“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” რუსთავში საქალაქო ოფისს ხსნის. ბურჯანაძის თანამოაზრეები მოსახლეობას სახალხო წარომადგენლობითი კრების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
თუმცა, 25 ნოემბერს მორიგი კრების დღეს, ისინი თავიანთი აქტივისტების და მოსახლეობის პარლამეტთან მიყვანის ორგანიზებას არ გეგმავენ.
- "ქვემო ქართლში ათასობით მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო მოქალაქეა. მათ პროტესტს ჩვენი ორგანიზება არ სჭირდება. ჩვენ არ ვაპირებთ მოსახლეობის ავტობუსებით ჩაყვანას”, - საუბრობს “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” რუსთავის საქალაქო ოფისის ხელმძღვანელი, დავით ოვაშვილი.
მისი თქმით, მოსახლეობაში კვლავ ძლიერადაა შიშის ფაქტორი. სწორედ ამიტომ, პარტიას აქტივისტების შემოკრება და ქალაქში ოპოზიციური ორგანიზაციისთვის ოფისის დაქირავება გაუჭირდა.
- ,,პარტიისთვის ფართის შოვნა სერიოზული პრობლემა გახდა. თავიდან ბინის მეპატრონეები გვთანხმდებოდნენ, ხოლო შემდეგ როცა იგებდნენ, რომ ეს ოპოზიციური პარტიაა, სხვადასხვა არარეალურ მიზეზს გვისახელებდნენ და გადაწყვეტილებას ცვლიდნენ.
რაც შეეხება აქტივისტებს: მოგეხსენებათ შარშან 9 აპრილის აქციების შემდეგ, რამოდენიმე ახალგაზრდა და მათ შორის მეც დაგვიჭირეს. ციხეებში აბსურდული ბრალდებებით გამოგვკეტეს. ეს ამბები მოსახლეობამაც კარგად იცის, შესაბამისადაც შიშის ფაქტორიც დიდია.
არ გამოვრიცხავ 25-ის მერე ჩვენს წინააღმდეგ კვლავ დაიწყონ რეპრესიები. დღეის მდგომარეობით არავინ გვაწუხებს, მაგრამ ეს ზოგადად ამათი სტილია. როგორც კი აქციები სრულდება, იწყებენ აქტიური მონაწილეების ,,დასჯას’’ – საუბრობს ოვაშვილი.
ბურჯანაძის პარტია ერთადერთია რეგიონში, რომელიც სახალხო წარმომადგენლობითი კრების შესახებ საუბრობს. დანარჩენი ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ არჩევნების შემდეგ ოფისები დახურეს. შესაბამისად, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ისინი კარგა ხანია აღარ რეაგირებენ.
რუსთაველებს კი სახალხო წარმომადგენლობითი კრების შესახებ ინფორმაცია მეტ-ნაკლებად აქვთ.
,,კავკასიის ეთერით გავიგეთ ამ კრების შესახებ. მე პირადად არ მივდივარ, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი სამეზობლოდან რამდენიმე კაცი აპირებს წასვლას. ვნახოთ აბა რას გააკეთებენ...’’ – საუბრობს რუსთაველი ნანა ტოგონიძე.