მაკრონი: ნოტრ-დამს 5 წელიწადში აღვადგენთ

მაკრონი: ნოტრ-დამს 5 წელიწადში აღვადგენთ

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიაჩნია, რომ პარიზის ღვთისმშობლის დამწვარი ტაძრის რეკონსტრუქცია 5 წელიწადში შესაძლებელია. ამის შესახებ მან ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, - წერს ფრანგული Le Monde-ი.

„ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს და ის იქნება კიდევ უფრო შესანიშნავი. მე მინდა, რომ რეკონსტრუქცია დასრულდეს ხუთ წელიწადში. ჩვენ ამას შევძლებთ“, - თქვა მაკრონმა.

მანამდე არსებული ინფორმაციით, ნოტრ-დამის რეკონსტრუქციას სავარაუდოდ, 15-20 წელი დასჭირდებოდა.

15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრებმა მთელმა მსოფლიომ იხილა.

ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს.

კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) მფლობელი ბერნარ არნო და მისი ოჯახი ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

მანამდე ფრანგმა მილიარდერმა და Gucci-სა და Yves Saint Laurent-ის მოდის სახლების ხელმძღვანელმა ფრანსუა-ანრი პინომ ხანძრისგან დაზიანებული ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხვის პირობა დადო. ევროკომისია ტაძრის აღსადგენად ევროპულ გრანტს გამოყოფს.