ეს შეიძლება მხოლოდ პოზიტიური თვისება იყოს და არა ნეგატიური. სახალხო დამცველი არ არის პროკურური, რომელმაც ფაქტი ბოლომდე უნდა გამოძიოს და სასამართლოს წინაშე აბსოლუტურად მყარი მტკიცებულებებით წარსდგეს. ზოგჯერ პრევენციისთვის განცხადების ნაჩქარევად გაკეთბა გაცილებით მნიშვნელოვანია, ჩვენ კი შემდეგ ვიკამათებთ იმაზე, რომ სახალხო დამცველი საქმის შესწავლამდე დაუსაბუთებელ განცხადებებს აკეთებს“, - აღნიშნავს სოზარ სუბარი.
მან სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაკავშირებით თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დარგის პრიორიტეტი საზოგადოების ჩართულობა და მაქსიმალური გამჭვირვალობა იქნება და ეს მხოლოდ პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით არ გაკეთდება. სუბარის თქმით, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პატიმარმა თავი საზოგადოებისგან გარიყულად არ იგრძნოს და რაც შეიძლება კარგად მოხდეს პატიმრების საზოგადოებაში რესოციალიზაცია. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო სპექტრი (სამოქალაქო საზოგადოება, სასულიერო პირები და ა.შ.) უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული, რათა დაიკარგოს ციხის აქამდე არსებული არსი - პატიმრის გათელვისა და პიროვნული განადგურების ადგილი. ციხე უნდა იქცეს პატიმრის რესოციალიზაციის და საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნების ადგილად. სუბარის თქმით, ძალიან ადვილია, რომ აღმოიფხვრას პატიმრების წამება და კორუფცია ამ სისტემაში, მაგრამ ძალიან რთული ამოცანაა ციხე პატიმრების რესოციალიზაციის ადგილად იქცეს.
სოზარ სუბარი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ როდის დაინიშნა ამ სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, თითოეული მათგანის საქმე პიროვნულად იქნება შესწავლილი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, დაისჯება, ხოლო დანარჩენები სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობას გააგრძელებენ. მისი თქმით, როდესაც თავად იყო სახალხო დამცველი, ზოგადად სიტუაცია ძალიან მძიმე იყო, პატიმრების როგორც საცხოვრებელი პირობების, ასევე ჯანდაცვის კუთხით, მაგრამ პატიმრების წამების ამგვარი მეთოდი (რაც ციხის ცნობილ კადრებში ჩანს) მაშინ არ არსებობდა. ყოფილი სახალხო დამცველი იხსენებს, რომ სულ სამჯერ იყო შემთხვევა, როდესაც მისმა წარმომადგენლებმა რუსთავის ციხის კარცერში შიშველი პატიმრები ნახეს. სუბარი აღნიშნავს, რომ როდესაც სახალხო დამცველად დაინიშნა, იმ პერიოდში უმთავრესად წინასწარი დაკავების საკნებში ხდებოდა დაკავებულთა ცემა. იგი არ გამორიცხავს თანამშრომლობას ახლანდელ სასჯელაღსრულების მინისტრ გიორგი ტუღუშთან, მაგრამ მომავალში მის ადგილს სამინისტროში ვერ ხედავს.
„გიორგი ტუღუში გაეროსა და ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგ კომიტეტების წევრია და ამიტომ მასთან თანამშრომლობა მოგვიწევს. სხვაგვარ თანამშრომლობაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნავს სუბარი.
იგი აცხადებს, რომ ციხეებში არსებული მახინჯი სისტემის მხილების საქმეში ძალიან დიდი წვლილი ლადო ბედუკაძემ შეიტანა. სუბარი ამბობს, რომ ყველა, ვინც პატიმრების წამებას ახორციელდება, აუცილებლად დაისჯება, ასევე უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდა, რათა ამის პრეცედენტი შეიქმნას და მომავალში ვეღარავინ გაბედოს ამგვარი ქმედება.
სოზარ სუბარი ასევე აცხადებს, რომ აუცილებლად შეიცვლება არსებული სისტემა, რომლის პირობებშიც პატიმრების რჩენა მათ ოჯახის წევრებს უწევთ, ძირეულად შეიცვლება ჯანდაცვის სისტემა პენიტენციალურ სისტემაში. ასევე სუბარის განცხადებით ამოქმედდება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ აუცილებლად გადაიხედება მკაცრი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა, უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი სასამართლო და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გამოასწორებს იმ ვითარებას, რაც დღეს არსებობს, ანუ შემცირდება პატიმრების რიცხვი.