ქურდები და ფინანსები

ქურდები და ფინანსები

 

„ნაციონალური მოძრაობისგან“ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ სოციალური ქსელებით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ხმები დადის ხალხში და „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმაც ამ თემას სპეცილური ბრიფინგი მიუძღვნა - ყველა გააფრთხილა, რომ ყოფილი მმართველი პარტია გულხელდაკრეფილი არ ზის, არეულობისთვის ამზადებს ნიადაგს და ფრთხილად იყავითო.

რამ შეიძლება გამოიწვიოს დღეს საზოგადოების შეშფოთება ორ ძირითად ნაწილად იყოფა. ერთია კრიმინოგენული ვითარების დამძიმება, მეორე - ფინანსური ნაწილი - გავრცელებული ინფორმაციით, ხაზინა ცარიელდება.

ქურდები და ქურდობები

უკვე ხდება წვრილ-წვრილი ქურდობები თუ ვითომ ქურდობები, ხულიგნობები თუ ვითომ ხულინობები. ჯერ თითქოს, ცნობილ უდესიანის რაზმზე ითქვა, რომ შეგნებულად ძაბავდა სიტუაციას, შემდეგ თავად უდესიანმა გაავრცელა განცხადება, უდანაშაულო ვარ და ცილს ნუ მწამებთო.

„ბათუმი და ბათუმელები“ ასევე სოციალური ქსელებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აჭარის კუდის უფროსი თემურ პატარიძე, ყოფილ პატიმრებს ვისაც პირობითი სასჯელი აქვს, შანტაჟით და მუქარით აიძულებს ოქტობრის განმავლობაში, განსაკუთრებით თვის ბოლოს, დაიწყონ მოქალაქეების ძარცვა და ბანდიტიზმი ქალაქში. ეუბნება მათ, რომ ექვს თვეში ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და აქვთ ამისი გეგმა. აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია სარწმუნოა და ამაზე საუბრობს ათობით ყოფილი პატიმარი, რომლებიც არ აპირებენ ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობას.

მსგავს ინფორმაციას სპეციალურად ავრცელებენ საზოგადოებაში, პანიკის გამოსაწვევად თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც რაღაცისთვის ემზადება, ეს აუცილებლად გაირკვევა, თანაც ძალიან მალე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფრის პროვოცირება იმ ტონმა გამოიწვია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს არჩევნების შემდეგ პირველი პრესკონფერენციისას ჰქონდათ. დავით ბაქრაძემ და აკაკი მინაშვილმა ღიად თქვეს, რომ ოპოზიციაში კი არა, „ჩასაფრებაში“ გადადიოდნენ. შემდგომში უკვე მომლაპარაკებელი ოთხეულის - ბაქრაძე-ბოკერია-კუბლაშვილი უგულავას გუნდისგან ღიად ისმოდა აშკარად საქმიანი და სათანამშრომლოდ მზად მყოფი ადამიანების ტონი, თუმცა კულუარებში რას ავალებენ თავიანთ აქტივისტებს, ესეც მალე გაირკვევა, ისევე, როგორც ძალიან მალე გაიშიფრა, მაგალითად, ზუგდიდში არჩევნების გაყალბების სქემა.

კიდევ ერთი თემაა, ხმები საქართველოში ქურდების შემოსვლის შესახებ. ერთ-ერთმა გამოცემამ კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა აქ თავისათავად საეჭვოა ის წყაროები, საიდანაც შეიძლებოდა ეს ინფორმაცია გავრცელებულიყო. ამის გარდა, არც ის დავიწყებია საზოგადოებას, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ ნაციონალური ხელისუფლების თვალსაჩინო წარმომადგენელი, გივი თარგამაძე შეიმჩნეოდა კანონიერ ქურდებთან, მათ შორის ლაშა შუშანაშვილთან კავშირში.

რაც შეეხება საზღვარზე მოძრაობას, ჯერჯერობით, მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანა დატოვეს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თავის გუნდთან ერთად, რომელშიც მისი ძმა, მისი მოადგილე მეგის ქარდავა და კიდევ გუნდის რამდენიმე წევრი შედის - დავით ჭაკუა, გიორგი დგებუაძე (მასტერა) და ზურაბ მიქაძე. ისიც ცნობილია, რომ რამდენიმე მათგანი სამსახურებრივი ავტომანქანით გაიყვანეს ქვეყნიდან.

