მეხანძრეებმა გადაარჩინეს ყველა რელიგიური არტეფაქტი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახებოდა. ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ან იდალგომ განაცხადა. მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გადარჩენილი რელიკვიების ნაწილის ამსახველ ფოტოც გამოაქვეყნა.
"ყველა რელიკვია, მათ შორის ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ლუი IX-ის ტუნიკა, გადარჩენილია. მთელი მსოფლიოდან გვირეკავენ, რადგან ეს მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიაა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარების ხმა ბუენოს-აირესშიც ისმოდა“, - წერს იდალგო Twitter-ის საკუთარ გვერდზე და გადარჩენილი რელიკვიების ნაწილის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.
გარდა ამისა, ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მრგვალი სარკმელები, სავარაუდოდ, განადგურდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება. ამასთან, ფრანგი მილიარდერი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს.