ევროკავშირი ქართულ არჩევნებს დადებითად აფასებს

ევროკავშირი ქართულ არჩევნებს დადებითად აფასებს

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციამ განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა, დადებითად აფასებენ.

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და აცხადებს, რომ არჩევნების „მთლიანობაში დადებითად წარმართვამ“ და ამომრჩევლის მაღალმა აქტივობამ „ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული განვითარების მიმართ “.

2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონი და საქართველოსთან ყველაზე მეტად დაახლოებული ევროკომისარი შტეფან ფიულე, საერთაშორისო დამკვირვებელთა დასკვნებს, კერძოდ – ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მოსაზრებებს გამოეხმაურნენ.

ეუთომ, რომელიც ადრე საარჩევნო კამპანიას აღწერდა, როგორც „უხეშსა და კონფრონტაციულს“, განაცხადა, რომ „მიუხედავად უაღრესად პოლარიზებული კამპანიისა, ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება თავისუფლად გამოხატა“.

არჩევნებმა „გვიჩვენა თავისუფლების ძირითადი პრინციპების ჯანსაღი პატივისცემა“, განაცხადეს მათ, „…და ჩვენ ველოდებით, რომ ამომრჩეველთა ეს მისწრაფება საბოლოო შედეგებში აისახება“.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს რაიმე მნიშვნელოვან შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა კამპანიას ჩრდილი მიაყენა „უზომო ჯარიმებმა და უმეტესად რეგიონალურ შტაბებში მომუშავე ოპოზიციონერების დაპატიმრებებმა“, დასძინა ეუთომ.

არჩევნებმა ერთმანეთს დაუპირისპირა ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილი პოლიტიკური ფიგურა – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი –ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავისი პირადი კაპიტალით მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში 153–ე ადგილზეა, რაც უხეში შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევრის ტოლფასია. იგი ბიზნეს და საქველმოქმედო საქმიანობის შემდგომ, რასაც თითქმის მთლიანად ფარულად ეწეოდა, პოლიტიკაში მხოლოდ გასულ ოქტომბერში გამოჩნდა.

ეს არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ ხელისუფლება 1991 წლის შემდეგ პირველად შეიცვალა საარჩევნო ურნების გზით. უფრო მეტიც, ეს იყო ექვსპარტიული ოპოზიციური კოალიციის – „ქართული ოცნების“ განსაცვიფრებელი გამარჯვება, რომელმაც აგვისტოში მმართველ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 37% –ით 13% –ის წინააღმდეგ გადაუსწრო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში 2004 წლიდან იყო.

საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ სააკაშვილმა 2ოქტომბერს ნაშუადღევს უკვე აღიარა დამარცხება და განაცხადა: „წინასწარი შედეგებით აშკარაა, რომ უპირატესობა ოპოზიციას გააჩნია და მან უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობა – და მე, როგორც პრეზიდენტი, მოვალე ვარ ამაში დავეხმარო“.

არჩევნების დღემდე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში 150 –დან 119 ადგილი ჰქონდა. ხმების 90% -ის დათვლის შემდეგ, 40%-იანი მხარდაჭერის ფონზე, ახალ პარლამენტში, სავარუდოდ, 60 ადგილს მოიპოვებს. ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 55% მოიპოვა, რაც 85 ადგილს გულისხმობს. დათვლის პროცესს შერეული საარჩევნო სისტემა ართულებს, რამდენადაც 73 ადგილი პირველ ადგილზე გასული მაჟორიტარებისთვისაა განკუთვნილი.

„ვფიქრობ, სააკაშვილს შეუძლია თავისი ნებით გადადგეს“, განაცხადა ივანიშვილმა. „დღევანდელი მისი განცხადების შემდეგ, შემდეგი ნაბიჯი, ერთადერთი სწორი ნაბიჯი საკუთარი სურვილით გადადგომა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა იქნებოდა“.

სააკაშვილს ორი საკონსტიტუციო ვადა პრეზიდენტის თანამდებობაზე მომავალ წელს ეწურება, რის შემდეგაც 2010 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად, ძალაუფლების უმეტესი ნაწილი პრემიერ–მინისტრის ხელში გადადის.

ეს ორი ადამიანი ერთ დროს მოკავშირეები იყვნენ. ივანიშვილი საკუთარი სახსრებით მხარს უჭერდა სააკაშვილის რეფორმებს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ წლებში, როდესაც სააკაშვილი სათავეში ჩაუდგა სახალხო აჯანყებას პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ, რომელიც 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დომინირებდა საქართველოში.

ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის მიუხედავად, ივანიშვილმა სააკაშვილი მაინც არ დაინდო და საქართველოში რვა წლის მანძილზე პრეზიდენტის მიერ გატარებულ მოდერნიზაციას „ფასადური“ უწოდა.

ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ იგი აპირებს განაგრძოს სააკაშვილის პოლიტიკა ევროპასთან ინტეგრაციისა და NATO–ში გაწევრიანების გზაზე. „საგარეო პოლიტიკაში საკამათო არაფერია, ესაა ევროპა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და NATO. ამ მხრივ არაფერი შეიცვლება“, დასძინა მან.

მან აღნიშნა, რომ მისი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ, ალბათ, შეერთებულ შტატებში შედგება.

მან ასევე თქვა, „თუკი შემეკითხებით “ამერიკა თუ რუსეთი?“, გიპასუხებთ, რომ ჩვენ ყველასთან კარგი ურთიერთობა გვჭირდება“.

როგორც მდიდარი ქართველების უმეტესობამ, ივანიშვილმაც რუსეთში იშოვა ფული და მთელი კამპანიის პერიოდში მთავრობის პრეტენზიებს იგერიებდა – თითქოს კრემლის დაკვეთას ასრულებდა. ბრალდებების თავიდან აცილების მცდელობისას, ივანიშვილი, რომელიც საქართველოში 2003 წელს დაბრუნდა, ამბობს, რომ რუსეთში მთელი თავისი აქტივები გაყიდა, მათ შორის 1%–იანი წილი, რასაც იგი ერთ დროს რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომში“ ფლობდა.

რუსეთის პრემიერ–მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ეს პარლამენტში უფრო „კონსტრუქციული ძალების“ შესვლას მოასწავებს.

რუსეთთან საქართველოს მუდმივად დაძაბულ ურთიერთობას 2008 წელს კოლაფსი მოჰყვა, როდესაც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონთან საქართველოს ძალების შეტაკების შემდეგ ქვეყანაში რუსეთის ძალები შეიჭრნენ.

საქართველო, როგორც ჩანს, ახლა პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში შედის, რამდენადაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლების მისაღებად ემზადება, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გადაჯგუფების პროცესს განიცდის. „ქართული ოცნების“ ექვსი პარტიიდან ორი – ევროპულ ლიბერალურ- დემოკრატიულ და რეფორმისტულ პარტიებშია გაერთიანებული, თუმცა ის ასევე აერთიანებს იმ ადგილობრივ ცნობად ადამიანებს, რომელთაგან რამდენიმემ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში მკვეთრი ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა.

ახალი პარლამენტი ვალდებულია, პირველად არჩევნებიდან 20 დღეში ახალ ადგილას შეიკრიბოს – არა თბილისში, არამედ ქალაქ ქუთაისში.

მიმდინარე პერიოდისათვის აქცენტი მაინც ოპოზიციის შოკისმომგვრელ გამარჯვებაზე კეთდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ამ არჩევნებს ახასიათებს, როგორც „კიდევ ერთ ეტაპს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე“.
foreignpress.ge