„შევქმნათ ახალი პოლიტიკური ასპარეზი, რომ 2020 წლის საარჩევნო ბიულეტენებში გავაჩინოთ ღირსეული არჩევანი“, – ასეთი გზავნილი მიიღო მოსახლეობამ „დაიცავი საქართველოს“ წევრებისგან, რომელთა შეფასებით, მოძრაობის მხარდამჭერები თანხმდებიან იმ ძირითად პრინციპებზე, რომელზეც დგას და უნდა იდგეს სახელმწიფო.
ფილარმონიაში შეკრებილებმა მოძრაობის მხარდამჭერებისგან პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღეს, თუმცა მოძრაობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „დაიცავი საქართველოს“ რიგებში ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, მაგრამ არ იქნებიან მურუსიძეები და ზარდიაშვილები.
დავით მაღრაძის განცხადებით, ორგანიზაციის განზრახვა არის ის, რომ ხვალინდელი დღე გაანთავისუფლონ ამ ორპოლუსიანი დახუთულობისგან.
„მოძრაობის მიზანი ემსახურება იმას, რომ მათი წუხილი პოლიტიკამდე მიიტანონ. დღეისათვის არსებობს ორი პოლიტიკური პარტია, რომელთაგან უკეთესი მომავლის შექმნის შთაბეჭდილებას არც ერთი ტოვებს. სიტუაცია ჩვენი აზრით, ჩვენი თვალსაწიერიდან ისეთადაა დანახული, რომ შეიძლება მოახლოებული იყოს ბევრი საფრთხე, რომელიც გვინდა ავიცილოთ და არჩევნებზე უფრო მხნედ წავიდეთ.
არჩევნებზე წელგამართულები გვინდა წავიდეთ და ხმა მივცეთ არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ იმედი გვქონდეს ვიღაცის, ისეთის ვიც ჩვენს გულისტკივილს მერე პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის მთელი ჩვენი განზრახვა. ამ ორი პარტიიდან დღეს, ვერც ერთი ვერ ტოვებს იმის შთბეჭდილებას, რომ ჩვენს საწადელს და გულისწუხილს მიიტანს ქართულ პოლიტიკაში და თავის ენერგიას მოახმარს იმას, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე გათენდეს“, – აცხადებს დავით მაღრაძე.
მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეუერთდა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი საკრებულოში ვატო შაქარიშვილი, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბალი რანგის მოძალადეებისა და ჯალათების ოცნებების ახდენის ასპარეზად. მისი თქმით, აღნიშნული მოძრაობისგან ისეთი პოლიტიკური შემადგენელი დაიბადება, რომელიც 2020 წელს ადამიანებს ღირსეული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.
„ქართული ოცნება“ დღეს აღარ არის „ქართული ოცნება“. ეს გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ დაბალი რანგის მოძალადეებისა და ჯალათების ოცნებების ახდენის ასპარეზად. საქართველოს იმ მოჯადოვებული წრისგან დაცვა უნდა, რაც ამ ორი ძალის დაპირისპირებისგან შეიქმნა.
დღეს ჩვენთვის არის ასპარეზის გახსნის დღე და შემდგომში მთელი პროცესი მოემსახურება იმას, რომ პოლიტიკური შემადგენელი ისეთი დაიბადოს, რომელიც ადამიანებს 2020 წელს ღირსეული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს და ქვეყანას კვლავ არ დააყენებს რევანშის საფრთხის წინაშე. ამას ვგრძნობთ ის ადამიანები, ვისაც ამომრჩევლის, მოსახლეობის, ჩვენი ქართული საზოგადოების პულსაციაზე გვიდევს ხელი“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
შეძლებს თუ არა „დაიცავი საქართველო“ გახდეს მესამე ძალა? - ეკა ბესელიას განცხადებით, ის შესაძლოა იყოს პირველიც. უმრავლესობის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვითარება შესაცვლელია. წარსულის აღზევება და დაბრუნება, დღეს მისი ახალ სამართლიანობად გასაღება – ეს მიუღებელია ყველასთვის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა ამ ბრძოლას.
„ალბათ, მთავარი გზავნილი იქნება, რომ არასდროს უნდა დავბრუნდეთ წარსულში. არც მათი რეანიმაცია არ შეიძლება, რასაც დღეს, სამწუხაროდ, მმართველი პარტია და ჩემი ყოფილი თანაგუნდელები აკეთებენ. მიუღებელია, როცა მეუბნები, რომ მერე რა მოხდა, ისინი ცუდები იყვნენ და მერე კარგები გახდნენ და მოდი, ისევ ავირჩიოთო. ამან გაყო ჩვენი გზები დღეს, მაგრამ ვერ გაყო იმ ადამიანების გზები, ვინც ამ მარადიული ღირებულებების ერთგული დარჩა. ეს ალბათ, იქნება გზა ახალი პროცესებისთვის და მე მგონია, რომ ამას ექნება საინტერესო გაგრძელება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეძლებს თუ არა „დაიცავი საქართველო“ ოპოზიციური ელექტორატის დიდი მასივი მოიცვას, ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ამას უახლოესი თვეები აჩვენებს, რამდენად აქვს ქართველ საზოგადოებას გაერთიანების რესურსი.
