„სახლიდან უყურებდით ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და ამ ბრძოლის მინუსად გამოცხადება არის ზნეობა?!“

„სახლიდან უყურებდით ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და ამ ბრძოლის მინუსად გამოცხადება არის ზნეობა?!“

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ლიდერებს, რომლებიც „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე იყვნენ,0 3%–იანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებათ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 3%–იანი ბარიერის პირობებში მაღალი ცდუნებაა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ახალი პარტიები ჩამოაყალიბონ. იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციური სპექტრი გაჯანსაღდება, კობახიძეს განცხადებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას.

„თუმცა ასეთი სახეებით, ბუნებრივია, ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემების განვითარებაში. ზოგად სურათს თუ ნახავდით, ლიდერებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ დარბაზში, აშკარაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%–იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ, ამ სახეებიდან გამომდინარე, ბუნებრივია 3%–მდე ასვლა არის ძალიან რთული. ძალიან ხშირად ჭარბობს ხოლმე სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციაში არაჯანსაღი ვითარება არის და თითქმის მონოპოლიზებული აქვს ოპოზიციური ნიშა „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიას, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდმარის განცხადებით, მათ ინტერესში არის ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების გაჩენა, რომელიც ამ ნიშას წაართმევს „ნაციონალურ მოძრაობას“.

ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი მომხრეები არსებობენ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, როცა ყოფილი მეგობრები და მეუღლეები ერთმანეთს სცილდებიან და კონკრეტულ საკითხებზე კატეგორიულად განსხვავებული აზრი აქვთ. როგორც დეპუტატი აცხადებს, ხელისუფლებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ პრაგმატული და ლოიალური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს.

„არის საზოგადოება, რომელსაც პოზიტიური განწყობა არ აქვს იმის მიმართ, რასაც ხელისუფლება სასამართლოსთან მიმართებაში აკეთებს. ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და „დაიცავი საქართველოს“ შეუერთდა, საზოგადოებას სრულ ინფორმაციას არ აძლევს და თავი ერთადერთ ავტორიტეტად წარმოუდგენია. საჭიროა მეტი ინფორმაცია და პროფესიონალური ანალიზი. ხელისუფლება სიტუაციას სიღრმისეულად აანალიზებს და ამაზე ვრცლად, გულახდილად ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კობახიძის რჩევას, რჩევითვე პასუხობს „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი დავით მაღრაძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს, „ქართული ოცნება“ რა პროცენტებს მიიღებს, იმაზე იფიქროს ურჩევნია – წითელ და მწვანე ღილაკებში გაერკვნენ. როგორც მაღრაძე აცხადებს, პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას არ აპირებს და 2020 წლის არჩევნებში ამომრჩევლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას და არა ასარჩევის.

„ამაზე მინდა ვუპასუხო ბატონ ივანიშვილს, რადგან კობახიძეს არ მგონია თავისი აზრი გააჩნდეს. ჯერ ერთი, მე არანაირი პარტია არ დამიფუძნებია, არც ვაპირებ მომავალში დავაფუძნო, ან რომელიმე პარტიაში გავწევრიანდე. მკაფიოდ განვაცხადე, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ვაპირებ. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობის დასაწყისი და არა პოლიტიკური პარტიის შექმნის მცდელობა. შეიძლება, სამომავლოდ ეს მოხდეს, მაგრამ მე ახლა პოლიტიკურ, აქტიურ მოღვაწეობას არ ვაპირებ, ამიტომ 2020 წლის არჩევნებში მე ამომრჩევლის სტატუსით მივიღებ მონაწილეობას და არა ასარჩევის.

წითელ და მწვანე ღილაკებში გაერკვნენ, პროცენტებში გაერკვნენ და საერთოდ, მხარდამჭერი ჰყავთ თუ არა, ამაშიც გაერკვნენ. რა ზნეობაა, სახლში იჯექით და იქიდან უყურებდით ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და აი, ამ ბრძოლის მინუსად გამოცხადება, თუ არის ზნეობა?! ეროვნული ამოცანის ხარისხში ავა ის, რომ „ოცნება“ უნდა ჩამოსცილდეს ხელისუფლებას ისე, რომ „ნაციონალები“ არ მობრუნდნენ“, – აცხადებს დავით მაღრაძე.

საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე არ არის და ურჩევს ამ ველზე არ შევიდეს. შაქარიშვილი კობახიძის საპასუხოდ აცხადებს, ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიფით გაგრძელებული, კობახიძემ მოატყუა, როცა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში ბიძინა ივანიშვილი მიიყვანა და წაგებულ არჩევნებში გამარჯვება აზეიმა.

„ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები ჩვენ უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია, არ შევიდოდი. თანაც ჩვენ ვიცით, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური ერთხელ უკვე აუწიეს.

ვურჩევდი, რომ ამ ველზე ისედაც შესული არიან, მაგრამ უფრო სიღრმეებში ნუ შევლენ. ინტელექტუალურ კრიზისში არიან იმ ოთახში, სადაც ეს მესიჯბოქსი იწერება.

