დაზარალებული მენაშენეები გადამწყვეტ იერიშებეზე გადადიან

დაზარალებული მენაშენეები გადამწყვეტ იერიშებეზე გადადიან

არჩევნები როგორც კი დასრულდა, დაზარალებულმა მენაშენეებმა დამზარალებლების წინააღმდეგ აქციები ახალი ძალით განაახლეს. რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე „ცენტრ პოინტი“ და „დექსუსია“. ახლა სწორედ რომ გადამწყვეტი შეტევის დროა. რუსუდან კერვალიშვილი დეპუტატი აღარ არის, ხოლო მომავალი ხელსუფლება მაქინაციებში შემჩნეულ დეველოპერებს ძალიან ალმაცერად უყურებს.

დაზარალებულმა მენაშენეებმა კომპანია „დექსუსის“ წინ საკმაოდ ხმაურიანი აქცია მოაწყვეს და კონკრეტული მოთხოვნები წამოაყენეს: ისინი წლების განმავლობაში აშენებულ ბინებზე ყადაღის მოხსნას, ამ ბინების დაუყოვლებლივ მათ საკუთრებაში გადაცემას და დარეგისტრირებას და ასევე თანხების დაბრუნებას ითხოვენ. ამისთვის ისინი კომპანიას ერთ კვირას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უმკაცრეს ზომებს მიმართავენ.

მენაშენეებს ახალარჩეული მთავრობის დიდად ეიმედებათ და აცხადებენ, რომ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ. ისინი „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელებისა და დამფუძნებლების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. ამასთან, დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას ამ პროცესების მფარველობაში ადანაშაულებენ.

დაზარალებულთა მტკიცებით, მათ ბინების მშენებლობისათვის 300 მილიონზე მეტი თანხა აქვთ გადახდილი და დაახლოებით 6 000-ზე მეტი ადამიანია ამ მშენებლობებით დაზარალებული.

აქციის მონაწილეებს შეხვდა „დექსუსის“ დამფუძნებელი, ირაკლი კილაურიძე. იგი შეეცადა, რომ დაზარალებული მენაშენიანების კითხვებისთვის ეპასუხა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მისი პასუხები სათანადოდ არ მიიჩნიეს. კერძოდ, კილაურიძე აცხადებს, რომ დამატებითი თანხების გადახდის გარეშე, რომელიც თითოეულმა დაზარალებულმა მენაშენიანემ უნდა გადაიხადოს, მშენებლობას ვერ დაასრულებენ, ეს კი აქციის მონაწილეებში დიდ უკმაყოფილებას და პროტესტს იწვევს.

„შუალედური შედეგების მიხედვით, „დექსუსმა“ „ცენტრ პოოინტის“ მიერ შეჩერებული 13 ობიექტის მშენებლობა უკვე დაასრულა და 23 კორპუსზე მშნებლობა განაახლა, ჯამში კი 200 000 კვ/მ ფართობის მშენებლობა დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ცენტრ პოინტის“ რეაბილიტაცია საკმაოდ წარმატებული პროექტია.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, რომ სასწრაფო წესით შეწყვიტონ ხელშეკრულებები „დექსუსმა“ და „ცენტრ პოინტმა“ იმ ამხანაგობებსა და შპს-ებთან, რომელთანაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები მომხმარებლებს, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.  ხელშეკრულება გაფორმებულია „დექსუსსა“ და „ცენტრ პოინტის“ მფლობელებს - ყოფილ მმართველებს შორის და სამართლებრივად, ამ ხელშეკრულებების გაწყვეტა მხოლოდ ამ ორი სუბიექტის ერთობლივი პრეროგატივაა. აღნიშნული მოთხოვნით პირდაპირ ირღვევა სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთი ფუნდამენტალური დებულება - მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი.

ასევე მათი მოთხოვნა, რომ მომხმარებელთა მონიტორინგის ჯგუფს გადაეცეს უფლებამოსილება არსებული მდგომარეობის სამართლებრივი დასკვნებისა და ფინანსური შეფასების წარმოდგენისა, სამართლებრივად გაუმართლებელია და დაკავშირებულია მთელ რიგ საკანონმდებლო შეზღუდვასთან, როგორიცაა:

კომერციული საიდუმლოებისა და კლიენტთა პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებებთან, რომლის დარღვევაც ზიანის მომტანია პირველ რიგში „ცენტრ პოინტის“ მომხმარებლებისთვის, მათი ინტერესების დაცვა კი კომპანია „დექსუსის“ მთავარი ამოცანაა.  ასე რომ, აქციის მონაწილეთა ვერც ერთი მოთხოვნა, სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება“, - აღნიშნულია კომპანია „დექსუსის“ განცხადებაში, რომელიც აქციის მიმდინარეობის ფონზე გავრცელდა.

სხვათა შორის, ამ ორ ერთმანეთზე გადაჯაჭვულ კომპანიას პრობლემები მარტო თბილისში არ აქვს. მათ წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებენ რეგიონებშიც. მაგალითად, ბათუმში, ბაგრატიონისა და ხიმშიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში 65 ოჯახი ბინებს ითხოვს.  როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მირანდა ნატანიძემ ამბობს, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტს“ ბინების მშენებლობა 2009 წელს უნდა დაესრულებინა, მაგრამ ბინის მესაკუთრეებს საკუთრება უკანონოდ წაართვეს. 

„ცენტრ პოინტმა“ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა „დექსუს დეველოპმენტს“ გადასცა, ამ უკანასკნელმა კი - ბათუმის მერიას.  დაზარალებულების თქმით, ბათუმის მერიამ მათი ბინები უკანონოდ გაასხვისა.

„მერიამ წაგვართვა ბინები, ლევან ვარშალომიძეს ვთხოვეთ დახმარება, მან გადაგვამისამართა ფინანსთა სამინისტროსთან. ფინანსთა სამინისტრო შეგვპირდა დახმარებას, მაგრამ მოგვატყუა, არ დაგვეხმარა. ბათუმის მერიაც გვატყუებს, ვითომ დაგვეხმარება, მაგრამ, პირიქით, ბინები წაგვართვა. 

აფხაზეთიდან დევნილი ვარ. აფხაზებმა სახლი წამართვეს, ბათუმში ბინა ვიყიდე და მერიამ წამართვა. სადაა სამართალი, ვინაა უკეთესი ბათუმის მერია თუ აფხაზები? მათ შორის ვერანაირ სხვაობას ვერ ვხედავ“, - აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი დალი ნაჭყებია.