ინგუშეთში საპროტესტო აქციების ლიდერები: ბარახ ჩემურზიევი, აჰმედ ბარახოევი და მუსა მასლაგოვი დააკავეს. Кавказский Узел-ის ცნობით, მათ სასამართლოს გადაწყვეტილებით ორთვიანი პატიმრობა მიესაჯათ. სამივე დაკავებული ინგუშეთის ეროვნული მოძრაობის კომიტეტის წევრია.
ისინი ჯერ 3 აპრილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, დაკავების მიზეზად კი აქციის ჩატარების წესების დარღვევა დასახელდა. საუბარია მარტის ბოლოს, ინგუშეთის დედაქალაქ მეგასში გამართულ მიტინგზე, რომლის დროსაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
ამ ვადის გასვლის შემდეგ, 13 აპრილს ისინი ხელმეორედ, სხვა ბრალდებებით დააკავეს. მალსაგოვი ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობისკენ გაკეთებული მოწოდებების გამო დააკავეს, ჩემურზიევი და ბარახოევი კი - ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ ძალადობის მცდელობისთვის.
27 მარტს მეგასში რეფერენდუმის შესახებ კანონის შეცვლის წინააღდეგ გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის ლიდერის გადაყენებას მოითხოვდნენ, რომლის დროსაც მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის სასაზღვრო შეთანხმების საქმე გასული წლის შემოდგომაზე განსახილველად მიიღო.
ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადი შეიტანა და სასამართლოს სთხოვა დაედგინა, შეესაბამება თუ არა რუსეთის კონსტიტუციას ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის შეთანხმება.
2018 წლის 16 ოქტომბერს, ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. შესაბამის დოკუმენტს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა 26 სექტემბერს მოაწერეს ხელი, 4 ოქტომბერს კი პარლამენტებმა მათი რატიფიცირება მოახდინეს, რასაც ინგუშეთში მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.
გასული წლის 30 ოქტომბერს, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო რესპუბლიკის კანონი, რომელმაც ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.