საზღვრის გადმოკვეთის შესახებ მსგავსი ინფორმაციები არ არის თუმცა, თუ ქურდების ძებნას ვიწყებთ, უმჯობესია ჩვენი ძალოვანებისან მივიღოთ ეს ინფორმაცია, რადგან საინტერესოა, იმ სამოცი კანონიერი ქურდიდან, რომელიც საპატიმროში ჰყავდათ, რამდენია დღეს ციხეში და რამდენი უცხოეთში.

ასტრონომიული პრემიები და ფულით სავსე ხაზინა

მეორე თემა, რომელიც საზოგადოებას აღელვებს არის ფინანსები. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხდება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ფლანგვა. დადასტურებული ინფორმაციაა, რომ თავდაცვისა და განათლების სამინისტროს ყველა თანამშრომელს გასული კვირის ბოლოს პრემიები გადაერიცხათ, არსებობს ინფორმაცია, რომ პრემიები ყველა სამინისტრომ გასცა. ჩვენი ინფორმაციით, ძალზე მაღალი პრემიები გაიცა მინისტრების გუნდის წევრებზე საუბარია დაახლოებით 50-70- კაციან გუნდებზე, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებს, პრემიები ხელფასის ოდენობით ჩაერიცხათ.

ისევ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სიტყვები რომ გავიხსენოთ, როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, ახალი ხელისუფლების თითოეულ ნაბიჯს გააკონტროლებენ და მერე არ თქვან, რომ ბიუჯეტში ფული არ დაგვხვდა და დაპირებებს ამიტომ ვერ ვასრულებთო.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხაზინაში იმდენი ფულია, რაც არასოდეს არ ყოფილა, ეროვნულ ბანკშიც არსებობს მყარი სავალუტო რეზერვები და ფინანსების კუთხით ახალ ხელისუფლებას პრობლემები არ შეექმნება.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ისინი განცხადებებს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ფინანსთა სამინისტროში შევლენ და ნახავენ რა მდგომარეობაა, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი, ნოდარ ხადური ამბობს, სამინისტროებს თუ  მხოლოდ პრემიები ჩაერიცხა, ეს ბიუჯეტს ვერ გააკოტრებს, ამ ეტაპზე მათ არაფრის თქმა არ შეუძლიათ და თუ აღმოჩნდება, რომ ბიუჯეტში რაღაც ისე არ არის, პასუხისმგებლობა მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას დაეკისრება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, საბიუჯეტო ორგანიზაციები ხელფასებს ვერ აიღებენ, ნოდარ ხადური ამბობს, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ თუ ეს ხარჯები გაწეულია ბიუჯეტის კანონის დარღვევით, ამაზე შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება.

„ჯერ არ ვიცით რა ხდება, მოდის ხმები, რომ თავდაცვისა და განათლების სამინისტროებში გაიცა პრემიები, მაგრამ პრემიებსაც გააჩნია. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მინისტრებზე, მათ მოადგილეებსა და დეპარტამენტის ზოგიერთ უფროსზე კოლოსალური თანხებია გაცემული. ყველამ კარგად გაიგოს, მათ შორის ფინანსთა სამინისტრომ და ხაზინამ, ასევე იმ სამინისტროების ხელმძღვანელობამ, ვინც ამას აკეთებს, თუ ეს კანონს არ შეესაბამება, იქნებიან ძალიან მკაცრად დასჯილები კანონმდებლობის შესაბამისად“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

მოკლედ, ძალიან მალე „ქართულ ოცნებას“ შეეძლება უკვე კონკრეტულად ილაპარაკოს რა მდგომარეობა დახვდება არა მხოლოდ ფინანსთა, ასევე სხვა სამინისტროებში.

ერთადერთ დახურულ და ხელშეუხებელ ზონად პრეზიდენტის ფონდი რჩება, სააკაშვილის თანხების კონტროლი მისივე განკარგულებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურს მიენიჭება. სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სახელმწიფო დაცვის სამსახურის დოკუმენტაციასაც განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს - რომელიმე ნაგავსაყრელზე დაწვა.

ალბათ, მალე ბევრი ისეთი ინფორმაციაც გამჟღავნდება, რაც კიდევ არაერთხელ აღაშფოთებს საზოგადოებას, თუმცა კოალიციის ლიდერი გვაიმედებს, რომ მალე ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება და მოწესრიგდება.