ლოგიკურად არ იხსნება, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ხელისუფლებაში ვიყავი და წავედი ოპოზიციაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი? – ცოტა ტვინი დაატანონ, რასაც ლაპარაკობენ“, – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სჭირდება დაცვა ივანიშვილისა და სააკაშვილის დამანგრეველი ურთიერთქიშპობისგან. როგორც დავით უსუფაშვილი აცხადებს, მოუსმენს ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით, არა ნაციონალური რევანშით ან რუსული ზღაპრებით.

„ოცზე მეტი პოლიტიკური ძალა ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. იქ არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ნატო–ს კურსში ეჭვის შემპარველი ხალხიც და ბევრი სხვა, მაგრამ გვაერთიანებს ის, რომ პროპორციულ არჩევნებს ვითხოვთ ყველას.

თუ ამ პოლიტიკურ პროცესს შემოუერთდება ახალი სუბიექტი, ის თავად განსაზღვრავს თავის პოზიციონირებას და თავის ადგილს. საქართველოს სჭირდება დაცვა ივანიშვილის და სააკაშვილის დამანგრეველი ურთიერთქიშპობის და ამ მოჯადოვებული წრისგან. „შენების მოძრაობამ“ ორი წლის წინ გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაცმოძრაობით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რამდენად შეძლებს „დაიცავი საქართველო“ გახდეს მესამე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, რომელიც პოლიტიკურ კონკურენციას გაუწევს მმართველ ძალას, მაშინ როდესაც ამ მოძრაობასთან უკვე ასოცირდებიან უმრავლესობიდან გასული დეპუტატები, მათ შორის ეკა ბესელია, რომლის მიმართ უკმაყოფილება საკმაოდ დიდია ამომრჩევლებში?

ანალიტიკოსის გია აბაშიძის შეფასებით „დაიცავი საქართველოს“ უამრავ შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, სახალხო მოძრაობად დარჩება, თუ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდება.

„ჩვენ ასევე გვესმის და თავად ბესელიამაც თქვა, რომ ცალკე პარტიას გააკეთებს. ეჭვი მეპარება, რომ ბესელიას მიერ დაფუძნებულ პარტიას ჰქონდეს რაღაცა პოლიტიკური რეიტინგი. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ აუცილებელია ძლიერი კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები.

გარდა იმისა, რომ „დაიცავი საქართველოს“ წევრებმა არანაირი პროგრამა არ წარმოადგინეს, არანაირი პოლიტიკური ორიენტირი არ გვითხრეს, ცენტრისტები არიან, მემარჯვენეები, მემარცხენეები, კონსერვატორები თუ ვინ? გარდა ამისა, არ ვიცით ერთიანდებიან ბიძინა ივანიშვილის წინაარმდეგ, თუ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წინააღმდეგ, ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ ვისზე არიან განაწყენებული“, – ამბობს გია აბაშიძე.

მისი თქმით, ქართულმა პოლიტიკურმა ველმა უკვე გაიარა პროცესი, როდესაც პარტია ვიღაცის ჯინზე და ვიღაცის მოსაშორებლად იქმნებოდა. შესაბამისად, არ ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი პერსპექტიული იყოს.

„პერსპექტული იქნება სიახლეების შემოთავაზება, პარტიული, ეკონომიკური და სოციალური პროექტების მიხედვით და არა ვიღაცის ჯიბრზე რაღაცის გაკეთება. წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ კონსტუქციულ ოპოზიცურ პარტიას, რომელიც ჟანგბადივით გვჭირდება, მაგრამ დღეს არსებული რეალობით ჩვენ გვაქვს ორი პოლიტიკური გრავიტაციის ცენტრი – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდება ახალ პოლიტიკოსებს, თუ ძველებს და ახალ გადარქმეულებს, რომ შექმნან პოლიტიკური გრავიტაციის ველი. შექმნიან კი ისინი 2020–მდე? – არ ვიცით.

მაგრამ „დაიცავი საქართველოს“ კიდევ სხვა პრობლემა აქვს, მათზე როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ ეჭვიანობს და ერთმანეთის მომხრეობას აბრალებს. ამისათვის, როგორც ნორმალურ პოლიტიკურ პარტიას ახასიათებს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოუწევს ჩამოაყალიბოს თავისი პოლიტიკური პლატფორმა, სამოქმედო გეგმა.

აუცილებელი არ არის ვიღაცა პიროვნებების ჯიბრზე და წინააღმდეგ გაერთიანება. ასე პოლიტიკაში შორს ვერ წავლენ ქართული პოლიტიკური ძალები, დაგვრჩება ისევ ის, რაც გვაქვს. ამიტომ, ჩვენ ამომრჩეველს გვირჩევნია გვქონდეს ჯანსაღი პოლიტიკური გარემო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

Maverick ჯობს ყველამ "თავის ... მამიდას მიხედოს"!
რას აიფოფერეთ?!

არ მივდივარ პოლიტიკაში, მაგრამ საზოგადოებასთან ერთად ცელს გამოგისვამთ საფხან ალაგასო, ეს კაცი გეუბნებათ და თუ ... გაქვთ ნუ გამოასმევინებთ.

არადა, ჩასვრის მერე ფუიიი, რაც არ უნდა ამტკიცოთ როგორი სუფთა ჰაერი და კაი სურნელი ტრიალებსო, ვერ გიშველით!

მაგ "საამო" სურნელი მთელი ცხოვრება გაგყვებათ!!!
5 წლის უკან