„ქვეყანაში შექმნილია ახალი პოლიტიკური ძალის გამოსასვლელად ყველა პირობა. შეძლებს თუ არა „დაიცავი საქართველო“ ოპოზიციური ელექტორატის დიდი მასივის მოცვას, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს, თუმცა „დაიცავი საქართველოს“ გარდა კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი აპირებს სივრცეში შემოსვლას. თუ ისინი შეძლებენ გაერთიანებასა და დიდი ქოლგა ორგანიზაციის შექმნას, იდეალური ვარიანტი იქნება, თუ არადა, მოუწევთ ცალ–ცალკე, პატარა და ლოკალურ ამომრჩეველზე მომუშავე ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების სახით მიიღონ მონაწილეობა 2020 წლის არჩევნებში. უახლოესი თვეები აჩვენებს, რამდენად აქვს ქართველ საზოგადოებას გაერთიანების რესურსი“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
რამდენად შეძლებს „დაიცავი საქართველო“ გახდეს მესამე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, რომელიც პოლიტიკურ კონკურენციას გაუწევს მმართველ ძალას? პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს შეფასებით, ფილარმონიაში გამართული შეხვედრის მიხედვით ძნელია ამის თქმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამომსვლელებში თითქმის ყველა იყო პოლიტიკაში ჩართული, თავყრილობა ჯერ არ იძლევა მესამე ძალის შექმნის საფუძველს.
„არ გაკეთებულა პოლიტიკური პროგრამის პრეზენტაცია. საუბარი არ ყოფილა პოლიტიკურ გეგმებზე, მთლიანად ღონისძიების პროდუქტი არ იყო პოლიტიკური, ისევ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფარდულში წავიდა. ამიტომ, რთულია იმის თქმა, არის თუ არა მესამე ძალის შექმნის მცდელობა. პოლიტიკური გეგმების გაჟღერების შემთხვევაში ნათელი იქნებოდა მესამე ძალის შექმნის მცდელობა. ასეთი რამ ამ შეკრებაზე არ ყოფილა და ალბათ, სწორი იყო, რადგან ჯერ უნდა გაცოცხლდეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მერე შეიძლება პოლიტიკური მიზნებზე საუბარი“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
„ოცნებაზე“ გაბრაზებულები ცდილობენ, რომ შექმნან ახალი პოლიტიკური ასპარეზი, რომ 2020 წლის საარჩევნო ბიულეტენებში გააჩინონ ღირსეული არჩევანი, თუმცა რამდენად აქვს ამის დრო მმართველ გუნდს, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ძნელი სათქმელია. მისი თქმით, იქ მყოფ საზოგადოებას პოლიტიკური მოლოდინი ჰქონდა, პოლიტიკას ელოდება, რაც არ გაჟღერებულა.
„საზოგადოებრივი მოძრაობა, რომ პოლიტიკურ პროცესებს მიუახლოვდეს პოლიტიკური მენეჯმენტი სჭირდება. სურვილი არის, მაგრამ იმ შეხვედრაში არ იყო ეს ღირსეული არჩევანი დაბადებული, ასეთ შემთხვევაში რთული იქნება მესამე ძალაზე საუბარი.
როდესაც ადამიანები ქორწიდებიან, ზეიმი აქვთ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მერე ბავშვი უნდა გაჩნდეს, მაგრამ 2020 წელს გაჩნდება თუ არა ბავშვი, ეს დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა პოლიტიკური მენეჯმენტი. თუ იქნება პოლიტიკური მენეჯმენტი, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ბავშვის გაჩენას დიდი დრო არ სჭირდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, საზოგადოებაში თანდათან მწიფდება აზრი, რომ საზოგადოებაში საჭირო არის მესამე ძალის გაჩენა, მაგრამ იქნება თუ არა თავად „დაიცავი საქართველო“ მესამე ძალა, ძაბირაძის განცხადებით, ეს კითხვა ჯერჯერობით ნაადრევია. თუმცა თვლის, რომ სწორია დევიზი – შეიცვალოს ხელისუფლება ისე, რომ არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“.
„როდესაც მოსახლეობასთან ხდება შეხვედრა, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი უნდა თქმულიყო პოლიტიკურ გეგმაზე - რას და როგორ აპირებენ, უფრო მკაფიოდ გამოეხატად თავიანთი პოზიცია. ამიტომ თქმა იმას, რომ ამ ორგანიზაციაში არიან ადამიანები, ვისგანაც უნდა ველოდოთ მესამე ძალას, ასე არ ჩანდა და არც ველოდებოდი.
ბევრს აქვს პრეტენზია მესამე ძალაზე, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოჩნდა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოახერხებს გახდეს მიზიდულობის ცენტრი. გასაგებია, რომ საზოგადეობაში გაჩნდა მოთხოვნა ახალ ძალაზე, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი კონტურები არ გამოჩენილა“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, მესამე ძალის კონტურები შემოდგომაზე გამოჩნდება, თუმცა მანამდე იქნება დუღილი და ამ დუღილიდან ჩამოყალიბდება შეიქმნება თუ არა მესამე ძალა.
„ბევრ კითხვას გასცემს პასუხს შუალედური არჩევნები. ჯერჯერჯობით ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს 2003 წლის სცენარის განმეორებას, „ქართული ოცნება“ ცდილობს შეინარჩუნოს 2012 წლის სცენარი. ორივე პოლიტიკური ძალა ძველი სცენარის რეანიმირებას ცდილობს. ამას ემატება ისიც, რომ ორივე პოლიტიკურ ძალას გააჩნია მძლავრი საინფორმაციო საშუალებები – ტელევიზიები, რაც ხელს უწყობს საზოგადოების არა მარტო გახლეჩვას, არამედ დაპირისპირებაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და ძალიან ცუდი მიმართულება, რომლისგანაც პოლიტიკურმა პარტიებმა კი არა, საზოგადოებამაც უნდა იფიქროს თავის დაღწევაზე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.