ინდონეზიაში „მსოფლიოში ყველაზე რთული არჩევნები“ მიმდინარეობს

ინდონეზიაში „მსოფლიოში ყველაზე რთული არჩევნები“ მიმდინარეობს

ინდონეზიაში „მსოფლიოში ყველაზე რთული არჩევნები“ მიმდინარეობს. მოსახლეობა ერთდროულად ხმას საპრეზიდენტო, საპარლამენტო, რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებზე აძლევს. Deutshe Welle-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში არჩევნებში 245 ათასი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა დონის საკანონმდებლო ორგანოებში 20 ათასი ადგილისთვის იბრძვიან.

ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა, დედაქალაქ ჯაკარტაში კი - ორი საათით გვიან. ინდონეზიის 260 მილიონი მოქალაქიდან ხმის მიცემის უფლება 93 მილიონს ექნება.

ინდონეზიის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი ძირითადი კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო და სამხედრო, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი პრაბოვო სუბიანტო იბრძვიან. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოკო ვიდოდომ სწორედ სუბიანტოს აჯობა.

ნორმალური საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად 810 ათას საარჩევნო უბანზე 6 მილიონამდე ადამიანია დასაქმებული. საერთაშორისო ექსპერტებმა არჩევნებს „მსოფლიოში ყველაზე რთული“ უწოდეს. სავარაუდოდ, არჩევნების ოფიციალური შედეგები 25 აპრილს გამოცხადდება.