პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში აალებიდან 23 წუთის შემდეგ შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BuzzFeed-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნოტრ-დამში სახანძრო სიგნალიზაცია ადგილობრივი დროით 18:20 წუთზე ჩაირთო, რის გამოც ტაძრის ადმინისტრაციამ ხალხის ევაკუაცია დაიწყო, რომელიც წირვას ესწრებოდა. ამის შემდეგ კი მათ თვითონ დაიწყეს ცეცხლის კერების ძიება. ტაძრის თანამშრომლები ფიქრობდნენ, რომ ხანძრის შესახებ სიგნალიზაცია შესაძლოა ცრუ ყოფილიყო.
მეხანძრეები ნოტრ-დამში მხოლოდ 18:43 საათზე გამოიძახეს, როდესაც მეორე სახანძრო განგაში ჩაირთო და გაირკვა, რომ სახურავი იწვის.
15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრები მთელმა მსოფლიომ იხილა.
ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. დამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ბოლო 24 საათზე ნაკლებ დროში $680 მილიონზე მეტი შეგროვდა.