ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მას მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
„მე ერდოღანს მეგობრად ვთვლი, თურქი ლიდერი კი „ძმად“ მომიხსენიებს. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობები გვაქვს. კარგად გვესმის ერთმანეთის და ყველა საერთაშორისო სარბიელზე საერთო პოზიციებზე ვდგავართ.
ყოველთვის ვთხოვ ღმერთსა და ალაჰს, რომ ძლიერ და მდიდარ თურქეთს და ბელარუსს შორის კარგი ურთიერთობების განვითარებას არაფერმა შეუშალოს ხელი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ორივე ქვეყანას რთული გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა და ეროვნული ინტერესების დაცვის გამო დასავლეთის მხრიდან კრიტიკა აერთიანებს.
„ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც თურქეთი, გახდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცენტრი, სადაც არაერთი გაერთიანებისა და სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.